„ეს პროექტიც ჩაფლავდა, ისევე როგორც ბევრი სხვა პროექტი განათლების სფეროში!“ – კომპლექსური დავალებები აღარ იქნება?!
„წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება მასწავლებელმა კომპლექსური დავალება პოზიტიურად და შედეგიანად განავითაროს კლასში, როდესაც თვითონ საშინლად ეჯავრება ამის გაგონება“, – ეს სიტყვები საქართველოს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს ეკუთვნის და ამონარიდია სახელმწიფო კვლევიდან, რომელიც განათლების სამინისტროს დაკვეთით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასებას მიეძღვნა და სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.
“მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში კომპლექსური დავალება პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდის ადაპტაციას წარმოადგენს. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ PBL-ისგან განსხვავებით, კომპლექსური დავალება არ მოიაზრება, როგორც ჯგუფური აქტივობა. მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე ინდივიდუალურად მუშაობენ. მისი მიზანი არის კურიკულუმის სასწავლო მიზნების დაკავშირება საინტერესო, კრეატიულ, ავთენტურ კონტექსტებთან”.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ “ეს არის ისეთი ტიპის დავალება, სადაც უნდა გამოჩნდეს მოსწავლემ რეალურად რა ისწავლა და შეძლებს თუ არა ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას; დავალება, სადაც გამოჩნდება ნასწავლი და მოსწავლის მიერ თავისებურად გადააზრებულ-გათავისებული”.
თუმცა კომპლექსური დავალება მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილის პროტესტს დიდი ხანია იწვევს. გამოჩნდა მისი არსის გაგების პრობლემა როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებშიც. მეტიც, მოსწავლეების ნაწილი მას მასწავლებლების მხრიდან ძალადობადაც კი მიიჩნევს. როგორც არაერთი გამოკითხული მოსწავლისგან ვიგებთ, „კომპლექსურების“ შესრულება მხოლოდ წარჩინებულ მაღალკლასელებს ეხალისებათ და გამოსდით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კი ის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, რატომ იქცა კომპლექსური დავალება სასწავლო პროცესში „აქილევსის ქუსლად“? რა არის მიუღებელი და რას შეცვლიდნენ პედაგოგები მასში? თუმცა, შესაძლოა ცვლილებების შეტანა საჭირო აღარც გახდეს, რადგან რამდენიმე მასწავლებელი ღიად ამბობს, რომ სექტემბრიდან კომპლექსური დავალებები უქმდება და ამაზე სასკოლო საზოგადოების კულუარებში აქტიურად საუბრობენ.
პედაგოგები თვლიან პრობლემა პროექტის არასწორად განხორციელებამ შექმნა.
სტატიაზე მუშაობის პროცესში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან საუბრისას, ისეთი მაღალკლასელებიც აღმოვაჩინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ კომპლექსური დავალება მოსწონთ. მაგალითად, მერვეკლასელ ტატო ლომიძეს, რომლის აზრითაც: „კომპლექსური დავალების საშუალებით ბავშვებს საშუალება გვეძლევა გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ნაწილშიც. ზოგ შემთხვევაში პროცესში ოჯახის წევრების ჩართვაც საჭირო ხდება, რაც ასევე საინტერესოა. ზოგჯერ კი, დავალებას კლასელებთან ერთად ვასრულებთ და გუნდურ მუშაობასაც ვსწავლობთ. ეს პროცესი პირადად ჩემთვის ძალიან სახალისო და საინტერესოა“.
ზესტაფონის მკვიდრი ელენე მახათაძე მე-9 კლასშია. კომპლექსურ დავალებებს ელენეც დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ზოგჯერ მათი შესრულება საკმაოდ რთულია.
„ზოგჯერ კომპლექსური დავალების შესრულება რთულია, მაგრამ საინტერესო და შემეცნებითი პროცესიცაა. მშობლის დახმარება უფრო საწყის ეტაპზე დამჭირდა – ნელ-ნელა პრინციპს მიხვდი და დავალებების დამოუკიდებლად შესრულებასაც მივეჩვიე. კარგია, რომ კომპლექსურის შესრულების დროს კონკრეტულ თემაზე დამატებით ინფორმაციას იძიებ და კლასელებსაც უზიარებ. ვფიქრობ, ასე დამოუკიდებლობას ვეჩვევით, უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ცოდნას ვიღრმავებთ და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთების კომპლექსსაც გვიხსნის“, – გვიყვება ელენე.
კომპლექსური დავალებების დადებით მხარეებზე საუბრობს 138-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზა ურთქმელიძე. ამბობს, რომ ამ დავალებების გამო მისი მოსწავლეები და მშობლები არც წუწუნებენ და არც პროტესტს გამოხატავენ.
„კომპლექსური დავალების სარგებელი ის არის, რომ კონკრეტულ საკითხს კარგად სწავლობენ, ავლენენ სხვადასხვა უნარს: ხატვა, ჩანახატის კეთება, შთაბეჭდილებების გადმოცემა… არის სახალისო დავალებებიც, მაგალითად ზოგჯერ მშობლისგან ინტერვიუს იღებენ. მოსწავლეები სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ცოდნას იღრმავებენ და კონკრეტული საკითხის სიღრმისეულად შესწავლის სურვილი უჩნდებათ. საოცარი ბუკლეტები, ნახატები და ჩანახატები მოაქვთ“, – აცხადებს ქალბატონი იზა.
თუმცა პედაგოგმა ისიც გაგვიმხილა, რომ ამ დავალების სრულყოფილად შესრულებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება: „თუ გავითვალისწინებთ, რომ საგნები ბევრია, გასაგებია რომ მოსწავლეები საკმაოდ იტვირთებიან. ზოგჯერ მეც იძულებული ვხდები კომპლექსურ დავალებას მეტი დრო დავუთმო და ახალ მასალაზე ვერ გადავდივარ. ამიტომ, ამ ნაწილში კონკრეტულ ცვლილებას შევიტანდი – ან ცალკე საათებს დავამატებდი, ან პროგრამას შევამცირებდი“, – აცხადებს ქალბატონი იზა.
როგორც ირკვევა, კომპლექსური დავალება არ მოსწონთ უმეტესად დაბალი კლასების მოსწავლეებს. მაგალითად, მეექვსეკლასელ იანა კალანდიას, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ამ დავალებების შესრულებას მშობლების დახმარების გარეშე ვერ ახერხებს.
„ასეთი დავალებების შესრულება მხოლოდ მაშინ მიხარია, როცა რამე დასახატი გვაქვს. სხვა შემთხვევაში, დავალების შესრულება ძალიან მიჭირს. რამდენიმე დღეც გვაქვს ხოლმე ვადა, მაგრამ საშინაო დავალებებიც ხომ უნდა მოვამზადოთ. კარგია, რომ დედაც მეხმარება და მამაც. გააჩნია, რა საგანში მაქვს დავალება მოსამზადებელი“, – გვითხრა იანამ და ისიც გაგვიმხილა, რომ მშობლები ამ დავალებების გამო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას.
EDU.ARIS.GE დაწყებითი საფეხურის რამდენიმე მოსწავლესაც გაესაუბრა. არც ერთს უთქვამს, რომ კომპლექსური მოსწონს. ამბობენ, რომ ამ დავალებებს მშობლების გარეშე ვერ ასრულებენ და ძალიან იღლებიან. უკმაყოფილებას გამოხატავენ მშობლებიც. მაგალითად, ბუღალტერი ნუცა დალაქიშვილი, რომლის უმცროსი გოგონა – ტასო, მე-4 კლასის მოსწავლეა. ტასო კარგად სწავლობს, მაგრამ კომპლექსური დავალების შესრულება მაინც უჭირს.
„ვიტანჯებით! იმდენი დრო მიაქვს კომპლექსურს, ზოგჯერ გაკვეთილების მომზადებას ვეღარ ვახერხებთ. მშობელი შვილის სწავლის პროცესში რაღაც ფორმით ჩართული კი უნდა იყოს, მაგრამ ერთი საგნის ერთი დავალების შესასრულებლად ამდენ დროსა და ენერგიას არ უნდა ვხარჯავდეთ. ასეთი სირთულეების გამო, მეშინია, ბავშვმა სწავლის სურვილი საერთოდ არ დაკარგოს“, – გამოგვიტყდა ქალბატონი ნუცა.
კომპლექსურის გამო სწავლა მომაბეზრებელი რომ ხდება და სწავლის სურვილს დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უკარგავს, ამაზე ჩვენთან დაწყებითი კლასების მასწავლებლებიც ღიად საუბრობენ. პროექტს საკმაოდ გულწრფელად აკრიტიკებენ და იმასაც გვიმხელენ, რომ მიმდინარე წელს კომპლექსური დავალებები არავის მოუკითხავს, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მათ წრეში გავრცელებული ინფორმაცია კომპლექსურების გაუქმების შესახებ მართალია.
„სექტემბრიდან კომპლექსური უქმდება, აღარავინ მოითხოვს. ამაზე სკოლებში აქტიურად ლაპარაკობენ. ეს პროექტიც ისევე ჩაფლავდა, როგორც ბევრი სხვა პროექტი განათლების სფეროში. მუდმივ ექსპერიმენტებში ვართ. ხან რას ითხოვენ ჩვენგან, ხან – რას. თავის დროზეც, ეს კომპლექსურები რომ შემოიღეს, გვითხრეს თქვენ დაწერეთ და ხარისხს აგიმაღლებთო. ისეთი რამ მოგვთხოვეს, რაც არასდროს გაგვიკეთებია. ვიმუშავეთ, შევქმენით დავალებების ნიმუშები და ყველა დაიწუნეს. მერე თავისი დაწერილი აგვიტვირთეს, მაგრამ არათანმიმდევრული და პროგრამასთან შეუსაბამო იყო. თვეების განმავლობაში, ათას რამეს გვაცვლევინებდნენ. ამ პროექტის სათანადოდ განხორციელება ვერ მოხდა და კარგია, რომ აუქმებენ“, – განაცხადა დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ქალბატონმა ნანამ, რომლის გვარიც ჩვენთვის ცნობილია.
დადასტურებული ინფორმაცია კომპლექსური დავალების გაუქმების თაობაზე არ აქვს, თუმცა გაუქმებას მიესალმება დაწყებითი საფეხურის კიდევ ერთი მასწავლებელი თბილისიდან ქალბატონი ია, ვისი გვარიც ჩვენ ასვე ვიცით.
„20 წელია, რაც პედაგოგი ვარ. ამ საკითხზე ყველა ტრენინგს დავესწარი და მაინც ვერ მივხვდი რას ემსახურება კომპლექსური დავალების შესრულება დაბალ კლასებში. თავისუფალ აზროვნებას იმ ასაკში, როცა ბავშვმა ასოებიც არ იცის ნორმალურად და წაკითხულის გააზრება უჭირს? მაკულატურის დაგროვების მეტი არაფერია ეს კომპლექსურები! 5-გვერდიანი დავალების შესრულება ამ ასაკში ვინმეს წარმატება ჰქონია? პირიქით, ბავშვს საერთოდ უკარგავს სწავლის სურვილს და სკოლას აძულებს! პრეტენზია აქვთ მშობლებსაც, რადგან დაბალ კლასებში ამ დავალებების შესრულება, მთლიანად მათზეა. მიხარია, რომ ამბობენ, სექტემბრიდან კომპლექსური დავალებები საერთოდ თუ არ გაუქმდა, სავალდებულო არ იქნებაო. არ მგონია ვინმემ თავისი სურვილით შეასრულოს ეგ დავალებები. ზაფხულში ვაკეთებდით ხოლმე მომდევნო წლის ნიმუშებს და ამ ზაფხულს არავის არაფერი მოუთხოვია. ამის გამო ვფიქრობ, რომ კომპლექსურები მართლაც უქმდება“, – გვითხრა ქალბატონმა იამ.
დაწყებითი საფეხურის კიდევ ერთი პედაგოგი, ქალბატონი ნატა გვიხსნის, რომ ზოგადად, კომპლექსური დავალების იდეა ცუდი არ იყო, მაგრამ მისი განხორციელება სწორად ვერ მოხერხდა:
„კომპლექსური დავალების იდეა იყო ის, რომ ბავშვებში შემოქმედებითი უნარი ჩამოეყალიბებინა, დამოუკიდებლად წარმოეჩინათ ცოდნა კონკრეტული თემის შესახებ. ვფიქრობ, ეს იდეა ტექნიკურად არასწორად განხორციელდა და შინაარსობრივადაც იყო პრობლემები. იმდენად მრავალმხრივი დავალებებია, ბავშვი თავს ვერ ართმევს. სწორად არ არის გათვლილი არც ასაკობრივი ზღვარი და არც პროგრამასთანაა თანხვედრაში. თან ისეთი მოცულობითია, ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება, რაც მოსწავლისთვის რთული და მომაბეზრებელია. შინაარსი იმდენად არასწორად არის გაწერილი, მხოლოდ ძლიერი მოსწავლე თუ დაამუშავებს. ამიტომაა კომპლექსური დავალების შესრულება საინტერესო და სახალისო მხოლოდ მაღალი კლასების წარმატებული მოსწავლეებისთვის. სამწუხაროა, რომ სხვა ბევრი პროექტის მსგავსად, არც ამ პროექტის შემთხვევაში მოხდა ზუსტი გაანალიზება, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ ვფიქრობ, ეს პროექტიც კრახით დასრულდება. წელს ამ საკითხზე არც წინა წლის ანალიზი მოუთხოვია ვინმეს და არც მომდევნო სასწავლო წლის გეგმა. ასე რომ, ვფიქრობ, მართლაც გაუქმდება“, – განაცხადა ქალბატონმა ნატამ.
კომპლექსური დავალების გაუქმებად (როგორც ამას პედაგოგები ეძახიან) შეგვიძლია მივიღოთ განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ ჩიქობავას პასუხი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის ამჟამინდელ ჩანაწერს გვიზიარებს, სადაც დავალება ნეიტრალური სახით გვაქვს წარმოდგენილი:
“ახლა ძალიან ნეიტრალური ჩანაწერია დატოვებული. მთავარია, რომ მართლა შინაარსიანი და აზრიანი დავალებები მიეცეთ მოსწავლეებს და არა ფაქტობრივ ან პროცედურულ ცოდნაზე ორიენტირებული.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის ასეთი ჩანაწერი:
1. სწავლის შედეგები განისაზღვრება საფეხურის დონეზე და ურთიერთდაკავშირებულად რეალიზდება/მიიღწევა სასწავლო თემების ფარგლებში.
2. საგნის საფეხურებრივი შედეგები მოიცავს შემდეგ კომპონენეტებს:
ა) საგნობრივ ცოდნას;
ბ) ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს (იხ. მუხლი 6. პუნქტი 3);
გ) აღმზრდელობით-ღირებულებით ასპექტს/ასპექტებს.
3. სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს.
4. შედეგი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს შეუძლია საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სამინისტროს წარმომადგენელმა.
ძველი ჩანაწერის თანახმად კი ასეთი კონკრეტიკა გვქონდა: “შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები”.
სტატიის დასასრულს, სახელმწიფო კვლევიდან კიდევ ორ ამონარიდს დაგიტოვებთ: „ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება გადავიდა ფორმაზე. როცა მივდიოდით დანერგვის ინსტრუმენტით, ჩვენ მას სარეკომენდაციო როლს ვანიჭებდით. მიუხედავად ამისა, სიმძიმის ცენტრი მაინც ჩვენს ფორმებზე გადავიდა და ტვირთად იქცა მასწავლებლებისთვის. ეს არ იყო კურიკულუმი, ეს იყო დანერგვის ინსტრუმენტები. ვერ დავანახეთ სკოლებს და მასწავლებლებს პროცესის მნიშვნელობა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კომპლექსური დავალება არის პროცესისგან დამოუკიდებელი ერთეული, ეს არის დიდი პრობლემა“, – რეფორმის მხარდაჭერის ჯგუფის წევრი.
გამოიწვია თუ არა სახელმწიფო კვლევის შედეგებმა მასწავლებლების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაცია, რომ სკოლაში ერთი წელია, რაც კომპექსური აღარავის მოუკითხია, გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ დაგიტოვებთ რამდენიმე საგულისხმო ამონარიდს ზემოაღნიშნული – “მესამე თაობის სასწავლო გეგმის შეფასების კვლევიდან”.
„- მასწავლებლების ნაწილმა ალღო აუღო პროექტულ სწავლებას. ისინი აღიარებენ კომპლექსური დავალებების, როგორც სწავლების მეთოდის, მნიშვნელოვან როლს სწავლის პროცესში კონტექსტის, პრაქტიკული კომპონენტის შემოტანისთვის და „მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებისთვის“, მაგრამ კომპლექსური დავალება მასწავლებლების მიერ იშვიათად აღიქმება, როგორც ესგ-ს მიზნების მიღწევის შუალედური მიზანი – მასწავლებლებს მკაფიოდ არ წარმოუდგენიათ კომპლექსური დავალება, როგორც სასწავლო გეგმის აგების ერთეული.
– მასწავლებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსური დავალება არის კიდევ ერთი აქტივობა, რომლის დამატებასაც ითხოვს სამინისტრო სასწავლო პროცესში. მონაწილეებთან დისკუსიაში დასახელდა შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი შინ აძლევდა მოსწავლეს კომპლექსურ დავალებას და სთხოვდა დაბრუნებას შემდეგი გაკვეთილისთვის, კომპლექსურ დავალებებს მასწავლებელი წარადგენდა თემის გაშუქების შემდეგ და არა თემაზე მუშაობის დაწყების მომენტისთვის.
– ვინაიდან მასწავლებლების ნაწილისთვის ბუნდოვანია კავშირი კომპლექსურ დავალებებსა და სასწავლო გეგმის მიზნებს შორის, ზოგიერთი მათგანი შეშფოთებულია, რომ მათ სასწავლო გეგმებში კომპლექსური დავალებების ჩართვა ხელს უშლის „სახელმძღვანელოებსა და სტანდარტში მოცემული თემების და საკითხების სრულად დაფარვას“. საგნობრივი ქოუჩის განმარტებით: „ზოგიერთი მასწავლებელი თვლის, რომ აზრი არ აქვს კომპლექსური დავალების ეტაპების გავლას, ყველა გაკვეთილის კომპლექსური დავალების კონტექსტში გააზრებას. ყველაფერი ჯერ კიდევ 45 წუთიანი გაკვეთილის ირგვლივ ტრიალებს“.
ამავე თემაზე:
კომპლექსური დავალების პრაქტიკაში დანერგვის გამოწვევები – რა აჩვენა მოკვლევამ და რას ითხოვს პედაგოგი
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი