GE

რა არის მაგისტრატურა საქართველოში

2005 წელს ბერგენის სამიტზე საქართველომ ხელი მოაწერა “ბოლონიის დეკლარაციას”, რომლის მიზანიც უმაღლესი განათლების საერთო ევროპული  სივრცის შექმნაა.  იგი  ევროპული უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას და სისტემურ თავსებადობას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეკლარაციის მიერ განსაზღვრული რეფორმების განხორციელების სურვილი წევრმა ქვეყნებმა თავად გამოთქვეს და ეს ევროკავშირის ინიციატივა არ გახლდათ.

საქართველოსთვის ამ პროცესში ჩართვა ერთგვარი გამოსავალი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეში გამეფებული კორუფციის აღსაკვეთად, ამასთან  განათლების სისტემა სტრატეგიული დაგეგმვის, ინოვაციური სწავლებისა, განახლებული კურიკულუმებისა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ნაკლებობას განიცდიდა. საყურადღებოა ისიც, რომ განათლების ორსაფეხურიანი (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) სისტემა ბოლონიის დეკლარაციამდე გაცილებით ადრე, 1994 წელს დაინერგა, როდესაც საბჭოთა პერიოდის უმაღლესი განათლების გერმანული მოდელის  ანგლოსაქსური საგანმანათლებლო მოდელით ჩანაცვლება დაიწყო. ცვლილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვით დაიწყო და ეტაპობრივად სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოიცვა.

საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურებსა და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს “საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ”, რომლის თანახმადაც,  მაგისტრატურა არ უნდა მოიცავდეს 120 კრედიტზე ნაკლებს. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ერთი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ დაგროვებული კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 60-75 კრედიტს. საქართველოს კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი საგანმანათლებლო საფეხურის შემადგენელი კრედიტების მაქსიმალურ ზღვარზე, რაც ნიშნავს, რომ კანონი ადგენს კრედიტების მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას, თუმცა არ ზღუდავს კონკრეტულ უნივერსიტეტსა თუ პროგრამას კრედიტების მაქსიმალური ოდენობით, რომლითაც შესაძლოა განისაზღვრებოდეს ხარისხის მინიჭების პრინციპი.

ბოლონიის პროცესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. ბერლინის კომუნიკეს თანახმად, პროცესში მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ ხარისხის განვითარებას ინსტიტუციურ, ეროვნულ და ევროპულ დონეებზე, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან უმაღლეს სასწავლებლებს არ ათავისუფლებს. ასე რომ ხელშეკრულება სწავლების ხარისხის კონტროლის რამდენიმე ერთეულის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს:

ა) უნივერსიტეტებში უნდა არსებობდეს ხარისხის კონტროლის სამსახური, რაც საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებულია და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მსგავსი ერთეული არსებობს, რომლებიც ყოველი წლის ბოლოს საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებენ.

ბ) ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტების დანერგვა კვალიფიციების შედარების მიზნით, რაც მოიცავს უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია სერთიფიცირებას.

გ) აკადემიური პროგრამების შიდა (სტუდენტებისა და პროფესეორების დამოუკიდებელი შეფასებები) და გარე  შეფასება (მონაწილეობენ ადგილობრივი ან მოწვეული ექსპერტები)

საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაზე პასუხისმგებელია ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი, რომელიც იურიდიულად დამოუკიდებელი ერთეულია, თუმცა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) წარმოადგენს. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს განათლების მინისტრი; უფრო მეტიც, 2015-2016 წლებში განათლების მინისტრის მოადგილემ შეითავსა აღნიშნული ცენტრის დირექტორის ფუნქცია. ხოლო 2016 წლის ივლისში ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე დაინიშნა.

აღნიშნულთან დაკავშრებით, სოციალური მეცნიერებების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში „ბოლონიის პროცესების შეფასება საქართველოში“ ვკითხულობთ:

„ცხადია, რომ ხარისხის მართვის სამსახურს არ აქვს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა და მასზე გავლენის მოხდენა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ადვილია; ეს კი ხელს უშლის ცენტრის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას“.

ამავე ორგანიზაციის კვლევის „აკადემიური პროგრამების შედეგებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის“ მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (61%) აღნიშნავს, რომ დღეს, საქართველოში სასურველი სამსახურის საშოვნელად მაგისტრის ხარისხი აუცილებელია, რასაც დასაქმებული მაგისტრანტების 46% იზიარებს, 44%-ის აზრით კი ბაკალავრიატიც საკმარისია სასურველი სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. მსგავსი განწყობაა დასაქმებულ ბაკალავრებს შორისაც 56%-ს მიაჩნია, რომ ბაკალავრის ხარისხი საკმარისია, ხოლო 35% იზიარებს მაგისტრის ხარისხის მიღების საჭიროებას. როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, მაგისტრის ხარისხის უპირატესობას აღნიშნავენ ის რესპონდენტები, რომელთაც აქვთ მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი და კვლევის პერიოდში ეძებდნენ სამსახურს.

მაგისტრანტების შემთხვევაში კი, 163 გამოკითხულიდან 91%-ია დასაქმებული, ხოლო 7% სამსახურს ეძებს.

EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მაგისტრატურის დიპლომით სამსახურის პოვნა მარტივია, მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ ბაკალავრიატის და მაგისტრატურა დამთავრებულ პერსონალის ანაზღაურებას შორის განსხვავება არაა.

„საქართველოში არსებობს ორი კვლევა, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელს სწავლობს  და ორივე მათგანის მიხედვით, მაგისტრატურა სტუდენტებს დასაქმებაში ეხმარება, თუმცა შემოსავლებში დიდი განსხვავება არაა“,- აღნიშნავს ჯანაშია.

მაგისტრატურის დიპლომით დასაქმება რომ გაცილებით მარტივია, ამას რესპონდენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისასაც ადასტურებენ, მაგრამ იღებენ თუ არა შესაბამის ცოდნას, ეს მეორე საკითხია:

მაგისტრატურის დიპლომს სამსახურებში ითხოვენ, ამიტომაც სწავლა გავაგრძელე. ამასთანავე, მაინტერესებდა კიდეც ეს პროფესია და ცოდნის გაღრმავებაც მსურდა, რა თქმა უნდა. ბევრი ახალი ვისწავლე და არსებული ცოდნაც გავამყარე. ერთ-ერთი მთავარი პრობლება შეზღუდული რაოდენობის საგნებია. პროფესიის არჩევითი საგნები არ არის საკმარისი კრედიტების შესავსებად. ასე რომ,  გიწევს შენთვის უინტერესო და გამოუსადეგარი რაღაცების სწავლა. გარდა ამისა, არჩევანი იქით იყოს, ზოგიერთი მათგანის სწავლა სავალდებულოცაა. უნივერსიტეტი კი პროფესიულ პრაქტიკულ ცოდნას საერთოდ არ გვაძლევს“,- ამბობს მაგისტრატურის კურსდამთავრებული.

მე-4 კურსელი ნინი მამაცაშვილი სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავს, რადგან თვლის რომ თავის პროფესიულ უნარ-ჩვევებს აქ ვერ გაიღრმავებს:

„სწავლის გაგრძელებას ჩემი პროფესიით ვაპირებ, თუმცა არა საქართველოში. აქ რომ ჩავაბარო, იგივე თეორიული მასალა უნდა გავიარო, რაც წინა 4 წლის განმავლობაში ვისწავლე. შეიძლება ლექტორებიც იგივე მყავდეს. აქ პრაქტიკულ ცოდნას ვერ მივიღებ. ასე რომ, მხოლოდ დიპლომისთვის მაგისტრატურაზე ჩაბარებას არ ვაპირებ“, – ამბობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

როგორც კვლევიდან ვგებულობთ, საჯარო სექტორის წარმომადგენლებმაც არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ მაგისტრატურის კურსდამთავრებულის რეალური ცოდნა და განათლების ხარისხი არ შეესაბამება და ბევრად დაბალია იმ კვალიფიკაციასთან შედარებით, რასაც მას უნივერსიტეტი დიპლომში ოფიციალურად უწერს. რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნულს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ საქართველოში უნივერსიტეტები არ არიან ორიენტირებული სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე, არამედ სტუდენტების რაოდენობაზე, რაც, თავის მხრივ, უნივერსიტეტისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს.

„ძალიან ბევრი უნივერსიტეტი არ არის ორიენტირებული ხარისხზე, ასევე ბევრ კერძო სასწავლებელში ფასები ძალიან მაღალია და განათლება არის ამ ფასის შეუსაბამო, ამას თავად მათი კურსდამთავრებულები ამბობენ“ (საჯარო სექტორი).

„ჩემთვის რაც აკლიათ, არის პრაქტიკული ცოდნა. ნორმალურ უნივერსიტეტში, ბოლო წლები, პრაქტიკულ სამუშაოებს ეთმობა, რაც არ ხდება ჩვენთან, საქართველოში. ადამიანი მოდის მხოლოდ თეორიული ცოდნით“ (კერძო სექტორი).

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომლებიც, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების გაზრდას ეხება. წინამდებარე რეკომენდაციები შემუშავებულია როგორც უნივერსიტეტების, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და განათლების პოლიტიკის დამგეგმავთა საყურადღებოდ:

1. პირველ რიგში, აუცილებელია უნივერსიტეტებმა სათანადოდ შეისწავლონ საქართველოს შრომის ბაზრის სპეციფიკა, თუ რა ტიპის სპეციალისტებზეა უფრო მეტი მოთხოვნა, რა კონკრეტული უნარების განვითარებაა საჭირო სტუდენტებისთვის. შრომის ბაზრის მოთხოვნების ცოდნა დაეხმარება უნივერსიტეტებს განვითარების სტრატეგიის სწორად დაგეგმვასა და რესურსების სწორ განაწილებაში;

2. სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და სასწავლო კურსების შემუშავებისას, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დამსაქმებელთა მოთხოვნები და პრეფერენციები პოტენციურ დასაქმებულთა კვალიფიკაციის მიმართ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია უნივერსიტეტებსა და შრომის ბაზრის წარმომადგენელთა შორის ინტენსიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით;

3. უნივერსიტეტებმა უნდა გააძლიერონ პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსების სწავლება. აკადემიური კურსები ორიენტირებული უნდა იყოს არამხოლოდ დარგობრივი ცოდნის მიცემაზე, არამედ ძლიერი ტრანსფერული უნარების გამომუშავებაზე. სწორედ ძლიერი ტრანსფერული უნარები აძლევს საშუალებას კურსდამთავრებულს, არამხოლოდ სპეციალობით დასაქმდეს, არამედ შრომის ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს და სხვა მიმართულებითაც დასაქმდეს;

4. აუცილებელია სასწავლო პროგრამებში სტაჟირების კომპონენტის გაძლიერება, რადგან სტაჟირების გავლა ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას შემდეგი მიზეზების გამო: ა)სტუდენტებს საშულება ეძლევათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და ისეთი დამატებითი პრაქტიკულ უნარები შეიძინონ, როგორიცაა გუნდური მუშაობა, დროის ეფექტურად მართვა, სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა და ა.შ.; ბ) ფართოვდება სტუდენტების საკონტაქტო წრე; ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ეცნობიან პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნებს, რითაც, სამომავლოდ, საკუთარი დასაქმების შანსს ზრდიან. ამდენად, უნივერსიტეტებმა უნდა დანერგონ სავალდებულო სტაჟირების კომპონენტი სასწავლო პროგრამის კურიკულუმში და თავადვე უზრუნველყონ სტუდენტები სტაჟირების ადგილებით;

5. აუცილებელია სავალდებულო სტაჟირების მონიტორინგის გაძლიერება უნივერსიტეტების მხრიდან, რათა ადგილი არ ჰქონდეს სტაჟირების ფიქტიურად გავლას. ასევე, საჭიროა სტაჟირების ორმხრივი შეფასების სისტემის დანერგვა: თვითშეფასება სტუდენტის მიერ, და სტაჟიორის შეფასება დამსაქმებლის მიერ წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნული შეამცირებს ფიქტიური სტაჟირების რისკებს;

6. საჭიროა კარიერული განვითრების/დასაქმების ცენტრების როლის გაძლიერება და პოპულარიზაცია. აუცილებელია სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა მსგავსი ცენტრების არსებობისა და იმ შესაძლებლობების, სერვისებისა და რესურსების შესახებ, რომლებსაც მსგავსი ცენტრები სთავაზობენ სტუდენტებს.

7. მნიშვნელოვანია დასაქმების ფორუმებისა და პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრების სისტემატიზაცია, რომ მსგავს შეხვედრებს არ ჰქონდეს ფრაგმენტული ხასიათი და სტუდენტები მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ მსგავსი შესაძლებლობების შესახებ;

8. საჭიროა დამსაქმებლების მეტი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, პრაქტიკოსი ლექტორების მოწვევა

9. საუნივერსიტეტო სწავლება ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებასა და ვიწრო სპეციალიზაციაზე, თუნდაც ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე, განსაკუთრებით კი, მაგისტრატურაზე.

ამავე თემაზე:

„პოსტსაბჭოური რეალობა“- ქართული განათლების სისტემა ევროპული სტანდარტების ჭრილში

საქართველოს უნივერსიტეტებში მაღალკვალიფიციური პროფესორების დეფიციტია

„ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და უმაღლესი სასწავლებელი ერქვას“

უნივერსიტეტი ისევ რჩება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ინსტრუმენტად – კვლევა

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური