GE

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ მასწავლებლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

„ასწავლე საქართველოსთვის“ – მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში პროგრამის მონაწილე კონსულტანტ მასწავლებლებთან 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის მონაწილე 200-მდე კონსულტანტ მასწავლებელმა ღონისძიების ფარგლებში პროექტის გამოწვევებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე ისაუბრეს. ეს პედაგოგები პროგრამაში გასულ წელს მონაწილეობდნენ და პორტფოლიოს წლიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კვლავ აგრძელებენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების სკოლებში სწავლებას. კონსულტანტ მასწავლებლებს ასევე გადაეცათ შუალდურ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ქვეპროგრამის მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ქვეპროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება.

2017-2018 სასწავლო წელებში პროგრამამ მოიცვა საქართველოს 10 რეგიონი, 31 მუნიციპალიტეტი, 106 სკოლა და 7274 მოსწავლე. ქვეპროგრამაში მიმდინარე წელს საპილოტე რეჟიმში იგეგმება დისტანციური სწავლების გამოყენება ინგლისური ენის მიმართულებით, ხოლო მომდევნო წლებში სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამის მონაწილეები 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები გახდნენ (დაწყებითი განათლების კონსულტანტ-მასწავლებელი – ნინო ჭიჭინაძე – ათეულის ფინალისტი და ქვეპროგრამის ყოფილი მონაწილე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა კოტორაშვილი) მათი პირველი ნაბიჯები მასწავლებლის პროფესიაში და მიღწეული წარმატება პროგრამაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით 2000-მდე აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა.

სკოლებში, სადაც ქვეპროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები ასწავლიან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საატესტატო გამოცდების შედეგები. მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონსულტანტ-მასწავლებლები ზრუნავენ საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის. ქვეპროგრამაში არიან უფროსის, წამყვანის და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები (საქართველოს მასშტაბით ცხრა მენტორიდან ერთი მენტორი პროგრამის მონაწილეა). მონაწილეთა 25% ფასილიტატორია და ამ მიმართულებითაც უდიდეს დახმარებას უწევენ სკოლებს და ადგილობრივ მასწავლებლებს.

ქვეპროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ პედაგოგებთან, ზრუნავენ მათ პროფესიულ განვითარებაზე, უზიარებენ ქვეპროგრამის ფარგლებში გავლილი ტრენინგებიდან შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას, სასწავლო პროცესს გეგმავენ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგებს პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური