რა სახით შესთავაზა თსუ-მ ქართულის სავალდებულო კურსი პირველკურსელებს – „ქართული ენა აკადემიური მიზნებისთვის“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის სავალდებულო კურსის განხორციელება შემოდგომის სემესტრიდან დაიწყეს. ამის ვალდებულება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმდინარე წლის ივნისიდან კანონით განესაზღვრათ – უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება ისევ სავალდებულო გახდა და ის ეხება ყველა ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს.
სტუდენტებმა სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, სწავლების პირველ აკადემიურ წელს, არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა გაიარონ (პირველ, ან მეორე სემესტრში). სახელმწიფო ენის სწავლება კი, ახალი სასწავლო კურსის შემუშავების ან არსებული სასწავლო კურსის მოდიფიცირების გზით უნდა განხორციელდეს.
ცვლილება დამტკიცებულია – უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება ისევ სავალდებულო გახდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვპასუხობენ, რამდენმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა და დანერგა კურსი პირველივე სემესტრიდან, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე მეტი დეტალის გარკვევა შევძელით.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, შოთა ფოთოლაშვილი უხსნის, კურსის განხორციელებისთვის მზადება ზაფხულში დაიწყეს და არაერთ ფაკულტეტზე უკვე ხორციელდება.
შოთა ფოთოლაშვილი: ჩვენ პროცესი გაგვიმარტივდა რადგან ქართული ფილოლოგიის დარგობრივი მიმართულება გვაქვს, სტუდენტებს ვასწავლით და შესაბამისად, ჩვენთვის სილაბუსის შემუშავება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. პირველ ეტაპზე, ძირითადი სილაბუსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, ქართული ფილოლოგიის მიმართულებამ შეიმუშავა. პროცესში შესაბამისი სპეციალისტები იქვნენ ჩართული. თსუ-ში ამ სასწავლო კურსისა და აკადემიური წრის ნაწილის ერთგვარი კომბინირება გავაკეთეთ. სილაბუსი იმგვარად გვაქვს აწყობილი და შეთავაზებული სტუდენტებისთვის, რომ პრაქტიკულად უკვე ვახორციელებთ. 7 ფაკულტეტიდან სამ ფაკულტეტზე ამ სემესტრშივე დავიწყეთ, ხოლო ოთხ ფაკულტეტზე, ვაპირებთ, რომ მეორე სემესტრში დავიწყოთ, რათა გადანაწილებული იყოს როგორც ადამიანური რესურსი, რომელიც [ლექციების] წაკითხვას სჭირდება, ასევე სხვა მატერიალურ-ტექნიკური რესურსი. შესაბამისად, ჩვენთან ეს კურსი მოდიფიცირდა, პირდაპირ „სახელმწიფო ენის კურსი“ არ ჰქვია და ჰქვია „ქართული ენა აკადემიური მიზნებისთვის“.
სხვადასხვა ფაკულტეტმა თავისი სპეციფიკა გაითვალისწინა, შემდგომ, ეს ძირითადი სილაბუსი გავაზიარეთ სხვა ფაკულტეტებთან და მათ თავიანთი საჭიროების შესაბამისად გადააკეთეს.
– რომელი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის დაიწყო ქართული ენის კურსი პირველი სემესტრიდან?
– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისთავად, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. რაც შეეხება იურიდიულ, ეკონომიკის, მედიცინის – ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე, ამ კურსს უკვე გაზაფხულის სემესტრში წავიკითხავთ.
– კონკრეტული საკითხები რომ გვითხრათ, რა ხდება უშუალოდ ლექციაზე, რას შეიმეცნებს სტუდენტი, რას ისწავლის და რა აქტივობებია განსაზღვრული?
– რაც შეეხება თემატიკას, სილაბუსის საკითხები მათ შორის ამოწურავს იმ თემებს, რაც დამტკიცებულ წესში გვაქვს მოცემული – ის 4 საკითხი და ამას გარდა, სხვა თემებიც არის ინტეგრირებული. ცხადია, კანონმდებლობით განსაზღვრულ შედეგებზე გავდივართ, ოღონდ ეს სწავლის შედეგები შესაძლებელია არ იყოს უნივერსალური და უნიკალური, არამედ დამატებით, სხვა სწავლის შედეგზეც შეიძლება გადიოდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დათვლილია კრედიტების მოცულობის შესაბამისად, შემდეგ საათებზეა გამრავლებული კრედიტების რაოდენობა, სალექციო-სასემინარო საათებზე იყოფა და ა.შ.
– უშუალოდ სალექციო პროცესის შესახებ რომ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს კურსის ფარგლებში შესასწავლი საკითხები სტუდენტისთვის, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს კონკრეტული ავტორის ნაწარმოები, ნაშრომი, რას მოიაზრებს ამ კუთხით თსუ-ის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი?
– რაც შეეხება მაგალითებს, სწავლა-სწავლების მეთოდები განსხვავებული და მრავალფეროვანია. მაგალითად, არის ქართული ენის ისტორია, ქართული ენის ნორმები, ნორმალიზაციის პრობლემები. მათ შორის, შეიძლება იყოს დისკუსია, ინტერაქცია, კითხვა-პასუხის რეჟიმი, მათ შორის მოსმენა, არის ტექნიკური ნაწილიც, ბაზების ცოდნა, შესაბამისი ელექტრონული რესურსების ცოდნა და გაცნობა. აქ უკვე ტექნიკური ელემენტიც შემოდის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და წვდომა.
სასწავლო კურსი შექმნილია სახელმწიფო ენის საუნივერსიტეტო კურსის დამტკიცებული თემატიკისა და აკადემიური წერის საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამისად და მისი მიზანია გამოკვეთოს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, მეცნიერებისა და განათლების ენის ფუნქციონირების ასპექტები, განუვითაროს სტუდენტს ქართული ენის აკადემიური მიზნებისთვის გამოყენების უნარი, გააცნოს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპები და ა. შ.
კურსი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, დაეუფლონ ენის ნორმალიზაციის ძირითად საკითხებს, ფუნქციური სტილებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის გზებს, გამოიმუშაონ აკადემიური და სამეცნიერო ტექსტის შექმნის უნარები, აითვისონ დარგობრივი ტერმინთშემოქმედების ძირითადი პრინციპები და მექანიზმები, გაიაზრონ ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, მისი თანამედროვე მდგომარეობა და ა.შ.
სასწავლო კურსი აგებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებზე. სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები, ჯგუფში მუშაობა, დამოუკიდებელი წერა, შუალედური და საბოლოო ტესტირება/გამოცდები, რომელთა განსახორციელებლად გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდები: ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი, დისკუსია, დებატები, გონებრივი იერიში (Brain storming), პრეზენტაცია, თანამშრომლობითი სწავლება, გამოცდილებითი სწავლება და სხვ.
კურსი ხელს უწყობს სტუდენტის კვლევით და ანალიტიკურ კომპეტენციათა განვითარებას. სტუდენტი შეიძენს სანდო და მრავალფეროვან წყაროებთან მუშაობის უნარს, გაანალიზებს განსხვავებული სამეცნიერო ენითა და სტილით შექმნილ ტექსტებსა და ტერმინოლოგიას, აკადემიურ და სამეცნიერო შინაარსის ინფორმაციას და ა.შ.. ამ პროცესში სტუდენტი სწავლობს კვლევის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი მეთოდების შერჩევას, რაც განამტკიცებს მის აკადემიურ თვითდაჯერებასა და კვლევით კომპეტენციას.
სწავლების პროცესში სტუდენტი პრაქტიკულად იყენებს სახელმწიფო ენას აკადემიური და კვლევითი საკითხების გააზრებისა და მათი წერილობითი ფორმით გადმოცემისათვის.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული კურსის დროულად და ეფექტურად შემუშავების ნაწილში განსაკუთრებული როლი მიუძღვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და მის შესაბამის მიმართულებას.
ამავე თემაზე:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება