GE

რა მთავარი შეცდომა არ უნდა დაუშვას აბიტურიენტმა გეოგრაფიის გამოცდაზე – რეკომენდაციები „ნაეკისგან“

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის ტესტში  ცვლილებები დაიგეგმა. როგორც უკვე ცნობილია, რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აზრით, აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ტესტის მაქსიმალური ქულა  59 გახდება. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფმა რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გეოგრაფიის გამოცდაზე არასწორი პასუხების ან დაშვებული შეცდომების დიდი ნაწილი განპირობებულია დავალების პირობის არაადეკვატური გაგებით. აბიტურიენტები საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე აყალიბებენ პასუხს. შედეგად კი მათი პასუხები არ შეესაბამება კითხვის პირობას და ვერ იმსახურებს შეფასებას.

„ნაეკი“ აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ აუცილებელია დავალების ინსტრუქციის/შინაარსის ყურადღებით წაკითხვა და პასუხების ფორმულირება მასში მოთხოვნილი პირობის მიხედვით. აბიტურიენტებმა მომზადების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთონ რუკაზე მუშაობის (რუკის კითხვა და ანალიზი), საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად და ლაკონიურად ჩამოყალიბების უნარების განვითარებაზე.

„ნაეკი“ 30 დეკემბრის ვრცელ ანგარიშში განმარტავს იმასაც, რომ საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.

ასევე იხილეთ:

2022 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური