GE

პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესში ცვლილება შევიდა

ფოტო –
A calculator, pen, and financial statement.

,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის საკმარისია ცალკეული დისციპლინის (საგნის) ჩაბარების დადასტურება და კანდიდატს არ მოეთხოვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამ ბრძანებით კანდიდატი არის: სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელი, რომელსაც აქვს ბაკალავრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საქართველოში ან უცხოეთში  მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ საფეხურზე სწავლის უფლება ან რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მფლობელია.

“იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ ჩათვლილი/ჩაბარებული აქვთ სასწავლო კურსი/საგანი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი,  პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2022 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.

საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი  სასერტიფიკაციო  პროგრამის ფარგლებში მის მიერ დადგენილი   კრიტერიუმების საფუძველზე, უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური