GE

რა სახის განაცხადი უნდა წარადგინოს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრანტმა გამოცდების ცენტრში – ბრძანება

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილები შევიდა და დადგინდა ის თარიღი, რომელიც მაგისტრანტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადის გაკეთებას ავალდებულებს.

2021-2022 სასწავლო წლისთვის:

ა) მაგისტრანტი პრიორიტეტის დადგენის მიზნით, 2021 წლის 16 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგენს განცხადებას, რომელშიც უთითებს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს პრიორიტეტების შესაბამისად;

ბ) მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორი ან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2021 წლის 16 ოქტომბრამდე ცენტრში წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.

მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით გამოქვეყნებული ბრძანება უკვე ძალაშია და მისი სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მათთანაც გამოქვეყნდება, თუმცა მაგისტრანტს განაცხადის შეტანა უკვე შეუძლია. ადგილზე გამოცხადებულპა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო განცხადებას ადგილზე დაწერს.

გარდა ამისა, მაგისტრანტს აქვს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული განაცხადი ელექტრონულადაც შეიტანოს და ამისთვის გამოცდების ცენტრის ამ ველის გამოყენება დაგჭირდებათ.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი დამატებით განმარტავს რა მოხდება, თუკი თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას ცენტრში 16 ოქტომბრამდე:

  • მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა.
  • იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში შესრულდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.
  • თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა. შ.
  • მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

მაგისტრობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური