GE

ქართველი სტუდენტი იაპონიაში, რომელსაც ყველა სტუდენტის ოცნება აუხდა – „აქამდე ეს ზღაპრულად წარმომედგინა“

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში სასწავლებლად წასვლა უამრავი ახალგაზრდის მიზანია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის – იაპონიის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლაზე ოცნებას ყველაზე თამამებიც კი იშვიათად ბედავენ. არადა, როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არაა ისეთი შორეული და შეუძლებელი, როგორც ჟღერს. ამაში ჩვენი რესპონდენტი, დაჩი ჯანელიძე თავად დარწმუნდა, როდესაც ერთი შეხედვით მიუღწეველი ოცნება ხელშესახებ რეალობად ექცა.

დაჩი ახლახანს კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kyoto University of Advanced Science) მექანიკური და ელექტრონული სისტემების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. მას სრულად დაუფინანსდა სწავლაცა და იაპონიაში ცხოვრების ხარჯებიც, რადგან დაჩიმ, უნივერსიტეტის შიდა სტიპენდიასთან ერთად, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიაც მოიპოვა.

დაჩი ჯანელიძე სტარტაპ და სოციალური ენტერპრენერი და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორია. გეიმ დეველოპერული კომპანია “Black Room Games”-ისა და სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქრის” დამფუძნებელი. მიუხედავად საკმაოდ შთამბეჭდავი განათლებისა და წარმატებული კარიერისა, სურვილი, რომ მეტი განვითარებისათვის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულიყო, დიდი ხანი ჰქონდა. ჰქონდა მცდელობაც, თუმცა, წარუმატებელი. ამბობს, რომ იაპონიაში წასვლაზე არც კი უოცნებია მანამ, სანამ საკონსულტაციო სააგენტო PRIME STUDY-სა და აქ არსებული უნიკალური შესაძლებლობების შესახებ არ შეიტყო. შესაძლებლობა თავიდან გამოწვევად მიიღო, მოგვიანებით კი იგი რეალობად იქცა, თუმცა მანამდე საკმაოდ რთული და შრომატევადი გზის გავლა მოუწია, რომელიც PRIME STUDY-მ მნიშვნელოვნად გაუმარტივა – საკონსულტაციო სააგენტომ თავის თავზე აიღო არაერთი პროცედურის მოგვარებაც, რომლის გარეშეც სასურველი შედეგი უბრალოდ ვერ დადგებოდა.

-დაჩი, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი მექანიკური და ელექტრონული სისტემების ინჟინერიის ფაკულტეტთან და Kyoto University of Advanced Science-თან დაკავშირებით და როგორ შეძელით მიზნის მიღწევა, რა გზა გაიარეთ იაპონიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მოხვედრამდე?

-თავდაპირველად მათი გვერდი შევისწავლე და მოთხოვნა გავგზავნე. პირველი ეტაპი გადავლახე – მომივიდა პასუხი, რომ ჩემი კანდიდატურით დაინტერესდნენ. შემდეგ იქაურ პროფესორთან გასაუბრება მქონდა და გამიმართლა, რომ ჩემით და ჩემი საქმიანობით დაინტერესდნენ. შემდეგ ნაწილობრივი შიდა დაფინანსება მოვიპოვე, რომელიც სწავლის ხარჯებს ფარავდა. ასევე მოვიპოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებელ და სწავლის დანარჩენ ხარჯებს დაფარავს. აქაც აპლიკაცია შევავსე მათ პლატფორმაზე და გასაუბრება გავიარე. ეს უკვე ბოლო ეტაპზე იყო. ანუ, მანამდე უნივერსიტეტიდან თანხმობა და დაფინანსება უკვე მიღებული მქონდა.

-რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში განათლების საკონსულტაციო ცენტრმა PRIME STUDY?

-გადამწყვეტზე კიდევ უფრო მეტი. ეს შესაძლებლობა სწორედ PRIME STUDY-დან წამოვიდა და იგი ჩემს სურვილებს იდეალურად მოერგო. მთელი ეს პერიოდი მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. მე მანამდეც მქონდა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მცდელობა, მაგრამ წარუმატებელი. ახლა კი ძალიან კომფორტული იყო ის, რომ უნივერსიტეტთან საკომუნიკაციოდ, ერთგვარად, ჩემი წარმომადგენლები მყავდნენ. ამან ეს პროცესი ბევრად გააადვილა.

-რა შესაძლებლობებს გთავაზობთ აღნიშნული უნივერსიტეტი და კონკრეტულად მექანიკური და ელექტრონული სისტემების ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა?

-როგორც უკვე ვახსენე, განათლება აქაც მაგ სპეციალობით მაქვს მიღებული და გასაკვირი არ არის, რომ გაღრმავების თვალსაზრისით ისევ ამ კუთხით წასვლა გადავწყვიტე. კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია და ენტერპრენორული მიმართულების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომ, ჩემთვის ეს იყო იდეალური ადგილი, სადაც კი შემეძლო წავსულიყავი, რადგან ენტერპრენორული გამოცდილება და განათლება საინჟინრო მიმართულებით მქონდა. სწორედ ამ ორი მიმართულების ნაზავია ეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, რომელიც ძალიან მაგარ რაღაცეებს აკეთებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გამიმართლა და ამ უნივერსიტეტის ამ ფაკულტეტზე მოვხვდი.

-როგორ ფიქრობთ, როგორი სტუდენტური ცხოვრება გელით და რა პერსპექტივები გეშლებათ წინ აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას? როგორია თქვენი მოლოდინი?

-მოლოდინები უსაზღვროა და რეალობაც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ იგივე სპეციალობის ვარ, სუფთა თეორიული თვალსაზრისითაც კი მაინც ძალიან ბევრ რამეში მიწევს დაწევა. ეს ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული უნივერსიტეტია და დარგის მოწინავე სპეციალისტი პროფესორები ჰყავს. მაგალითად ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი მსოფლიო დონის ცნობილი პროფესორია. გარკვეული მოლოდინები მქონდა, თუმცა იმდენი ახალი რამ აღმოვაჩინე, აქამდე რომ ვერ ვიფიქრებდი. მანამდე მხოლოდ ზღაპრულად წარმომედგინა, რომ სადღაც ვიღაც ადამიანები მიკრო მექანიკურ ჩიპებს აწარმოებენ, ახლა უშუალოდ მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. უნივერსიტეტს აქვს ლაბორატორიები, სადაც ამ მიმართულებით მუშაობენ. ძალიან ბევრი ისეთი დარგი, რომელზეც აქამდე არაფერი ვიცოდი, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დონეზეა განვითარებული.

სწავლა დისტანციურად უკვე დავიწყე. წასვლას, პანდემიის გამო, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, თუმცა არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ პირველივე სემესტრში, დეკემბრიდან მოვახერხო იაპონიაში გამგზავრება და სწავლის ჩვგამოყნებასეულებრივ რეჟიმზე გადასვლა. როგორც უკვე ვთქვი, თეორიულ ნაწილშიც კი ბევრ საკითხში დაწევა მიწევს. დროის თვალსაზრისითაც მაქვს სირთულეები, რადგან აქ ისევ მუშაობა მიწევს, რათა თავი ვირჩინო და სწავლისთვის ნაკლები დრო მრჩება. რა თქმა უნდა, მირჩევნია უკვე იქ ვიყო და სრულად სწავლაზე ვკონცენტრირდე.

-მართალია, ჯერ მხოლოდ ცოტა ხანია რაც სწავლა დაიწყეთ, თანაც დისტანციურად, მაგრამ თუ შეგიძლიათ შეადაროთ იქაური და აქაური განათლების სისტემა ერთმანეთს? არის თუ არა თვალშისაცემი განსხვავება?

-განსხვავება მართლაც კოლოსალურია. აქ (გულისხმობს ქართულ უნივერსიტეტს) ყველაფერს თეორიულად ვსწავლობდით და წარმოგვედგინა, რომ სადღაც ვიღაც ჯადოსნური ადამიანები ამას პრაქტიკაში იყენებდნენ. ახლა კი ამ ტექნოლოგიებზე უნივერსიტეტის ლაბორატორიებში, ჩემი პროფესორები და კურსელები მუშაობენ.

ანუ, სწავლება იქ ბევრად პრაქტიკაზე ორიენტირებულია. ყველაფერს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც უყურებენ. მაგალითად, როცა რაღაც ტექნოლოგიას ამუშავებენ, ითვალისწინებენ იმასაც თუ რამდენად ძვირი დაჯდება, რამდენად მოერგება ბაზარს და ა.შ. საქართველოში სწავლისას კი ეს საკითხები ჩვენთვის სულერთი იყო, რადგან მაინც სადღაც ვიღაცას უნდა გაეკეთებინა.

-როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2 წლის მერე, რას გეგმავთ სწავლის დასრულების შემდეგ და როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას? საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ, როგორ ისურვებდით მის განვითარებას?

-ლექციებს რომ ვუსმენ, სულ ვფიქრობ რა შეიძლება უკვე დღეს საქართველოში „გადმოპორტირდეს“და აქაც შევძლოთ რაღაც-რაღაცეების კეთება. შეიძლება მიკრო ჩიპი ვერ ავაწყოთ, მაგრამ მაგალითად სილიკონის ფირფიტის გაკეთება, რომელიც ჩიპის ასაწყობადაა საჭირო, ჩვენთან ვცადოთ. ამ მიმართულებით ჩვენც მივდივართ ცოტა წინ და იმედია შეიქმნება ადამიანური რესურსი, რომელიც შეძლებს თავისუფლად მიიღოს ის ხიდი, რომლის გაბმაც თუნდაც იაპონიასთან შეიძლება.

დიდი ალბათობით, მე ისევ სტარტაპ და ენტერპრენორული ხედვისა და მისწრაფებების ერთგული დავრჩები, ღრმა, საფუძვლიან და დღესდღეობით ყველაზე ახალი და საჭირო მიმართულებით მივიღებ ცოდნას. რაც მთავარია – ახალი კონტაქტები და იდეის გენერირებისათვის საჭირო რესურსი გამიჩნდება. უკვე ვახსენე, რომ რამდენიმე ისეთი საგანია, რომელიც გაგონილიც კი არ მქონდა. მაგალითად, ერთ-ერთი ლაბორატორია ენერგიის ციფრულ პაკეტებად გაგზავნის შესაძლებლობაზე მუშაობს. ძალიან ინოვაციური და რევოლუციუირი დარგია. ასე რომ, ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამ შემდეგ, მაგრამ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას შევეცდები.

-რა იქნებოდა თქვენი რჩევა, გნებავთ მოწოდება იმ ახალგაზრდებისადმი, რომლებიც უცხოეთში განათლების მიღებაზე ოცნებობენ, რა შესაძლებლობები აქვთ მათ ოცნების ასასრულებლად?

-ახლა ბევრად მეტი საშუალება აქვთ ახალგაზრდებს, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება შეძლონ, ვიდრე ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ან მანამდე იყო. ბევრი ფიქრობს, რომ უცხოეთში სასწავლებლად წასვლა სულაც აღარაა საჭირო და უცხოური განათლების მიღება ონლაინაც შეიძლება. თუმცა, ახალგაზრდებს მე მაინც მოვუწოდებდი, რომ თვალსაწიერის გასაფართოებლად და მეტი ინფორმაციის მისაღებად სასწავლებლად უცხოეთში წავიდნენ, რათა ქვეყანამ პროგრესირება ნახტომისებურად შეძლოს. ვურჩევდი, რომ იყვნენ საკმარისად ჯიუტები, არ დანებდნენ მარცხის მიუხედავად, კომფორტის ზონას გაერიდონ და საკუთარი თავის განვითარებაზე, სირთულეების გადალახვაზე იფიქრონ, რადგან ჩემი დაკვირვებით, სირთულის გადალახვა ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია.

(R)

იხილეთ ინფორმაცია ქართულ ენაზე:
კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS)
მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა
მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური