პარლამენტში განათლების სამინისტროს სხვადასხვა უწყების ანგარიშებს მოისმენენ – კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
როგორც დღეს, 14 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართულ პირველ კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, ეს გეგმა ყველა იმ საკითხს აერთიანებს, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
„რა თქმა უნდა, საკომუნიკაციო ნაწილი გვაქვს და გვექნება აქტიურად დატვირთული. რაც შეეხება საზედამხედველო ნაწილს, წელს გთავაზობთ, რომ ყველა დიდი სსიპ, რომელიც არის განათლების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, პერიოდულად მოვიწვიოთ ისინი და მათი ანგარიშები მოვისმინოთ. ეს გაზრდის ჩვენს ინფორმირებულობასაც და საზოგადოებისასაც და ნებისმიერი კითხვა, რეკომენდაცია თუ შენიშვნა, რაც შეიძლება, გვქონდეს… სულ ასეთი არის 5-6 და წლის ბოლომდე ყველა მოვიწვიოთ და მოვუსმინოთ საჯაროდ. ამიტომ, ამ მექანიზმს წელს მნიშვნელოვნად გამოვიყენებთ.
„მეორე, ეს არის მოკვლევები. გასულ წელს გაკეთებულ მოკვლევებზე და მის რეკომენდაციებზე გვექნება მონიტორინგი. ჩვენ ვერ მოვასწარით და ამ წელს გადმოვიტანეთ საკითხი, რომელიც ეხება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელს და პრიორიტეტების ცვლას და მეორე, ზუსტად ანალოგიური, ეს არის პროფესიულ განათლებაში დაფინანსების მოდელი. წლის პირველ ნახევარში ერთ მოკვლევას გავაკეთებთ და შემდგომ მეორეს“, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ 2023 წლის გეგმაში მთავარ საკითხად განათლების ერთიან კოდექსზე მუშაობა დაასახელა, რომლის ფარგლებშიც კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად იმუშავებს და დაიგეგმება კოდექსის დაინიცირებამდე შემუშავებული მოდელის საჯარო განხილვებიც.
„რაც შეეხება ყველაზე მთავარს, საკანონმდებლო ინიციატივას, როგორც იცით, ინიციატივა გვაქვს და ვმუშაობდით განათლების ერთიან კოდექსზე და საბოლოოდ უკვე მივიღეთ გუნდში გადაწყვეტილება, რომ ჩვენ აღნიშნულ კოდექსზე დავიწყოთ მუშაობა. პრაქტიკულად ერთი წელი გვაქვს, რომ შევქმნათ ჩონჩხი, შემდგომ კი უკვე დავიწყებთ ყველა დონის საჯარო განხილვებს ოპოზიციასთან, აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, ყველა ბენეფიციართან, ვისაც კი ეს შეეხება. მათი უკუკავშირებისა და შეჯერებული პოზიციების შემდგომ, ბუნებრივია, რასაცჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვლით, მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება ამ კოდექსის დაინიცირება. წინ გვაქვს საკმაოდ რთული, ფართო და კომპლექსური სამუშაო გასაწევი. ეს მოიცავს 7 ან 8 კანონს, რომელიც მთლიანად არეგულირებს განათლების მიმართულებას და სფეროს. კოდექსი ითვალისწინებს ამ კანონების გადამუშავებას და მათ შორის სისტემურად დალაგებას, რადგან გვაქვს შეუსაბამობები. ასევე, გვექნება ამ კანონებში ცვლილებების ინიციატივებიც“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს პარლამენტში დაუზუსტეს, სამოქმედო გეგმაში ტექნიკური ცვლილებები კიდევ განხორციელდება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კი, მასში შევა ის ინიციატივები, რომელიც კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე დააფიქსირეს ან მოგვიანებით ექნებათ.
მისივე თქმით, 2023 წლის განმავლობაში გაძლიერდება კომიტეტის საკონსულტაციო საბჭო.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმას კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ასევე იხილეთ:
განათლების კოდექსი განათლების შესახებ კანონების ნაცვლად – რა ინიციატივა აქვს პარლამენტს
განათლების კოდექსის შემუშავების პროცესში შესაძლოა, მსოფლიო ბანკი ჩაერთოს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება