GE

რა აკლია დღეს სკოლას მოსწავლის შემოქმედებითი განვითარებისთვის და როგორ უნდა შევცვალოთ რეალობა

მოსწავლეთა მშობლები არასდროს უჩივიან სკოლაში ხელოვნების საგნის სწავლების ხარისხს. მათგან არც სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრეტენზიები ისმის და არც პედაგოგებს აკრიტიკებენ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ თითქმის ყველა მშობელი შვილს რომელიმე სახელოვნებო წრეზე ატარებს, უმეტესად იმ მოტივით, რომ – „ბავშვს ნიჭი შეამჩნია“, სკოლის როლი კი მშობლისთვის მოსწავლის ნიჭის გამოვლენა სულაც არ არის, ან არ იცის ამის შესახებ.

პროფესიით ფილოლოგი, მხატვარი-პორტრეტისტი ხათუნა ფერაძე კი გადაჭრით ამბობს, რომ „მოსწავლეში შემოქმედებითი უნარების განვითარება ნომერ პირველი მიზანი უნდა იყოს, როგორც სკოლის ისე, სახელმწიფოსა და მასწავლებლისთვის“.

პროფესიით აღმოსავლეთმცოდნემ ხატვა 40 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი ის წარმატებული ფერმწერი და გრაფიკოსია, არაერთი ჯილდოს მფლობელი და ადრეულ ასაკში მოსწავლისთვის შემოქმედებითი უნარების გამღვივებლად სწორედ სკოლა და მასწავლებელი ესახება. იმ რეალობის გამოსწორების გამოსავალს, რაც დღეს შემოქმედებითი განვითარების მიმართულებით საქართველოს სკოლებშია, არსებული მიდგომების ცვლილებაში ხედავს.

ხათუნა ფერაძე: ვითარება შემდეგია: დღეს, ჩვენი სკოლის მოსწავლე, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული ბაზისური ცოდნის მქონე პიროვნებაა, მაგრამ მას არა აქვს ამ ცოდნის გარდაქმნის უნარი. ეს კი მის შემდგომ თვითრეალიზაციას აფერხებს. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუშალოს ამ შეფერხებას, ეს კი უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და ამასთანავე, განათლების სისტემის დახმარებით. შემოქმედებითი აზროვნების განსა¬-ვითარებლად საჭიროა ბავშვის შემოქმედებითი ქცევის განმტკიცება და მისთვის მისაბაძი ნიმუშების ჩვენება. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი აზრის გამოთქმისა, თუნდაც ეს მცდარი აზრი იყოს! არ უნდა დავცინოთ მას და ვეკამათოთ აზრის შესაცვლელად! მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი! მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ის ცდება, მიდგომა უნდა შევცვალოთ მისადმი და წარვმართოთ ჩვენი სტრატეგიით ისე, რომ მას არც გული გავუტეხოთ და არც სახელი – იმისთვის, რომ მოსწავლეში შემოქმედებითი უნარები განვითარდეს დღევანდელ სკოლებს, სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული მიდგომების შეცვლა სჭირდებათ. მოსწავლეში შემოქმედებითი უნარების განვითარება უნდა იყოს ნომერ პირველი მიზანი, როგორც სკოლის ისე, სახელმწიფოსა და მასწავლებლისთვის.

– დღეს რამდენად შესაძლებელია, რომ სკოლამ გაუჩინოს მოსწავლეს შემოქმედებითი ინტერესები, თუ მას ოჯახი არ ატარებს სხვადასხვა წრეზე?

– შესაძლებელია თუ შევცვლით მიდგომებს. არიან ბავშვები, ერთეულები, რომელნიც ყველასაგან დაუხმარებლად ახერხებენ თავისი ნიჭის აღმოჩენას და რეალიზებას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათ იმედად არ უნდა დავტოვოთ მომავალი. მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ საკუთარი თავის აღმოჩენასა და რეალიზებაში. ბავშები საოცრად ცნობისმოყვარენი არიან და სიახლეები იზიდავთ… ჩვენ კი ხშირად, ჩვენი აზრის თავზე მოხვევით, ვუკარგავთ მათ საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილს. გარემო დიდ როლს ასრულებს შემოქმედებითობის განვითარებაში. ამ შემთხვევაში, მისი შემოქმედებითი უნარი მხოლოდ პოტენციის სახით რჩება. იშვიათად შევხვდებით ისეთ ბავშვს, რომელიც შემოქმედებითობას არასასურველი გარემოს ზეგავლენის მიუხედავად ინარჩუნებს. ამიტომაც, ოჯახური ფაქტორის როლი, სასკოლო გარემოს სწორი ორგანიზება შემოქმედებითობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ გამოსავლად ჩავთვალოთ ბავშვის რომელიმე წრეზე ტარება, მე ამაში ვერ ვხედავ ლოგიკას…

– მაშ როგორ ხედავთ სისტემის, სკოლისა და მასწავლებლის როლს შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნის მიღწევისთვის?

– იმისათვის, რომ დღეს მოსწავლე სკოლაში შემოქმედებითად განვითარდეს, საჭიროა საგანმანათლებლო სტრუქტურებმა ხელი შეუწყონ მოსწავლის კრეატიულობის აღმოჩენას და განხორციელებას. მოსწავლე არის უძირო ჭურჭელი, რომლის გასავსებადაც საჭიროა არა მარტო „ჭურჭლის სითხით ავსება“, არამედ ამ სითხის „ქმიური შემადგენლობაც“… მოსწავლეს სწორად უნდა მიაწოდო მოტივაცია, უნდა შეუწყო ხელი მისი კრეატიულობის ამოფრქვევას და რეალიზებას… აქვე აღვნიშნავ, რომ მასწავლებლის მოტივირებაც მნიშვნელოვანია, რამეთუ, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ცალმხრივი ამქვეყნად არაფერი ვარგა, ნაყოფს ვერ გამოიღებს! მოსწავლემ და მასწავლებელმა ერთად, ერთგულად, მხარდამხარ უნდა გაიარონ ყველა ის საფეხური, რომელიც მიიყვანს შედეგამდე ორივეს. პრობლემის დასმა, ჰიპოთეზების შემუშავება, მათი გადამოწმება, სწორი გადაწყვეტილების პოვნა და ამ ცოდნის გათავისება არსებითია შემოქმედებითობის განვითა¬რებისათვის. ამ შემთხვევაში, მოსწავ¬ლის მიერ მიღებული ცოდნა მტკიცეა, ემოცია – დადებითი და შესაბა¬მი¬სად, დამახსოვრებაც უკეთ ხდება. კლასებში უნდა შეიქმნას სპეციალური კლიმატი. აღჭურვილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი ტექნიქით, რათა მოსწავლე ადგილზე გაეცნოს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს, ხელოვან ადამიანებს, მათ ცხოვრებას, ამის ჩვენება უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკის საშუალებით. გაკვეთილები უნდა იყოს საინტერესო, მხიარულიც, გართობა-თამაშით გაჯერებული. უნდა მოხდეს მოსწავლეთა გაყვანა საგამოფენო სივრცეებში, ჩვენი, ქართვლი ხელოვანების გაცნობა, მასტერკლასები, თუნდაც ბუნებაში… მოსწავლე უნდა შეახედო ხელოვანის სახელოსნოში, ან აზიარო ამას ბუნებაში…

– შეუძლია თავად მოსწავლეს, დაეხმაროს საკუთარ თავს შემოქმედებითი ნიჭის ჯერ აღმოჩენაში და შემდეგ განვითარებაში?

– ზოგადად, ადამიანის აზროვნება არსებული პრობლემების გადაჭრისკენ არის მიმართული, რაც აუცილებელია საზოგადოებაში მისი არსებობისათვის. შემოქმედებითი აზროვნება კი პიროვნების შინაგანი განწყობით არის განპირობებული და თავად პოულობს განხორციელების გზებს. შემოქმედებისათვის აუცილებელია, რომ აზროვნება თავისუფალი იყოს სტერეოტიპების ზეგავლენისაგან. იგი გულისხმობს რისკზე წასვლის, წინააღმდეგობის გადალახვის, შინაგანი მოტივაციის, გარშემომყოფთა აზრისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარებს. ესაა ამოსავალი ამ ყველაფრიდან და მხოლოდ ამის მერე მოვიმკით სასურველ შედეგებს.

ასევე იხილეთ:

მადლიერება: მასწავლებლის ძლიერი იარაღი საკლასო ოთახში – პრაქტიკული მეთოდი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური