„მათემატიკაში ასეთი ნაშრომი ნული ქულით შეფასდება“ – რაზე აფრთხილებს აბიტურიენტებს საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი
თუ 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად მათემატიკას აბარებთ უნდა იცოდეთ, რომ ქულები, შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც მოიპოვოთ, თუ წერითი დავალება ბოლომდე არ შეგისრულებიათ და პირიქით, შესაძლოა, პასუხების ფურცელზე სწორი პასუხი დაწეროთ, მაგრამ ნული ქულა მიიღოთ.
როგორც შფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი მათემატიკაში, ზაზა თევდორაძე ამბობს, ამას თავისი მიზეზები აქვს.
“წერითი დავალება იმით გამოირჩევა დახურული ტიპის დავალებისაგან, რომ პასუხების ფურცელზე, შესაბამის ადგილას, აუცილებლად უნდა დაწეროთ თითოეული დავალების ამოხსნა. ეს ამოხსნა კი უნდა იყოს ლოგიკურად დასაბუთებული, დაწვრილებით, რომ გამსწორებელმა გაიგოს თქვენი ნააზრევი. თუ მაგალითად ამოხსნა გაქვთ შავ ფურცელზე და პასუხების ფურცელზე მას არ გადაიტანთ და დაწერთ მხოლოდ საბოლოო პასუხს, ასეთი ნაშრომი ნული ქულით შეფასდება. ამიტომ, ყურადღებით ვიყოთ, რომ თქვენი ნააზრევი, რაც შავ ფურცელზე გქონდათ დაწერილი, აუცილებლად გადაიტანოთ თეთრ ფურცელზე.
ასევე, არ შეგეშინდეთ, რომ თუ ბოლომდე ვერ ამოხსენით ამოცანა, თქვენი ნააზრევი პასუხების ფურცელზე მაინც გადაიტანეთ, იმიტომ, რომ ეს მაღალქულიანი დავალებები არამხოლოდ უმაღლესი ან ნული ქულით ფასდება, არამედ ყველა შუალედური მთელი ქულით”, – განმარტა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამართულ ონლაინ ღია კარის დღეზე ზაზა თევდორაძემ.
მაგალითად: “სამქულიანი თუა დავალება, შეიძლება, თქვენი ნაშრომი ერთი ქულითაც შეფასდეს, ორი ქულითაც და სამითაც. იმისდა მიხედვით შეფასების სქემით გათვალისწინებული ამოხსნის რა ეტაპამდე მიხვედით. ამიტომ, არასრულად გაკეთებული დავალებებიც აუცილებლად გადავიტანოთ პასუხების ფურცელზე”.
ტესტის სირთულესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე NAECის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მათემატიკაში ტესტი დაახლოებით იმავე სირთულის იქნება, რაც გასულ წლებში იყო, აბიტურიენტს კი ზღვარის გადალახვისთვის სულ 11 ქულა სჭირდება.
“მათემატიკაში მინიმალური ბარიერი არის 20%-ზე მეტი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 11 ქულა. ანუ, თუ თქვენ დააგროვებთ 11 ქულას, ან უფრო მეტს, გარანტირებულად გადალახული გაქვთ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ბარიერი. აქ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ უნივერსიტეტები თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მინიმალურ ბარიერს თავად განსაზღვრავენ, რომელიც არ შეიძლება იყოს ნაკლები სახელმწიფოს მიერ დადგენილ ბარიერზე, მაგრამ შესაძლოა, თქვენთვის სასურველ პროგრამას, უნივერსიტეტისგან დადგენილი ჰქონდეს 50%-ზე მეტი.
ერთ-ერთი აბიტურიენტის კითხვას, “თუ დავალება სწორად დავწერე და ბოლოში შემეშალა, ქულას მაინც მივიღებ?” – მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:
“რასაკვირველია, ქულას მიიღებთ. აქ საუბარია მაღალქულიან წერით დავალებაზე, რომელიც შეიძლება შეფასდეს სამი ქულით ან ოთხი ქულით – სხვა ტიპის წერითი დავალება ჩვენ არ გვაქვს. თუ თქვენ შეცდომა ბოლო ეტაპზე დაუშვით, (გააჩნია შეცდომის ხარისხს) და თუ ეს არის უბრალოდ დაანგარიშებაში შეცდომა… მაგალითად ფართობს ეძებთ და ბოლოს მიირეთ 3X7-ზე და რატომღაც, 21-ის ნაცვლად დაწერეთ 20, ან 18, საერთოდ არ დაგაკლდებათ ქულა. არ დაგაკლდებათ იმიტომ, რომ ის დავალება იმდენად რთულია ბოლო ოპერაციასთან შედარებით, რომ ეს ჩაითვლება ბოლო ეტაპზე დაშვებულ მექანიკურ შეცდომად და დაგეწერებათ მაქსიმალური ქულა – 3-ქულიან ამოცანაზე სამი, ხოლო 4-ქულიანზე ოთხი ქულა.
მაგრამ თუ შეცდომა საწყის ან უა ეტაპზე მოხდა და ამან კიდევ სხვა შეცდომები გამოიწვია და ჯაჭვურად გადაება, ცხადია, ქულა დაგაკლდებათ და ეს რეგულირდება შეფასების სქემით. ამიტომ არსებობს შეფასების სქემა, რომ ყველა ეტაპი, რომელიც გავლილია ამოცანის სრულად ამოხსნამდე, ამა თუ იმ მთელი რიცხვით შეფასდეს.
ზაზა თევდორაძის განცხადებით, მათემატიკაში წელსაც 2 ვარიანტი იქნება და ტესტი დაფარავს საგამოცდო პროგრამაში მოცემულ ყველა საკითხს.
გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც აბიტურიენტები მათემატიკაში უშვებენ:
-მექანიკური ხასიათის შეცდომა, როცა აბიტურიენტს პასუხი თეთრ ფურცელზე სხვა ამოცანისთვის გამოყოფილ ადგილზე გადააქვს, მაგალითად 38-ე ამოცანის ამოხსნას წერს მე-40 ამოცანისთვის გამოყოფილ ადგილზე, მართკუთხედში. ამისთვის არ დაგსჯიან და ნაწერი მაინც გასწორდება, მაგრამ აფერხებთ პროცესს და ამას ნუ გააკეთებთ. ასეთი დავალებები არ სწორდება ეგრევე, ის პრობლემურად აღიქმება, ცალკე უნდა ამოვბეჭდოთ ფურცელზე, ცალკე უნდა დაჯდეს კომისია და დაიწყოს ასეთი ნაშრომების გასწორება. ეს იწვევს დაბრკოლებას და შესაძლოა, შედეგების გამოცხადების დრომ რამდენიმე დღით გადაიწიოს.
-მათემატიკაში კალიგრაფიას გადამწყვეტ როლს არ ვაძლევთ, მაგრამ მაინც ისე დავწეროთ, რომ გარჩევადი იყოს. შეგიძლიათ გადახაზოთ ნაწერი, მაგრამ გადახაზვის მერე რასაც დაწერთ, ეს გარჩევადი იყოს.
-თუ რაიმე ცვლადები შემოგაქვთ, განმარტებული უნდა იყოს, ამ ცვლადებით რას აღნიშნავთ. ხშირად, აბიტურიენტი პირდაპირ წერს განტოლებას X+10 იგრეკი უდრის რაღაცას, მაგალითად 17-ს და არ ამბობს იქსით რა არნიშნა, იგრეკით რა აღნიშნა. მათემატიკის ხიბლი ის არის, რომ მსჯელობა უნდა აწარმოოთ.
-ნახაზებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ნახაზების დახაზვა არ მოგეთხოვებათ სახაზავით, ხელით შეიძლება დავხაზოთ, მაგრამ თუ ვხაზავთ კონუსს, არ უნდა გაჩნდეს კითხვა – ეს კონუსია, ცილინდრია, პირამიდაა თუ რა არის. კონუსი უნდა ჰგავდეს კონუსს, პირამიდა – პირამიდას, ცილინდრი – ცილინდრს. ასეთი ხარვეზები სამწუხაროდ, გვხვდება და დიდი თხოვნა მექნება, რომ მვაქციოთ ყურადღება.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024