GE

ქობულეთსა და ბათუმში კორონავირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ

აჭარის სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. დაბა ჩაქვში, ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადვიდა. ვირუსი მე-10, მე-11 და მე-6 კლასის მოსწავლეებს დაუდასტურდა. ასევე ინფიცირებულია სკოლის ტექნიკური პერსონალი. ერთ-ერთი პედაგოგის განცხადებით, ინფიცირებული მოსწავლეები სკოლის ბაზაზე არსებულ დღის პანსიონატშიც ირიცხებიან, სადაც 17 მოსწავლე სწავლობს. ისინი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

სასწავლო დაწესებულებაში გეგმიური PCR ტესტირება ორშაბათს ჩატარდა. სკოლა დღეს, 14 აპრილს დაიხურა და ონლაინ სწავლების მოდელზე გადავიდა. დირექტორი, ჯემალ ბასილაძე აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება სკოლის შიდა სივრცეს არ უკავშირდება, ინფიცირების შემთხვევები ოჯახური კონტაქტებია.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ეს რიგით მერვე საჯარო სკოლაა, რომელიც დროებით დაიხურა.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით სკოლებში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი 75 პროცენტს შეადგენს.

დღეს ქობულეთის სოფელ ლეღვას 1-ელ საჯარო სკოლაში, რომელიც კოვიდის გავრცელების გამო ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე იყო, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ გელაურის დასახლებაში არსებული მე-6 საბავშვო ბაღია დახურული.

დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ერთი კლასი. სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, მოსწავლე ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი კლასი იზოლაციაში იმყოფება.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური