GE

პარლამენტმა 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ვერ მიიღო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის ასაკთან დაკავშირებით, რომელიც ექვს წელს მიღწეული ბავშვების სკოლაში შესვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს, მეორე მოსმენით ჩააგდო.

parlamentiკანონს სხდომაზე მყოფმა 49 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 16 იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონის მიღებისთვის საჭირო კვორუმი, რომელიც 54 მომხრე დეპუტატს ითვალისწინებს,  ვერ შედგა.

კენჭისყრამდე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიამ, საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, რომ ხმის მიცემამდე გაეთვალისწინებინათ კომიტეტის პოზიცია რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითია. კენჭისყრა კანონპროექტის ინიციატორის კობა სუბელიანის თხოვნით ტექნიკური შესვენების შემდეგ გაიმართა.

სხდომის მიმდინარეობისას მშობელთა საინიციატივო ჯგუფის ის მიმართვაც წაიკითხეს, რომელიც ექვს წელს მიღწეული ბავშვების მშობლებმა პარლამენტს გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ გადაუგზავნეს. აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაიმართა.

კანონპროექტის მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. ამასთანავე, მშობლის სურვილის შემთხვევაში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება და 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით, პროექტთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. ამასთან, მიაჩნიათ, რომ უპირველესად უნდა იყოს დაცული ბავშვის ინტერესები და შემდეგ მშობლის უფლებები და ინტერესები.

კანონპროექტის პირვანდელი  რედაქციის მიხედვით, სკოლაში მშობელს შვილის შეყვანა შეეძლო თუ მას 6 წელი მომდევნო წლის მაისის ჩათვლით უსრულდებოდა, თუმცა პირველი მოსმენის შემდეგ უმრავლესობის თხოვნით ცვილებების ინიციატორმა პარლამენტის წევრმა კობა სუბელიანმა აღნიშნული დათქმა შეცვალა და ვადები შეამცირა. როგორც მეორე მოსმენისას კობა სუბელიანმა აღნიშნა, ასეთი საჭიროების ბავშვების რიცხვი, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ მიმდინარე წელს 20 ათასს შეადგენს.

კანონპროექტს პირველი მოსმენისას უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობის დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.

„გასათვალისწინებელია საერთაშორისო დასკვნები, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მხრივ შესაძლოა ბავშვებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ამიტომ შესარჩევია ოპტიმალური მოდელი   და ახალი რეფორმის საუკეთესო ფორმა, რომლისთვისაც ვემზადებით. „სკოლამდელი განათლების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, უკვე მომზადებულია, დარჩენილია ბოლო ეტაპი, როდესაც რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, თანმდევ კანონში შესატან ცვლილებებზე მიდის მუშაობა. მიდგომები იცვლება ძირეულად, რომლის მიხედვით ბავშვები მომზადებას სკოლაში შესვლამდე გადიან. ეს არის ძალიან დიდი ნახტომი. მოგიწოდებთ, რომ სისტემურად და კომპლექსურად შევხედოთ ამ საკითხს და ამ რეფორმის ფარგლებში დავინახოთ საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი ფორმა“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის გასულ სხდომებზე განხილვისას, ბესელიას პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც.

მინისტრის უარი და პარლამენტის იმედად დარჩენილი მშობლები – რეპორტაჟი აქციიდან

ქეთი არის© გიგოლაშვილი 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური