GE

„მოსე მწერლის“ პოზიცია გვაქვს იქნებ გაგვათავისუფლოთ”-რა უთხრეს პედაგოგებმა განათლების მინისტრს

განათლების მინისტრთან საუბრისას საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებმა არაერთი საკითხი წამოჭრეს, რომელიც სასკოლო რესურსს, სახელმძღვანელოებს, აბიტურის საათებს, „ყველაფრის წერის და ანგარიშის ჩაბარების“ პრობლემებს ეხებოდა.

„ქიმიკოსებს აკლიათ ის რეაქტივები, რომლებიც ცდის ჩატარებისთვის აუცილებელია.  ფიზიკოსებს გვაკლია ტექნიკური აღჭურვილობა. იქნებ, სასწავლო რესურსით შეივსოს სკოლა“ ;

„დაწყებით კლასებში „ისტის“ სწავლება  მათემატიკის ხარჯზეა. იქნებ ასე არ იყოს“;

„რუსული სექტორის სახელმძღვანელოები შეუსაბამოა  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან“;

„სახელმძღვანელოები უნდა შეიცვალოს. ბიოლოგიის ახლანდელი სახელმძღვანელოები  არ  შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც  ბავშვებს უყენებენ“.

„ჩვენს სოფელში სკოლა 120 წელია არსებობს, მაგრამ საკუთარი ჭერი არ გვაქვს“.

„1000-ლარიანი მასწავლებელი ვარ და ჩემი ხელფასი გაქვავებულია. რატომ არ შეიძლება ჩვენც მოგვემატოს?“

„აბიტურის საათები მეთერთმეტე კლასში იქნებ ჩაისვას და მეთორმეტეშიც სავალდებულო რომ იყოს, არ იქნება ცუდი“, – ამგვარი თხოვნებით, კითხვებით და მოსაზრებებით მიმართავდნენ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას იმ კონფერენციის განმავლობაში, რომელიც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით ტექნიკურ უნივერსიტეტში 5 ივლისს გაიმართა.

13612257_1614876482175903_6169161349729918813_nსამტრედიის მესამე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა იმ რუტინაზე ისაუბრა, რომელმაც მისი თქმით, მასწავლებლები „მოსე მწერლებად“ აქცია.

„ინკლუზიური განათლება აუცილებელი იყო, რომ  დაინერგა. ძალიან ბევრი ბავშვისთვის  იყო საშველი. ამას მოჰყვა სხვა რამ.  გვყავს 10 ბავშვი და 2 სპეცპედაგოგი. ჩვენ, მასწავლებლებს, იმდენი საშრომი გვაქვს: მე რომ ჩავატარო დამატებითი გაკვეთილი, უნდა გავწერო გეგმა, რა აქტივობები უნდა ჩავუტარო. ჩვენ „მოსე მწერლის“ პოზიცია გვაქვს. საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამ წერის გამო იმის დრო არ გვრჩება, რომ ბავშვთან მეტად ვიმუშაოთ. ვარგებთ სასწავლო გეგმას, ვაკეთებთ, მაგრამ იქნებ ამ რუტინული შრომისგან მასწავლებლები გაგვათავისუფლოთ, დეტალ-დეტალ ამდენი რომ არ ვწეროთ“, – აღნიშნა პედაგოგმა.

წალენჯიხის რაიონის სოფელ  ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგმა საკუთარი მოსწავლეების წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ წაახალისა მისი მოსწავლეები პროექტების განხორციელებისთვის, ხოლო რაც შეეხება მასწავლებელთა სქემაში მის მიერ გაკეთებული პროექტების ასახვას, მხოლოდ 2 ქულა მიენიჭა.

„სამი წლის განმავლობაში 16 პროექტი განვახორციელეთ და, სამწუხაროდ,  მოხდა ისე, რომ  ერთი უნდა წარმედგინა სქემაში და ამაზე მომცეს 2 ქულა. “სენმა“ საოცარი მუხტი მისცა ჩემს მოსწავლეებს ფოტოკონკურსის სახით და დააჯილდოვა. ახლაც ვაკეთებთ პროექტს, მაგრამ ამაზე მასწავლებელს არაფერი  ეძლევა“, -აღნიშნა პედაგოგმა და მიესალმა მინისტრის ინიციატივას, პროექტებით სწავლება მატერიალურადაც წახალისებული რომ იყოს.

შეხვედრაზე ოკუპირებუილი ახალგორის რეგიონის იკოთის საჯარო სკოლის პედაგოგმაც გამოთქვა თავისი გასაჭირი.

„ჩვენ ახალგორში გვაქვს 6 ქართული სკოლა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ  სკოლების დახმარება, რომლებსაც ძალიან უჭირთ, დაწყებული თვალსაჩინოებიდან, დამთავრებული სახელმძღვანელობით? 46 წელია პედაგოგი ვარ. ვასწავლი მშობლიურ ენას და ლიტერატურას და ასე გაჭირვებული ჩვენი სკოლები არ მინახავს.   ბევრი პრობლემაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იქ ხელი არ უნდა მოეშვას აღზრდას და ამაში ყველას დახმარება გვჭირდება. ყველა კუთხით. ცოტა ძნელია ასეთ რაიონებში და ასეთ ტერიტორიაზე მუშაობა. იქ სადაც ზოგიერთ ადამიანს კიდევაც ეშინია რაიმე კარგის კეთების“, – განაცხადა მასწავლებელმა.

მინისტრმა შეაგროვა პედაგოგთა მოსაზრებები და შეკითხვები და ერთიანად უპასუხა.

13626533_1614876368842581_778730899652667758_n (1)„პირველ რიგში, ჩვენ შევეცდებით დონორების დახმარება გამოვიყენოთ ახალი პროექტების დაფინანსებისთვის, რომ თქვენ ანაზღაურება ამაში მიიღოთ. ყველგან ვერ მივაღწიეთ შენობების რემონტს. პირობას გაძლევთ, მეტი დაიხარჯება ამაზე, ინფრასტრუქტურის მიხედვა გრძელვადიანი ამოცანაა. ჩემი დამოკიდებულება ძალიან პასუხისმგებლობიანია ინფრასტრუქტურის ნაწილში.

არავის ჰგონია, რომ ფულის შოვნის კარგი მექანიზმია მასწავლებლობა, მასწავლებლობა სინამდვილეში ღირსეული საქმის გაკეთების  შესაძლებლობაა, კვალის დატოვების შესაძლებლობაა  რაიონში, სოფელში იქნება ეს თუ ქალაქში. მეორეს მხრივ, ამას უნდა ახლდეს ღირსეული ანაზღაურება.

ადამიანი არის ძალიან რთული ქმნილება, რომელსაც ლარებში და დოლარებში ვერ გაზომავ, ეს ისე არ გაიგოთ, რომ ხელფასების მომატებას არ ვაპირებ. ვაპირებ, მაგრამ მეორეს მხრივ, ვაპირებ სხვა რაღაცეებზე  გავაკეთო აქცენტი და მგონია, რომ მოკლევადიან პერიოდში უფრო დაგეხმარებით პროგრამის გაუმჯობესებით, სამართლიანობის შეგრძნების გაზრდით, საპროექტო სამუშაოს ხელშეწყობით, უსამართლო ელემენტების, თუნდაც სქემაში აღმოფხვრით. თუნდაც ახლა აბსოლუტურად სამარცხვინოა ეს ორი ქულის ამბავი, რაც ქალბატონმა ბრძანა. შეურაცხყოფაა ადამიანის. ამას არც ერთი ლარი არ აბალანსებს. არ არსებობს არც ერთი ლარი, რომელიც ამას დააბალანსებს. ეს მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოგიხადოთ ისტორიული უსამართლობისთვის.

შევეცდებით იმ ამაგს, რომელიც თქვენ გასწიეთ, მინიმუმ ადამიანური პასუხი გავცეთ. ეს განწყობა აქვს პრემიერსაც, მთელ მთავრობასაც. მე სანამ აქ ვიქნები, თქვენ უბატონოთ ხმას ვერავინ გაგცემთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზეც გააკეთა კომენტარი.

„პირადი ღირსების საკითხი იქნება, კონფლიქტურ რეგიონებში მყოფ მასწავლებლებს მივხედოთ, პირველ რიგში. მივხედოთ მაღალმთიან რეგიონებში მყოფ მასწავლებლებს. იქ რაოდნობა უფრო მცირეა. აქ ახალგორიდან იყო მასწავლებელი, ჩვენ თუ მას და მის კოლეგებს არ მივხედეთ, კაპიკი იქნება ჩვენი ფასი, როგორც სისტემის, ასევე სახელმწიფოსი. ყველას ერთად ვერ მივხედავთ, მაგრამ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.

13625375_1614876365509248_1435277688800118524_nგანათლების მინისტრთან პედაგოგების შეხვედრა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძემ შეაფასა.

„პედაგოგთა პროფკავშირების ეგიდით ჩატარებული ღონისძიება მასწავლებლებს აძლევს  მინისტრთან ურთიერთობის საშუალებას. პედაგოგებმა თავისუფლად გამოხატეს თავიანთი მოთხოვნები, მათი შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სახელმძღვანელოებს, ვინაიდან სახელმძღვანელოებში არის თემატური შეცდომები და აცილებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამავე დროს პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების მოთხოვნებს. ასევე მისასალმებელია, თავად განათლების მინისტრის გადაწყვეტილება, პედაგოგებს მოუსმინოს და უშუალოდ მათგან, რეფორმის შემსრულებლებისგან, მიიღოს ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ. მინისტრთან შეთანხმებულია,  რომ საგნობრივი კათედრების მიხედვით შეხვედრები სექტემბრიდან ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა მაია კობახიძემ.

რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის გასაჩენად

2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური