„ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ ინჟინერია – პროფესია, რომელსაც ვირჩევ, ქალის საქმე არ არის“ – გოგოები მათემატიკის ჩაბარებაზე
„ჩემი ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ ინჟინერია – პროფესია, რომელსაც ვირჩევ, ქალის საქმე არ არის და ალბათ, მათთვის გაუგებარია ქალისგან მათემატიკის სწავლა. ასეც ხდება, ეს დამოკიდებულება ძველი გადმონაშთია. მე, როგორც ხედავთ, მაინც იქ ვაბარებ, სადაც მინდა“, – ეს სიტყვები უთხრა EDU.ARIS.GE-ს მათემატიკის ეროვნული გამოცდიდან გამოსულმა გოგონამ, რომელსაც ჩვენ 12 ივლისს, გლდანის საგამოცდო ცენტრთან გავესაუბრეთ.
სტერეოტიპულ აზრს, რომ ქალები უკეთესად სწავლობენ ჰუმანიტარულ საგნებს და „მათემატიკა მაინც ბიჭების საგანია“, ჩვენი აბიტურიენტი რესპონდენტები სრულად ამსხვრევენ და არ ეთანხმებიან. გოგონები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საგნის გენდერული ნიშნით მიკუთვნება რომელიმე სქესისთვის, შეცდომაა, რადგან ნიჭი ინდივიდუალურია.
„ჩემი აზრით, ეგ სტერეოტიპი დასანგრევი და ჩამოსაშლელია. ვფიქრობ, ამას იმიტომ ამბობენ, რომ „ბიჭების პროფესიები“ არსებობს, რომლებიც მათემატიკით ბარდება, მაგრამ რადგან ბიჭების „პროფესიები“ ნელ-ნელა გოგოების პროფესიებიც ხდება და ვცდილობთ, რომ დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი. ფაქტი სახეზეა – აქ ვართ და მათემატიკას ვაბარებთ“, – გვითხრა თავისი მოსაზრება ელენე ეპიტაშვილმა.
„მსგავსი რამ არ არსებობს, რას ნიშნავს ბიჭის და გოგოს საგანი?! რაღაც კონკრეტულის ნიჭი ორივეს თანაბრად აქვს“, – ცალსახად ამბობს ელიფ მამედოვა.
მარიამ კელიხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხშირად, ბიჭებს გოგონები აჭარბებენ მათემატიკურ აზროვნებაში და დღეს ორივე სქესს თანაბრად ძალუძს დასახული მიზნების შესრულება:
„პირველ რიგში, არ ვეთანხმები იმას, რომ რომელიმე საგანი, რომელიმე სქესის საგანია, რადგან ვფიქრობ, რომ ქალსაც და კაცსაც თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. მათემატიკა არ უნდა განისაზღვროს იმით, რომ მხოლოდ ბიჭის საგანია, შეიძლება ზოგჯერ, ამ კონკრეტულში, გოგონები უკეთესად აზროვნებდნენ. უნდა დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპები იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეა, ყველაფერი განვითარდა და ასეთი მიდგომები აღარ უნდა არსებობდეს. ორივე სქესს თანაბრად შეგვიძლია ჩვენი მიზნების ასრულება“.
გოგონებს ეთანხმებიან გამოსაცდელი ვაჟებიც, EDU.ARIS.GE-სთან ბიჭმა აბიტურიენტებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არასწორი და დამაკნინებელიც კია გოგონებთან მიმართებით.
„არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ყველა ადამიანის აზროვნება განსხვავებულია და საგნებს გენდერული ნიშნით არ უნდა შევხედოთ. ერთნაირადაა გოგოებისა და ბიჭებისთვისაც ტექნიკური საგნები“, – გვითხრა დავით ახობაძემ.
მათემატიკა 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 17 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა ჩააბარა, თუმცა რამდენია მათგან ვაჟი და რამდენი გოგონა, ცნობილი არ არის.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება