პედაგოგი დამატებითი საქმიანობისთვის ნებართვას მიიღებს, თუ სკოლის საგაკვეთილო საათები ტრენინგ-ცენტრში აღებულ საათებზე მეტია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, პედაგოგს, რომელიც კერძო რეპეტიტორია, სკოლის დირექტორის ნებართვა დამატებითი საქმიანობისთვის არ დასჭირდება, თუმცა, ის პედაგოგი, რომელიც რეპეტიტორის საქმიანობას ტრენინგ-ცენტრში ახორციელებს, იმ შემთხვევაში მოიპოვებს ნებართვას, თუ ტრენინგ-ცენტრში აღებული საათები სასკოლო საათებს არ გადაფარავს.
ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 11 ნოემბერს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
“არის შექმნილი იურიდიული პირები, ე.წ. ტრენინგ-ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში ჩართული და იქ, სწორედ აბიტურიენტების გადამზადება მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში თანხმობის მიღება, სამართლებრივი სივრციდან გამომდინარე, საჭირო იქნება.
თუმცა, აქ არის ერთი მოცემულობა, მთავარი არის, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა იმ ძირითად საქმიანობასა და დამატებით საქმიანობას შორის, რომელიც თავსებადი არის. ამ შემთხვევაში, თუკი ეს საათობრივ გადაფარვას არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, დირექტორები გასცემენ ავტომატურ ნებართვას იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ასეთ ტრენინგ-ცენტრებში არიან ჩართული. შესაბამისად რაიმე შეზღუდვის დაწესების არანაირი მოცემულობა არ არის. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ თუ მასწავლებელს აქვს დრო, რესურსი, რომელიც მის ძირითად საქმიანობას ხელს არ უშლის, სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამასთან ერთად, უნდა, რომ მსგავს ტრენინგ-ცენტრში დამატებით საქმიანობას ეწეოდეს, შესაბამისმა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ნებართვა მათ სასარგებლოდ ავტომატურ რეჟიმში უნდა გასცეს. ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ დაექვემდებარება”, – განმარტა გივი მიქანაძემ.
განათლების მინისტრის თქმითვე, პედაგოგების მომართვიანობა ნებართვის მიღების მიზნით არის, თუმცა არა მაღალი და ამის მიზეზი ისაა, რომ ე.წ. რეპეტიტორის საქმიანობა არ საჭიროებს რამენაირ სამართლებრივ რეგულაციას და აქ რაიმე შეთანხმება ან ნებართვის გაცემის საჭიროება არ დგას. დამატებით ტრენინგ-ცენტრებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა.
“იქ სადაც გადაფარვა არ მოხდება სასკოლო საქმიანობასა და დამატებით საქმიანობას შორის, თუკი ეს არის სამართლებრივ რეგულირებაში, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში გაიცემა თანხმობა, რომ მასწავლებელს შეეძლოს დამატებითი საქმიანობის სრულფასოვნად შესრულება. რეპეტიტორი კი სამართლებრივი რეგულირების მიღმაა და, რა თქმა უნდა, ის თანხმობას არ საჭიროებს”, – დასძინა გივი მიქანაძემ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება