GE

პროფსასწავლებლის სტუდენტი 2017 წელს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი გახდა

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი წელს დაახლოებით  4  ათასი ადამიანი გახდება – გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების ნახევარი.  როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 30 %-ით იზრდება. თუმცა, საკმაოდ დიდია ისეთი ადამიანების რაოდენობაც, ვინც გამოცდისთვის რეგისტრირდება, მაგრამ შემდეგ აღარ ცხადდება.

პროფესიული ტესტირების კოორდინატორი თამარ კაკუტია EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ყველაზე პოპულარულ სპეციალობებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ზოგიერთ პროგრამაზე უფრო მაღალი კონკურსი იყო, ვიდრე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზეა ხოლმე.

-თამარ კაკუტია: სულ 8556 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. პროფესიული განათლებით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ყოველ წელს წინასთან შედარებით დაახლოებით 30 %-ით მეტი აპლიკანტი რეგისტრირდება.

დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან რამდენი  გამოცხადდა გამოცდაზე?

-თ.კ: გამოცდაზე  აქედან  5 796, ანუ 68 % გამოცხადდა.  32 % –  არ გამოცხადდა.

–რამდენი ადგილი ჰქონდათ გამოცხადებული სასწავლებლებს?

–თ.კ: 4 464. ანუ, კონკურსი მაინც იყო.

–წელს გაიზარდა თუ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოცდაზე არ გამოცხადდა?

–თ.კ: ზუსტად ეს რაოდენობა გვაქვს ხოლმე. ყოველწლიურად დარეგისტრირებულთა დაახლოებით 30 %  გამოცდაზე არ მოდის ხოლმე.

–თქვენი აზრით, რა არის  მათი არგამოცხადების მიზეზი?

–თ.კ: არ ვიცი. წელს სიახლე დავამატეთ – მსურველებს ონლაინ დარეგისტრირებაც შეეძლოთ. ასევე, ადგილზეც- კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში რეგისტრატორის საშუალებით. როგორც ჩანს,  მათი სურვილი – პროგრამებზე ესწავლათ მოუფიქრებელი იყო და მოუმზადებლები იყვნენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია უფასოა და  შესაძლოა გარკვეულ უპასუხისმგებლობასაც აქვს ადგილი. სხვა შემთხვევებში რეგისტრაცია გარკვეული თანხა ღირს. პროფესული პროგრამების შემთხვევაში კი – არა, რადგან სახელმწიფოს ინტერესია, რომ პროფესიული განათლება რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს და შემდეგ დასაქმდეს. დამსაქმებლის მხრიდან მოთხოვნაც სულ უფრო და უფრო მზარდია. ამიტომაც ყველაფერი – რეგისტრაცია, სწავლა – უფასოა. სხვა საკითხია რამდენად მზადაა აპლიკანტი და რამდენად მაღალია მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

–როდესაც დარეგისტრირებულთა რაოდენობა გამოცდაზე გამოცხადებულთა რაოდენობას ბევრად აღემატება, ამ დროს ხომ ცენტრის რესურსი ტყუილად იხარჯება. ხომ არ იგეგმება, რომ რეგისტრაციაზე გარკვეული გადასახადი დაწესდეს?

–თ.კ: რესურსი, რა თქმა უნდა, იხარჯება. ცენტრი ელის, რომ გამოცდაზე დარეგისტრირებული რაოდენობა მოვა. ლოჯისტიკურადაც და ტესტების შინაარსის კუთხითაც, ჩვენ ყველანაირად მზად ვიყავით, რომ 8 556 ადამიანი მიგვეღო.

გადასახადის დაწესებას რაც შეეხება, ვერ გეტყვით ეს იგეგმება თუ არა. თუმცა, ჩვენი რეალობიდან და სოციალური ფონიდან გამომდინარე, გადასახადის დაწესება მიზანშეწონილი არ მგონია.

–წელს გრანტს რამდენი მიიღებს?

–თ.კ: გრანტი 100 %-იანი გახლავთ. მოგეხსენებათ, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვების ბარიერი არ გვაქვს. ბარიერი დაფინანსებაზე გვაქვს. ანუ, თითოეულ აპლიკანტს, რომელიც გამოცდაზე გამოცხადდა, 25%-იანი  ბარიერი უნდა გადაელახა იმისათვის, რომ 100 %-იანი დაფინანსება აეღო. სახელმწიფო ყველას, ვინც ამ ბარიერს გადალახავს, სრულად აფინანსებდა.

გამოცდაზე გამოსული აპლიკანტებიდან ეს ბარიერი თითქმის ყველამ გადალახა. 1 %-იც კი არაა ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც ეს ვერ შეძლო. ტესტები საბაზო განათლების საფეხურზეა მომზადებული, ისინი ძალიან მარტივად გასაგები და ამოსახნელია და შედეგიც შესაბამისია – ძალიან მცირე გვაქვს ისეთი აპლიკანტების რაოდენობა, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. თუმცა, უფრო დიდია ისეთი აპლიკანტების რაოდენობა, ვინც ვერ  ჩაირიცხა, ვინაიდან მთელი რიგი პროგრამები საკონკურსო იყო.

კონკურსები კი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. უფრო მაღალიც კი, ვიდრე ზოგიერთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვინაიდან პროფესიულ განათლებაში ძალიან ბევრი პროგრამაა ისეთი, რომლის დამთავრების შემდეგაც დასაქმება და ღირსეული ანაზღაურების მიღება მარტივია. ასე რომ, გვქონდა პროგრამები, სადაც ერთ ადგილზე 5-6 მსურველი მოდიოდა. ამიტომ, შესაძლებელია ვთქვათ, რომ  გამოცდაზე გამოსული აპლიკანტებიდან დახლოებით 33 % იყო ისეთი, ვინც ვერ ჩაირიცხა, ვინადიან მათ ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე მოხვედრა უნდოდათ.

–ასეთ აპლიკანტებს მომავალ გამოცდებზე ხელახლა გასვლა  მოუწევთ?

–თ.კ : აპლიკანტს შეუძლია თავისი ქულა შემდეგი მიღებისათვის შეინახოს. მოგეხსენებათ, პროფესიულ პროგრამებზე მიღება ორჯერაა – შემოდგომაზე და გაზაფხულზე.  როდესაც შემოდგომაზე მიღება ხელახლა გამოცხადდება, მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ  და  ქულა შეინახონ. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტი გამოცდაზე აღარ გამოვა, თუმცა მისი ქულა კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. ანუ, რანჟირების დოკუმენტში მოხვდება. ასევე, ქულის გაუმჯობესების შანსიც აქვთ.

წელს კიდევ ერთი სიახლე გვქონდა –  მათ ბოლო მომენტამდე, ანუ გამოცდაზე გასვლისა და ქულის მიღების შემდეგაც შეეძლოთ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ და თავისი არჩევანისათვის გადაეხედათ. მოგეხსენებათ, პროგრამების არჩევანი მიმართულების, ანუ გამოცდის შესაბამისად, შეუზღუდავია. ასეთი ცვლილებებიც განხორციელდა. დაწესებულებებს მაქსიმალურად მცირე რაოდენობის ადგილები დარჩათ. თუმცა, იყვნენ აპლიკანტები, რომელთაც მაინცდამაინც გარკვეულ პროგრამებზე უნდოდათ ჩარიცხვა და სხვა არჩევანის დამატების სურვილი არ გამოთქვეს.

–რომელია  ყველაზე პოპულარული  სპეციალობები?

–თ.კ: ტურიზმის მიმართულების პროგრამები – ტუროპერატორი, გიდი, სასტუმრო საქმე, სარესტორნო საქმე, სომელიე. ამ პროგრამებზე საკმაოდ მაღალი ქულა იყო გამსვლელი – 80-ზე მეტი. ასევე  სოფლის მეურნეობის – მზარეული, კონდიტერი. ძალიან მოთხოვნადი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამებიც. ჩასარიცხად აქაც 75-80-ზე მეტი ქულა იყო საჭირო. ასევე დავასახელებდი ხელოვნების მიმართულებებს – მკერავი, ფეხსაცმლისა და ტყავის დიზაინერი და ა.შ. გარდა ამისა, მცირე ბიზნესის მწარმოებელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო.

2017 წლის პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური