GE

პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი 29 ნოემბერს დაიწყება

პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი 26 ნოემბრის ნაცვლად 29 ნოემბერს, ხუთშაბათ დღეს, დაიწყება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება სტუდენტთა რანჟირებული სიების შედგენის გადაწევამ განაპირობა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რანჟირების დოკუმენტის დაგვიანება არაფერს ცვლის, რადგან საუბარია სწავლის დაწყების 2-3 დღით გადაწევაზე.

„სწავლის დაწყების კონკრეტული თარიღი არსად არ წერია და ოფიციალურად არ მტკიცდება. რანჟირების დოკუმენტის მიღების შემდეგ სასწავლებლები თავად აკეთებენ კონტრაქტზე ხელის მოწერას, რაც ხდება სტუდენტების მხრიდან და რეკომენდაცია არის როდის დაიწყოს სწავლა. თუ 26 ნოემბერი გრაფიკით იყო რეკომენდაციის სახით მიცემული, ახლა, უბრალოდ, შეიძლება გადაიწიოს ორი–სამი დღით. პროფესიული სასწავლებლების უმეტეს ნაწილში სასწავლო პროცესი 29 ნოემბერს, ხუთშაბათ დღეს დაიწყება. სწორედ ეს თარიღი გადავუგზავნეთ რეკომენდაციის სახით კოლეჯებს“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.

კითხვაზე, რამ განაპირობა რანჟირების დოკუმენტის დაგვიანება, სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და პრობლემას არ წარმოადგენს.

„არავითარი პრობლემა არ ყოფილა, სამუშაო პროცესია და ყოველ წელს ხდება ხოლმე მსგავსი ცვლილება გრაფიკის. შესაძლოა დადგინდეს ერთი თარიღი და სამუშაო პროცესში შევცვალოთ, ეს ნორმალურია. როგორც სკოლებს აქვთ დადგენილი სწავლის დაწყების თარიღი, კოლეჯებში ასე არ არის“, – განმარტავს ირინა წეროძე.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (Emis) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ეგზავნება და შემდეგ სწორედ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტთა ჩარიცხვასაც და კოლეჯებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას. სია დღევანდელი დღის მონაცემებით ემისს არ გადასცემია.

ვინაიდან, სამინისტროში განგვიმარტეს, რომ 29 ნოემბერს სწავლა პროფესიული დაწესებულებების ძირითად ნაწილში დაიწყება და არა ყველგან, ჩარიცხულმა სტუდენტებმა თავიანთ კოლეჯში სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი თავად კოლეჯის ადმინისტრაციასთან უნდა გაარკვიონ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ინფორმაციით, სწავლის დაწყების ერთ–ერთ თარიღად კოლეჯები 3 დეკემბერსაც განიხილავდნენ.

პროფესიული განათლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური