GE

ქობულეთში სკოლა კორონავირუსის გავრცელების გამო დაიხურა – COVID-19 მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუდასტურდათ

ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით დაიხურა და სწავლას სრულად დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სკოლაში გასულ კვირაში მეორე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ვირუსი დაუდასტურდათ, რის შემდეგაც ჯერ კონკრეტული კლასები გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა 18 თებერვალს კორონავირუსი პედაგოგს აღმოაჩნდა, გუშინ კიდევ 8 პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი, რის შემდეგაც სკოლა დროებით დაიხურა.

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა სიხარულიძის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მუდმივად ვუკავშირდები საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ვიღებთ რეკომენდაციებს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიმპტომები არ აქვთ. შედარებით ემოციური ფონი აქვთ პედაგოგებს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან სკოლის დირექტორი ნანა სიხარულიძე.

მესამე საჯარო სკოლა ქალაქში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლაა, სადაც 729 მოსწავლე სწავლობს.

შეგახსენებთ, აჭარაში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს აღდგა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლება მხოლოდ 70-მა მოსწავლემ აირჩია. ყველა სოფელსა და დაბაში სასწავლო პროცესი სრულად აღდგა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური