GE

რა გადაწყვეტილება აქვს განათლების სამინისტროს სხვა სკოლებთან მიერთებული საჯარო სკოლებისთვის ავტორიზაციის პროცესში

„გასულ წლებში საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ზოგიერთი საჯარო სკოლის ოპტიმიზაციის პროცესი სხვა საჯარო სკოლებთან მიერთების გზით“, – წერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში და პარლამენტისგან მხარდაჭერას ითხოვს.

საკითხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს და ამ ეტაპზე მხარდაჭერილია.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ზოგიერთი ოპტიმიზებული სკოლების შენობებში ახლაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, თუმცა, იმ სკოლების ადმინისტრირების ქვეშ, რომლებსაც აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მიუერთდა, მოსწავლეთა მშობლები კი სკოლების გაყოფას ითხოვენ, რაც სკოლების ინდივიდუალურად ავტორიზაციას გამოიწვევს.

მოთხოვნილი ცვლილების თანახმად, სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, ასეთი სკოლების გაყოფის/დეოპტიმიზაციის შემდეგ, უკვე დამოუკიდებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ფუნქციონირების შესაძლებლობა დამატებითი ვალდებულებების შესრულების გარეშე ჰქონდეთ, 2030- 2031 სასწავლო წლის დაწყებამდე კი სამინისტრომ მათი ეტაპობრივი ავტორიზაცია განახორციელოს.

„სამინისტროში პერიოდულად შემოდის მომართვები ოპტიმიზებული სკოლების მშობლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დეოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დეოპტიმიზაციისა და შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება, რაც წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას და რომლის მიზანია, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. აღნიშნული სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს მატერიალური რესურსების, ადამიანური რესურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

„დეოპტიმიზაციის შემთხვევაში, ხელახალი ავტორიზაციის გავლის ვალდებულება წარმოეშვება როგორც ძირითად საჯარო სკოლას, ისე, მიერთებულ სკოლასაც. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეალობისა და ადგილობრივი თემის საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგეს რომელიმე საჯარო სკოლის დეოპტიმიზაციის და ძირითადი სკოლისგან გამოყოფის აუცილებლობა, მიზანშეწონილია, გარდამავალ პერიოდში დასაშვები გახდეს სკოლის რეორგანიზაცია/გაყოფა და დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახით ფუნქციონირება დამატებითი პროცედურების გავლის გარეშე“, – ვკითხულობთ კანონის პროექტში.

პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ კი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი პუნქტი დაემატება, რომელიც ასე ჟღერს:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის/გაყოფის შედეგად სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030- 2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია“.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტროს აღიარება – „სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გახანგრძლივდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური