„მოსწავლეები სადაც იყვნენ შეჩერებულები პანდემიის დაწყებისას, იქიდან უნდა დაიწყოს გამეორება“ – რა მივიღეთ ერთ წელში?
კორონავირუსის პანდემიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ერთი წელი და ორი თვე გავიდა. ამდენივე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო სენმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი რეალობა შეუქმნა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში აქამდე წარმოუდგენელი გადაწყვეტილებების მიღება აიძულა.
ერთი წლის წინ, როცა სკოლებში შექმნილ სირთულეებზე ვწერდით, განათლების სპეციალისტები სამინისტროს გადაწყვეტილებებს მეტ-ნაკლები გაგებით ეკიდებოდნენ. ამბობდნენ, რომ მათ არჩევანის საშუალება, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ და ესმოდათ, თუ რატომ არ გამოაცხადა უწყებამ გასული წლის მეორე სემესტრი აკადემიურად. თუმცა, აქვე იმასაც დასძენდნენ, რომ მთავარი იყო, რა მოხდებოდა სექტემბრიდან – „ყველა შემთხვევაში, პროგრამაში მნიშვნელოვანი – 3,5-თვიანი ჩამორჩენა იქნება და თუკი ამ ჩამორჩენაზე თვალს დახუჭავენ, ჩაფარცხავენ და მომდევნო კლასის პროგრამას ისე გააგრძელებენ, ვითომ ეს პროგრამა გავლილია, არსებით შეცდომას დაუშვებენ“, – ასეთ კომენტარებს ვისმენდით მაშინ განათლების სფეროს ექსპერტებისგან.
ახლა, როდესაც სპეციალისტებს მივმართეთ კითხვით, თუ რა ეტაპზე არიან სკოლები, რისი გამოსწორება მოხერხდა ამ ერთი წლის განმავლობაში და გაუარესდა თუ არა განათლების ხარისხი, მათ გვიპასუხეს, რომ უწყებამ უბრალოდ დინებას მიყოლა და პრობლემებზე თვალის დახუჭვა ამჯობინა.
ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ განათლების სამინისტრო, პანდემიის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებასა და 2020-2021 სასწავლო წლის შესრულებულად გამოცხადებას აპირებს. ეს კი, ძველებურად, 15 ივნისს მოხდება, როცა სასწავლო წელი დასრულდება. ამ თარიღის გადაწევა არც პროგრამის განმტკიცების მიზნით იგეგმება და არც იმ დაუგეგმავი არდადეგების გამო, რომელიც, მთელ ქვეყანას სააღდგომოდ გამოეწერა. ამ დღეების ჩამორჩენის ანაზღაურებაში კი სკოლებს თავისუფლება მიეცათ და როგორც თავად უწოდებენ, სამინისტრომ უთხრათ – რაც გინდათ ის გიქნიათო! სკოლების გადასაწყვეტია, როდის, რა ფორმით და როგორ მოახერხებენ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას ისე, რომ 15 ივნისისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა, ფორმალურად მაინც, გავლილი ჰქონდეთ. სამინისტრომ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, სკოლებს მხოლოდ დამატებით რეკომენდაციები მიაწოდა. დანარჩენი უკვე სკოლების პრობლემაა.
„არაფერია სასკოლო ცხოვრებაში ისეთი, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში გამოსწორდა, ან რის გამოსწორებაც იგეგმება“, – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს განათლების სფეროს სპეციალისტი ზურაბ ვახანია და დასძენს, რომ პრობლემები იგივეა, რაც ერთი წლის წინ – პანდემიის დასაწყისში, ოღონდ კიდევ უფრო მეტი და სკოლებშიც ისევ ჩავარდნაა, ოღონდ ახლა უკვე 1-წლიანი და 2-თვიანი. ყველაზე მთავარი, რაც სამინისტრომ უნდა გააკეთოს, მისი აზრით, ამ პერიოდში განვლილი მასალის გამეორება-განმტკიცებაა და დარწმუნებულია, რომ ამის გარეშე სასკოლო პროგრამის გაგრძელება აბსურდია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რა მიზნების შესრულებას ითხოვს სამინისტრო ამ პირობებში.
„პროგრამას მექანიკურად გაჰყვნენ. ერთ წელზე მეტი გავიდა, მდგომარეობა დამძიმდა. გამეორება აბსოლუტურად შესაძლებელია. აბიტურიენტი ბოლო ერთ წელიწადში ახერხებს რამდენიმე წლის მასალის სწავლასა და გამეორებას და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, უფრო მოხერხებადია. სადაც იყვნენ შეჩერებულები პანდემიის დაწყებისას, იქიდან უნდა დაიწყოს გამეორება. უნდა ამოირჩეს საკვანძო საკითხები, რომელთა ცოდნის გარეშეც პროგრამის გაყოლა უბრალოდ უაზრობაა და თავიდან უნდა გაიარონ. ბავშვებს საშინელი ჩამორჩენა აქვთ.
„ესენი კი უარესს აკეთებენ, მასწავლებლებს სიახლეების დანერგვას სთხოვენ, ახალი სკოლის მოდელი და ა.შ. რა დროს სიახლეების დანერგვაა? ბავშვები კალაპოტიდან ამოცვენილები არიან! თავად ეს სიახლეც საკამათოა, მაგრამ ამ წუთში სულერთია, კარგია ის, თუ ცუდი. უბრალოდ, ახლა სიახლეებზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? მასწავლებლები, მთელი დღე, ჯერ ჩვეულებრივ გაკვეთილებს ატარებენ, მერე დისტანციურს და საღამოს კიდევ ტრენინგებს უნიშნავენ, რაღაც გეგმებს აწერინებენ და ა.შ. ეს არაადეკვატურობაა“, – აცხადებს ვახანია.
ჩვენს კითხვაზე, მიეცათ თუ არა ამ მოსაზრებების სამინისტროსთვის გაზიარების შესაძლებლობა მას ან მის კოლეგებს, ვახანია ასე გვპასუხობს – „არა, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. პროფესიონალებთან ერთად თავს ცუდად გრძნობენ“. აქვე იმასაც დასძენს, რომ არც მოლოდინი და იმედი აქვს იმის, რომ სამინისტრო ამ ჩამორჩენას შეიმჩნევს და მის გამოსწორებაზე იზრუნებს. დარწმუნებულია, რომ ისევ პრობლემების უგულებელყოფას განაგრძობენ, როგორც ეს დღემდე ხდება.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ საშინელებას – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, საერთაშორისო ტესტირებებში, უკანასკნელ ადგილზე ვართ. ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი? მაგრამ ეს ძნელია. გაცილებით ადვილია მასწავლებელს ტრენინგები ჩაუტარო, ჭკუა დაარიგო და რაღაცების დანერგვა დაავალო. რამდენ ზედმეტ რამეს და ბიუროკრატიულ სისულელესაც დაავალებ მასწავლებელს, იმდენი დრო მოაკლდება მის აუცილებელ საქმეს“, – დასძენს ზურაბ ვახანია.
გასულმა ერთმა წელმა, განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის აზრით, აჩვენა ის, რომ ონლაინსწავლებაზე წვდომა პრობლემა მხოლოდ პანდემიის საწყის ეტაპზე კი არ დარჩა, არამედ ახლაც აქტუალურია და ახლაც არიან მოსწავლეები, რომელთაც ამ მხრივ სირთულეები ექმნებათ. დადებით კონტექსტში მოიხსენიებს მცდელობებს შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტების დანერგვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ამან ზემოხსენებული პრობლემა, რამდენადმე, შეამსუბუქა. ასევე, დადებითად აფასებს სამინისტროს ინიციატივას, აღირიცხოს ის მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესში ჩართულები არ არიან. ამბობს, რომ ეს წამოწყება დაგვიანებულია, მაგრამ მაინც კარგია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში სკოლების, ცალკეული კლასებისა და მოსწავლეების საკმაოდ დიდი ნაწილი სრულად, ან ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზეა, მით უფრო ცხადი ხდება, თუ რამხელა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული მათთან მიმართებაში გეგმის შესრულება და სასწავლო წლის დახურულად გამოცხადება.
„რაც ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ესაა მასწავლებლებისა და სკოლების საქმიანობა, რომელთაც ამ ყველაფერს თავი გაართვეს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სასწავლო წლის უწყვეტობა გვქონდა. რაც შეეხება ხარისხს, ჩემი აზრით, ეს პრობლემატურია და იგი უნდა გადაიჭრას“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას მოსიაშვილი.
თუმცა იგი პროგრამის გამეორებისა და ახალი პროგრამის შეჩერების მომხრე არაა და მიიჩნევს, რომ ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სხვა გამოსავლის მონახვაც შეიძლება. თუნდაც, ზაფხულის არდადეგების გამოყენება. მთავარი კი, მისი თქმით, მაინც თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე რეაგირებაა და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებას არ ეთანხმება.
„საბოლოო ჯამში, ის მოსწავლეები დაზარალდნენ, რომელთაც არ ჰყავთ კვალიფიციური მასწავლებლები და რომელთა მშობლებსაც არ აქვთ კარგი შემოსავალი. მთელი აქცენტი ამ ბავშვებზე უნდა გადავიტანოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს გამოუსწორებელი ამბავია. უბრალოდ, ეს ბავშვები არ უნდა დაგვავიწყდეს. პანდემიის შედეგებზე რეაგირების დროს, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიაქციოს მათ ყურადღება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს პროგრამა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კოვიდის შედეგები. ყველაზე მეტად ხომ დაბალი სოციო-ეკონომიკური შესაძლებლობების ბავშვები დაზარალდნენ“, – აღნიშნავს სპეციალისტი.
ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება-არშესრულების საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია განათლების სფეროს სპეციალისტის, გიორგი გახელაძის აზრით, რომელიც დასძენს, რომ სისტემაში გაცილებით ძირეული და დიდი პრობლემებია, რომლებიც პანდემიამ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა და რომელთა მოგვარების გარეშე სულერთი ხდება ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიც სასწავლო პროგრამის გავლაა.
ამბობს, რომ ამ განვლილმა წელმა კიდე უფრო გააშიშვლა პრობლემები, რომლებიც მანამდე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, მაგრამ დასძენს, რომ პრობლემის დანახვისა და აღიარების შემდეგ ჩვენი სისტემა ქმედითი არ გამხდარა.
პირველ რიგში, მისი თქმით, მოსაგვარებელია განათლების მართვის საკითხი – ცენტრალიზაციიდან დეცენტრალიზაციისაკენ, რათა უფრო მოქნილი და მოსწავლეებზე ორიენტირებული გახდეს. მოსწავლეებზე ორიენტირებული სკოლა, სპეციალისტის აზრით, მეტად ავტონომიურ სკოლას ნიშნავს. ავტონომიურსა და ანგარიშვალდებულს არა სამინისტროს, არამედ სასკოლო საზოგადოების წინაშე. დეცენტრალიზაციაა საჭირო, მისი აზრით, სასწავლო კურიკულუმების მოსწავლეებზე მეტად მოსარგებადაც. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები არც გასული წლის განმავლობაში გვაქვს და ასეთი ხედვა სახელმწიფოსგან არც ჩანს. ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, სამინისტრო მხოლოდ კონკრეტულ, ლოკალურ საკითხებზე რეაგირებითა და „ხანძრების ჩაქრობით“ იყო დაკავებული.
„პრობლემა, რომ ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც სასკოლო განათლების მიღმა არიან, ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. პირდაპირი და დისტანციური სწავლების მონაცვლეობამ განათლების მესვეურები მიყვანა იქამდე, რომ დისტანციური განათლების აღიარებაზე დაფიქრდნენ და შესაბამისი მცირედი ცვლილებები ჩვენს კანონმდებლობაში შეიტანეს, რაც აქამდე არ იყო. ასე რომ, პრობლემების გაშიშვლება დაიწყო.
კონკრეტულად ამ ერთ წელიწადს თუ შევხედავთ, სწავლის ხარისხი იმაზე დაბალია, ვიდრე იყო. მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობა და სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა შემცირდა და შესაბამისად, შედეგებიც დაქვეითებულია. თუმცა წინა წლებიც დაბალშედეგიანი გვქონდა. შარშან ვამბობდი, რომ მონდომებული და მოტივირებული მასწავლებლები გამოჩნდნენ, რომელთაც მიეცათ საშუალება თავიანთი შესაძლებლობები გამოევლინათ, მაგრამ მათი რაოდენობა კრიტიკული არ არის და სასწავლო პროცესზე გარდამტეხ გავლენას ვერ ახდენენ. პედაგოგთა უმეტესობა ახალ სასწავლო გარემოსა და პირობებში ეფექტურ გადაწყობას, ჯერჯერობით, მაინც ვერ ახერხებს”, – დასძენს გახელაძე.
სავალდებულო რიგგარეშე არდადეგების (4-11 მაისი) ასანაზღაურებლად და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც სკოლებს უნდა დაეგზავნოთ, EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა. დოკუმენტის მიხედვით, იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე, მნიშვნელოვანია, სკოლამ შეიტანოს საორგანიზაციო და შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები თავისი კონკრეტული კლასების საჭიროებიდან გამომდინარე. აქვე ნათქვამია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს საფეხურებრივ მიზნებს და არა ყოველწლიურ პროგრამებს და იგი შინაარსის ამოწურვაზე ორიენტირებული არ არის.
„მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ მიუთითებს სკოლას და კონკრეტული კლასის მასწავლებელს, თუ რომელი საკითხი გაიაროს სახელმძღვანელოდან საგნის საფეხურებრივი მიზნების მისაღწევად და რომელი გამოტოვოს. ამდენად, სკოლას/მასწავლებელს ევალება არა სახელმძღვანელოს ყველა პარაგრაფის და საკითხის გავლა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების შერჩევა და ამ საკითხებზე დაყრდნობით მოსწავლის მიერ საგნის ფუნდამენტური ცნებების გააზრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა/კონკრეტული მასწავლებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, შემცირებული სასწავლო დღეების პირობებში და სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, რომელი საკითხები ამოარჩიოს და როგორი ფორმატით გაიაროს მოსწავლეებთან“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქედან გამომდინარეც ცხადია ის, რომ სკოლებს მთავარ მიზნად გეგმის შესრულება დაესახათ, თუნდაც საკითხების გამოტოვების ხარჯზე. ეს კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხარისხი სრულად უგულებელყოფილია, რის მნიშვნელოვნებაზეც საუბრობენ ჩვენი რესპონდენტები.
ერთი წლის წინ, როცა საკითხზე სპეციალისტებს ვესაუბრეთ, ერთ-ერთმა ასეთი ფრაზა გააჟღერა: „ეს სასწავლო წელი ასე ჩარახრახდება”!
მივიღებთ თუ არა ანალოგიურ რეალობას ამ სასწავლო წელსაც?!
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება