რა არის მესტიის სკოლებში საგანმანათლებლო რესურსებიდან ყველაზე დიდი პრობლემა – „ამას მხოლოდ სამინისტრო და კომიტეტი ვერ მოაგვარებს“
„გვჭირდება საზოგადოების და სახელმწიფოს ყველა უწყებისა და ინსტიტუციის გაერთიანება და მუშაობა იმისათვის, რომ ზოგადი განათლება ვაქციოთ ჩვენი განათლების სისტემის ძლიერ მხარედ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ტალიაშვილმა 6 ივნისს, სვანეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან და სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატურ მოკვლევას აწარმოებს, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“. მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა, პირველი ზეპირი მოსმენა მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ივნისს გამართა, სადაც ჯგუფის წევრები მესტიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, სკოლების დირექტორებს, სამეურვეო საბჭოებს, მოსწავლეთა მშობლებსაც შეხვდნენ და მათგან მოისმინეს მოსაზრებები მოსწავლეთა საჭიროებებზე.
ჩვენ დავინტერესდით, რა კონკრეტული საგანმანათლებლო პრობლემები გამოიკვეთა მესტიაში სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მოისმინეს ის პრობლემები, რაც სასკოლო განათლებაში არსებობს და რომელიც სახელმძღვანელოებს, მასწავლებლებს და ინფრასტრუქტურას ეხება. ყველაზე მასშტაბური პრობლემა კი, რაც სვანეთში არსებობს, სკოლების ინფრასტრუქტურაა, რომლის მოგვარებაც მოსწავლეთა მცირეკონტინგენტიანობის გამო ვერ ხერხდება.
„სკოლის შენობები საჭიროებენ სარემონტო სამუშაოებს. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ასევე სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა. მაღალმთიანი რეგიონები მცირეკონტიგენტიანი გახდა, რაც ადრე ასე არ იყო. შენობები გათვლილი იყო დიდ კონტიგენტზე, ახლა გამოდის, რომ მცირეკონტიგენტიანმა სკოლამ უნდა შეინახოს დიდ კონტიგენტზე გათვლილი შენობა. გათბობა, იატაკის საფარი, უსაფრთხოება… გათბობის საკითხი მაღალმთიან რეგიონებში საკმაო გამოწვევაა სკოლებისთვის. რემონტისა თუ სხვა სამუშაოების განხორციელება მცირეკონტიგენტიან სკოლებში ძალიან რთულია. ამიტომაც, სახეზეა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც გამოიხატება სპორტული დარბაზის, კომპიუტერული ლაბორატორიების, თუ შენობის კომფორტულობის არქონაში სწავლა-სწავლების პროცესთან მიმართებაში“, – უთხრა ტალიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს.
მესტიის სკოლებში არსებული იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომელზეც ჩვენი რესპონდენტი გვაწვდის ინფორმაციას, ახალი კითხვა ჩნდება – მოესწრება თუ არა ასეთი მასშტაბური სამუშაოების განხორციელება სკოლების სავალდებულო ავტორიზაციისთვის, რომელიც განათლების სამინისტროს მტკიცებით, 2027 წელს უნდა დასრულდეს.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით კი, არსებულ პრობლემებს ვერც განათლების სამინისტრო მოაგვარებს და ვერც განათლების კომიტეტი.
მისი განცხადებით, ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც შესაბამის უწყებებს დაეგზავნება იმისათვის, რომ მოხდეს ამ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე რეაგირება.
„ჩემი პოზიცია გახლავთ ის, რომ განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისათვის გვჭირდება გაერთიანება, კოორდინირებული მუშაობა უწყებებისა სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად ის, რომ სკოლა ხდება მცირეკონტიგენტიანი, ამაში დამნაშავე არ არის თვითონ სკოლა. ამის მიზეზია დემოგრაფიული თუ ქვეყნის შიგნით არსებული მიგრაციის საკითხები. როცა ზოგადი, სასკოლო განათლება ქვეყანაში იქნება განათლების ძლიერი ფუნდამენტი და დასაყრდენი, მაშინ ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება. თუ გვინდა, ქვეყანაში ძლიერი სასკოლო განათლება გვქონდეს, ყველა სახელმწიფო უწყება, ეს იქნება ეკონომიკის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის თუ სხვა სფერო, ჩვენ გვერდით უნდა დადგეს. ასე დავძლევთ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და ახლაც, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, გლობალურ გამოწვევებთან ერთად არსებობს“, – ამბობს თამარ ტალიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან.
გარდა ინფრასტუქტურისა, თემატური მოკვლევის ჯგუფმა სხვა პრობლემებიც დააფიქსირა: მცირეკონტიგენტიან სკოლებში კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე პედაგოგების დეფიციტია, სკოლებს სჭირდებათ რესურსების მობილიზება, რომ არაფორმალური განათლების კუთხით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები და ა. შ.
ასევე იხილეთ:
სასკოლო წიგნებისა და სკოლების სხვა რესურსების ეფექტიანობას პარლამენტში შეაფასებენ
„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“
მთავრობა 80 ახალი სკოლისა და 90 საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება