მოძველებული ლიტერატურა სკოლებსა და უმაღლესებში – რა წერია უახლეს ანგარიშში და რა მითითებები მიიღეს სხვადასხვა უწყებებმა სახალხო დამცველისგან
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, განათლების სისტემა ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ომბუდსმენი უახლეს ანგარიშში აღნიშნავს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეძღვნება, 2024 წელს დამტკიცებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტში ადამიანის უფლებათა სწავლება სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოყოფილი არ არის, სამოქმედო გეგმა არ მიუთითებს, რომ ზოგადი განათლების სისტემის გარდა, ფორმალური განათლების სხვა საფეხურებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ინტეგრირება სახელმწიფოს ამოცანაა.
სახალხო დამცველი, 2025 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, ადამიანის უფლებათა სწავლების კონტექსტში, ხაზს უსვამს, რომ განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიაში, ადამიანის უფლებათა სწავლება მინიმალურადაა ნახსენები, ხოლო სამოქმედო გეგმა, ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტებს ფორმალური განათლების არცერთ ეტაპზე არ მოიცავს.
უფრო კონკრეტულად, ომბუდსმენი უახლეს ანგარიშში სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებაში არსებულ კონკრეტულ ხარვეზზე საუბრობს და შესაბამისი უწყებების მიმართ რეკომენდაციებსაც გასცემს.
სკოლამდელი განათლება
საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წელს დაადგინა, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების აღმზრდელთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებების შესახებ მოდულს არ მოიცავს. ომბუდსმენმა დოკუმენტში დამოუკიდებელი მოდულის ინტეგრირების წინადადებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა, თუმცა 2024 წელს დოკუმენტში ცვლილებები არ შესულა, ამდენად:
-პროფესიულ სტუდენტებს, პროგრამის ფარგლებში, ბავშვის უფლებების/ადამიანის უფლებათა შესახებ შინაარსობრივი ცოდნის მიღების შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ.
-უმრავლეს შემთხვევაში, პროგრამის მონაწილე პროფესიულ მასწავლებლებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე ტრენინგები არ გაუვლიათ.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებზე ტრენინგების სისტემური ჩატარება კრიტიკულად აუცილებელია. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად კი, 2024 წლის განმავლობაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების, რეფერირების პროცედურებისა და სხვა უფლებრივ თემატიკაზე, ტრენინგები მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პერსონალს ჩაუტარდა; მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში შეიქმნა შინაარსობრივი ან მეთოდოლოგიური რესურსი ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორთა კვალიფიკაციის 5 წელიწადში ერთხელ გადამოწმების ვალდებულების მიუხედავად, 2024 წელს ეს ვალდებულება მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში შესრულდა.
ზოგადი განათლება
დოკუმენტის თანახმად, ხარვეზები სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების შეთანხმების პროცესში იკვეთება.
როგორც ომბუდსმენი წერს, 2024 წელს არ გამოცხადებულა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი და შესაბამისად, რეცენზირების პროცესი არ შემდგარა. საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ მოძველებული, 2018 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ისწავლება, რაც ადამიანის უფლებათა სწავლების სტანდარტებს არ შეესაბამება და ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას აფერხებს.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესის სათანადოდ განსახორციელებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ იგი წარიმართოს განახლებული და გრიფმინიჭებული, ან სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით, რადგან ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელოების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან თავსებადობა ექსპერტთა ჯგუფის მიერ წინასწარ ფასდება.
გრიფირებული მასალების პარალელურად, ან მათ ნაცვლად, სკოლა ვალდებულია, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით ასწავლოს. იმის მიუხედავად, რომ სახელმძღვანელოს შეთანხმების წესში სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრა; ასევე, სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებში, შინაარსობრივი რეცენზირების მსგავსად გაიწერა უფლებრივი კომპონენტები და ისინი „სხვა სპეციალისტის“ ფუნქციური დატვირთვის ნაწილად განისაზღვრა, გამოწვევად რჩება, რომ შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის წევრებისთვის შემუშავებული არ არის განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგ-პროგრამა ადამიანის უფლებებში.
უმაღლესი განათლება
სახალხო დამცველმა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე, მასწავლებლის განათლების 300-კრედიტიან პროგრამასა და განათლების მეცნიერებების/ადმინისტრირების პროგრამებში ადამიანის უფლებათა ინტეგრირების შესაფასებლად კვლევა დაიწყო. კვლევის ფარგლებში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამების მიმოხილვამ აჩვენა, რომ უფლებრივი კომპონენტი ინტეგრირებულია პროგრამაზე არსებულ ისეთ საგნებში, როგორიცაა: „ინკლუზიური განათლება“, „მულტიკულტურული განათლება“, „განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლები“ – ყველა ეს საგანი სავალდებულოა, თუმცა, მათი სწავლებისთვის გათვალისწინებული ლიტერატურა ყველა შემთხვევაში მოძველებულია. მეტიც, მინიმალურია ისეთი დისციპლინის არსებობაც, რომელიც სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თავისებურებებს ასახავს და ციფრული მოქალაქეობის კომპონენტს აერთიანებს.
ამავე ანგარიშის თანახმად, მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მათში უფრო მეტია ისეთი სავალდებულო საგნის რაოდენობა, სადაც უფლებრივი ნაწილია ინტეგრირებული, თუმცა, მასწავლებლის მომზადების პროგრამების მსგავსად, ლიტერატურა მოძველებულია.
იდენტური პრობლემა განათლების მეცნიერებების/ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების შეფასების დროსაც გამოიკვეთა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისი მასშტაბი გაცილებით მცირეა, უფლებრივი კომპონენტის ინტეგრირების დონე კი – მეტად მრავალფეროვანი.
აქედან გამომდინარე სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს.
რეკომენდაციები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:
1.შევიდეს ცვლილება „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მოდულში „მოქალაქეობა“ და განისაზღვროს შემდეგი:
-სწავლის შედეგად დადგინდეს, რომ სტუდენტი აცნობიერებს ადამიანის უფლებათა არსს და მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში;
სამიზნე ცნებების, „ძალაუფლების“ კომპონენტსა და მოდულის თემებს შორის დაემატოს ადამიანის უფლებები.
2. უზრუნველყოს გრიფირების გამოცხადება საგნისთვის, „მე და საზოგადოება“, სახელმძღვანელოს შესარჩევად, ან უზრუნველყოს მისი შეთანხმება დადგენილი წესით;
3.სასკოლო სახელმძღვანელოს შეთანხმების პროცესში უზრუნველყოს:
-ადამიანის უფლებათა საკითხებზე განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგპროგრამების შემუშავება და ჩატარება შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის;
-აწარმოოს შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის სხდომების აუდიო-ვიდეო ოქმი.
სახალხო დამცველი ცვლილებების რეკომენდაციებით მიმართავს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ცვლილებებით უნდა განისაზღვროს შემდეგი:
– ცოდნისა გაცნობიერების კომპონენტში დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს და მსჯელობს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებზე;
– სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების ნაწილს დაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი იმგვარად, რომ კურსდამთავრებულმა ადამიანის უფლებათა პრინციპების გამოყენება შეძლოს როგორც დაგეგმვის, ისე წარმართვისა და შეფასების ნაწილში;
– პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის ნაწილში, პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების ასპექტში, დაემატოს, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების პროცესში.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება