GE

„პირველ სესიაზე ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა მოვიდა“ – აბიტურიენტები საკითხების შესახებ

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 2024 წლის აბიტურიენტებს წერით დავალებად ვაჟა-ფშაველას პოემა და არაპროგრამული – რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ჰქონდათ.

მოსული საკითხების შესახებ მათ პირველი ვრცელი კომენტარები EDU.ARIS.GE-სთან გააკეთეს. ნიკოლოზ ქოქიაშვილი, რომელიც მარკეტინგზე აბარებს გვიყვება, რომ პროგრამული დავალება აირჩია.

“რედაქტირებაში 15 შეცდომა ვიპოვე. “რადგან”-ის, “რომ”-ისა და “როცა”-ს წინ იყო გამოტოვებული სასვენი ნიშანი. სტილისტური შეცდომაც იყო. “პორტრეტების გადაღება მოახდინეს” შევცვალე ასე: “პორტრეტები გადაიღეს”. ძირითადად ასეთი შეცდომები იყო. წინადადებაში ერთი ან ორი ასო აკლდა ან მეტი ჰქონდა.

წაკითხულის გააზრებაში ვწერე ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპონძელი”. წინა წლის აბიტურიენტების მოსამზადებელ ტესტში მაქვს იგივე ეპიზოდის ანალიზი შესრულებული. გარდაცვლილ მტერს რომ დასტირის ჯოყოლას ცოლი, რადგან მასში დაინახა ვაჟკაცი, ეს ეპიზოდი იყო.

არაპროგრამულიდან მოვიდა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა “ფიროსმანი”.

რაც შეეხება წერით დავალებას, თხზულებას. უნდა აფასებდნენ თუ არა ერთმანეთს ადამიანები მიუხედავად განსხავებული ღურებულებებისა, ასეთი თეზა იყო. არგუმენტები “სტუმარ-მასპინძელიდან” მოვიყვანე. ასევე, ღირებულებების პატივისცემის მაგალითი შუშანიკიდან დავასახელე. ჩემი აზრი იყო, რომ ყველა პიროვნებამ საკუთარი და სხვათა ფასეულობების დაფასება უნდა შეძლოს”.

ლუკა ხორბალაძე 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან რედაქტირების თემასაც იხსენებს:

“ქეთევან მაღალიშვილის ბიოგრაფიაზე მოვიდა რედაქტირება. 3 სიტყვა შევასწორე და მძიმეები დავსვი. მე ავირჩიე არაპროგრამული დავალება – ინანიშვილის მოთხრობიდან “ფიროსმანი”. ძირითადი თეზა იყო სიმდიდრეზე: “მდიდარს ოქრო აქვს – ჩვენ კი თვითონ ვართ ოქრო ბიჭები”. ერთგვარი ანალიზი გავაკეთე, ვთქვი, რომ სიმდიდრე არსებობს, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური და ვისაუბრე მატერიალურ სიმდიდრეზე რა არის და რას ნიშნავს ჩემთვის, საკმაოდ საინტერესო თემა იყო. ეს ტესტი თუ ვერ ჩააბარეს, ყველა ჯარშია წასასვლელი”.

ქრისტინე დარასელია 147-ე საგამოცდო ცენტრი: “ვაჟა -ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” დავწერე. ამ ტექსტის მიხედვით უნდა დაგვეწერა კითხვებზე პასუხი, სულ ათი კითხვა იყო. არგუმენტირებული ესე – ადამიანებს შორის ურთიერთიერთგაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც საერთო ფასეულობები აქვთ. საერთო ჯამში მარტივი იყო, მე მარტივად დავწერე. ბოლომდე მოვასწარი, ყველაფერი დავწერე და გამოვედი. გადამოწმებული მაქვს და მე მგონი, კარგ ქულას მივიღებ.”

ვაჟა ვიბლიანი 147-ე საგამოცდო ცენტრი: “ძალიან მარტივი იყო. რევაზ ინანიშვილის “ფიროსმანი” და ვაჟა -ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” მოვიდა. ღია თემა იყო ადამიანების ურთიერთობის ფასეულობებზე. მე ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” დავწერე და თავისუფალი თემა ავირჩიე. რედაქტირება ძალიან მარტივი იყო. უმეტესწილად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი. კმაყოფილი ვარ, ბოლომდე დავწერე. მე წინასწარ კარგ განწყობაზე ვიყავი და ზუსტად ისეთი გარემო და სიტუაცია დამხვდა, როგორსაც ველოდი – ძალიან მეგობრული. არ იყო დაძაბულობა, ნერვიულობა, ღელვა. არც ბავშვები ნერვიულობენ და ამან ჩემზეც იმოქმედა. კიდევ ორი გამოცდა დამრჩა -ინგლისური და მათემატიკა. არცერთის არ მეშინია.

თეონა კურტანიძე 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “კმაყოფილი ვარ. ძალიან მარტივი იყო რედაქტირება. შემხვდა ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”, მე ვაჟას დიდი მოყვარული ვარ, ამიტომ დავწერე ეს ტექსტი. რაც შეეხება მონაკვეთს, იყო აღაზასა და ჯოყოლას მონაკვეთი. თემა იყო “ადამიანების ურთიერთგაგება მარტივია, როდესაც ერთნაირი ფასეულობები გააჩნიათ”. მე კმაყოფილი ვარ და დანარჩენი ვნახოთ”, – გვიყვება აბიტურიენტი, თეონა კურტანიძე.

175-ე საჯარო სკოლის ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ბიჭი გვიხსნის, რომ რედაქტირების დავალება ძალიან მარტივი იყო:

“მაგალითად, “ვისი” ეწერა და უნდა შეგეცვალა ასე – “რომლის”. ღირებულებების სიმდიდრეზე იყო “სტუმარ-მასპინძელის” თეზა და ინანიშვილის “ფიროსმანიდან” ძალიან საინტერესო თემა იყო – ცნობილ და მდიდარ ადამიანებზე მეტად კარგ რაღაცებს ამბობენ, ვიდრე არაცნობილებზე. ფეხბურთელების მაგალითი მოვიყვანე – გოლს რომ გაიტანენ და ღმერთებად უყურებენ, ჩვეულებრივზე კიდევ ასე არ იტყვიან. წაკითხულის ტექსტის გააზრება, “ფიროსმანიდან” ვწერე. ტექსტიდან მონაკვეთი იყო და უნდა გვეთქვა რას ნიშნავდა, მეტაფორა იყო, ეპითეტი თუ შედარება. თუ აბიტურიენტებმა არ იცოდნენ განმარტება, ისე ვერ შეასრულებდნენ”.

ნინო სუბლაძე 39-ე სკოლიდან: “სტუმარ-მასპინძელი” დავწერე. ანტითეზისად ჯემალ ქარჩხაძის “იგი” და ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაური” მოვიყვანე. ისეთი მონაკვეთი იყო, თემისა და ადამიანის დამოკიდებულებაზე, ყველაფერი მიდიოდა თითქმის. კარგი მოლოდინები მაქვს, მგონი კარგი ქულები უნდა ავიღო, მგონი აღარ უნდა! კარგი ქულები უნდა ავიღო”.

მარიამ კაპანაძე კი მომდევნო სესიების აბიტურიენტებს რჩევასაც აძლევს: “არ არის ისეთი ძნელი, როგორც ამბობენ ხოლმე. მთავარია, რომ არ ინერვიულონ და ბოლომდე გამოიყენონ დრო. ასევე, ვურჩევ, თემიდან არ გადაუხვიონ და კარგად მიაქციონ ყურადღება. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!”.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაგვიანებულის შესახებ არის ინფორმაცია.

ცნობისთვის, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა კიდევ ერთ სესიად ჩატარდება და მასზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური