GE

ოქროს მედალოსანი სკოლადამთავრებულები რუსთავში 500 ლარით დაჯილდოვდებიან

ის მოსწავლეები, ვინც 2021-2022 წელს სკოლას ოქროს მედალზე დაასრულებენ, რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად, 500-ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებენ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვეტილება 25 ნოემბერს, რუსთავის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ განხილვისას მიიღო.

ვის გადაეცემა ჯილდო:

ფულადი ჯილდო გადაეცემა ყველა იმ კურსდამთავრებულს, ვინც რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს ან რეგისტრირებულია, მისი საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და აიღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს 2021-2022 სასწავლო წლის დასრულებისას.

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გამონაკლისი გავრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება ქალაქი რუსთავი.

წამახალისებელი პროგრამით ისარგებლებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.

„წახალისების“ მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) მოსწავლის;
ვ) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

რამდენი ოქროს მედალოსანი მოსწავლე ეყოლება რუსთავს 2021-2022 სასწავლო წლის დასასრულს, ჯერ არ არის ცნობილი. როგორც დღეს EDU.ARIS.GE-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უთხრეს, 2019-2020 სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 99 ოქროს მედალოსანი ჰყავდათ, 2020-2021 სასწავლო წელს კი – 120.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელი მასწავლებლის ბენეფიტებისა და ანაზღაურების მიღმა – რატომ არ ფიქრობს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლების პედაგოგებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური