„ლექცია, რომელიც პროფესიაში არ გამომადგება“ – პირველკურსელები ქართულის სავალდებულო სწავლებაზე და რეპეტიტორის ხედვა
უნივერსიტეტში ქართულის სწავლება – საჭირო თუ თავსმოხვეული უინტერესო საათები?
„ახალი რაღა უნდა ვისწავლოთ?“, „ვინც ეროვნულებზე ქართულში უმაღლესი ქულა აიღო და ვინც ბარიერი ძლივს გადალახა, მშობლიური ენა ერთნაირად უნდა ასწავლონ?“, „ჯერ დაადგინონ, მიჭირს თუ არა წერა და მეტყველება. თუ არ მიჭირს, დრო რატომ უნდა დამაკარგვინონ“, „თუ სტუდენტი ენას ვერ ფლობს, მაღალი ქულით ერთიანი ეროვნული გამოცდები როგორ ჩააბარა?“
„მაშინ რატომ მომანიჭეს 18 წლის ასაკში „ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების“ პროცესში მონაწილეობის უფლება არჩევნებზე ხმის მიცემის გზით, თუ განათლების სამინისტროს აზრით, საჭირო უნარ-ჩვევები არ გამაჩნია?!“, „სტუდენტებისთვის, ვისაც მშობლიურ ენაში შესაბამისი ცოდნა აქვთ, ენის სპეციალური კურსის გავლა დროის ტყუილად კარგვა და ფინანსების გადაყრა იქნება“ – ეს EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტების – პირველკურსელებისა და ქართულის სპეციალისტის სიტყვებია, რომლებსაც პირველ კურსზე ქართულის სავალდებულო სწავლებაზე ვკითხეთ.
2025-2026 სასწავლო წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკურსელებისთვის სახელმწიფო ენის (ქართული, აფხაზური) სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში, რომლითაც სპეციალური კურსის გავლის წესი და პირობები დამტკიცდა, ხაზგასმულია, რომ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა კურსი არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა გაიარონ.
ზემოაღნიშნული მოსაზრებების მიუხედავად, არცერთი ჩვენი რესპონდენტი არ უარყოფს, რომ სტუდენტების ნაწილს მშობლიური ენაში სათანადო ცოდნა არ აქვს.
განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ენის კურსის გავლის შემდეგ: სტუდენტი შეძლებს ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის წარმართვას; სტუდენტი გააცნობიერებს სახელმწიფო ენის როლს და მნიშვნელობას ქართველი ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში; სტუდენტი გაიაზრებს თავის პასუხისმგებლობას სახელმწიფო ენისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე და ა.შ.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ და სწავლების პირველ წელს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა მოუწევთ.
ნინო ფიცხელაური, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების პირველკურსელია, ფიქრობს, რომ კურსის გავლა სავალდებულო არ უნდა იყოს. მისი თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგით, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტესტირებით უნდა დადგინდეს ამა თუ იმ სტუდენტის ცოდნის დონე მშობლიურ ენაში და ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, ვინ შეიძლება, საგანი ისწავლოს და ვინ – არა. სხვა შემთხვევაში, როგორც ნინო ფიცხელაური EDU.ARIS.GE -ს ეუბნება, სიახლეების მომლოდინე სტუდენტებისთვის ენის კურსი უინტერესო იქნება.
„ცოტა არ მესმის ამ კურსის დანიშნულება. გასაგებია, რომ სწავლა ზედმეტი არასდროსაა და რაც უფრო კარგად გვეცოდინება ქართული, მით უკეთესი, მაგრამ მაშინ ნებაყოფლობითი იყოს – ვისაც გვინდა და მიგვაჩნია, რომ გვჭირდება ქართულში ცოდნის განმტკიცება, ავირჩევდით, ვისაც არ ჰგონია – არ აირჩევდა.
„მართლა არ მესმის, ახალი რაღა უნდა ვისწავლოთ? ახლახან ეროვნული გამოცდები არ ჩავაბარეთ? ან ეროვნულებზე აღებული ქულების მიხედვით უნდა დადგინდეს, ან უნივერსიტეტში გვიტარებდნენ წინასწარ ტესტირებას და თუ აღმოჩნდებოდა, რომ ვინმეს დანაკლისი აქვს და ვერ აჩვენებს ცოდნის სათანადო დონეს, ისინი გაატარონ. ასე ყველას ერთი ხელის მოსმით, მცოდნესაც და ნაკლებად მცოდნესაც რატომ უნდა გაგვატარონ ერთი და იმავე კურსი? ვინც ეროვნულებზე ქართულში უმაღლესი ქულა აიღო და ვინც ბარიერი ძლივს გადალახა, ერთნაირად უნდა ასწავლონ?
„ქართულში უმაღლესი შეფასება ბევრმა მიიღო, გამოდის, მათაც ეუბნებიან – არ გვჯერა, ქართული რომ იცით და ხელახლა უნდა ისწავლოთო? თუ ბავშვმა ქართული არ იცის, უმაღლესი ქულა როგორ აიღო? უცხოელი სტუდენტებისთვის რომ იყოს სავალდებულო, კი ბატონო, გავიგებდი, მაგრამ ჩვენ 12 წელი ვსწავლობთ და ეს სრულიად საკმარისი მგონია. გული მიგრძნობს, რომ ამ საგნის სწავლა ბევრისთვის უინტერესო იქნება. არადა, უნივერსიტეტში რომ აბარებ, სიახლის მოლოდინი გაქვს“, – ამბობს პირველკურსელი.
ჩვენს შეკითხვას – „სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს როგორც ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის სრულყოფილად წარმართვას, ასევე ზოგადი და პროფესიული შინაარსის ინფორმაციის ანალიზს, სახელმწიფო ენის როლის გააზრებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენებას“ – რა არის აქ ისეთი, რასაც ენის კურსის გავლის გარეშე ვერ შეძლებდით – პირველკურსელი ასე პასუხობს:
„ჯერ დაადგინონ, მიჭირს თუ არა აზრის ჩამოყალიბება, წერა, მეტყველება და თუ დადგინდა, რომ მიჭირს, მერე კი ბატონო. თუ არ მიჭირს, რატომ უნდა დამაკარგვინონ დრო? მე საკმაოდ კარგი ქულა ავიღე ქართულში ეროვნულებზე. ეს ყველაფერი რომ არ შემძლებოდა, ხომ ვერ ავიღებდი? ეს ყველაფერი რომ არ იცოდეს მეთორმეტეკლასელმა, ეროვნულების ჩაბარებაც გაუჭირდებოდა. გამოდის, რომ უნივერსიტეტში რაკი მოვხვდით, უკვე შეგვიძლია გააზრებაცა და ანალიზიც. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ რა გვინდა უნივერსიტეტში, რატომ მოგვახვედრეს“.
სახელმწიფო ენის კურსის ნებაყოფლობით გავლის შესაძლებლობაზე საუბრობს საბა ბარამია, რომელიც წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა. პირველკურსელი EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ მიმართულებაზე, რაზეც უნდა ისწავლოს, ქართულზე მეტად, ინგლისური ენა სჭირდება, ამ მიზეზით კი, „მოსაწყენ ლექციებზე“ დასწრების სურვილი არ აქვს.
„ქართულ ენას 12 წლის განმავლობაში სწავლობ სკოლაში, შემდეგ ენის ცოდნას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამტკიცებ. ამის შემდეგ კიდევ ენის კურსის გავლა, ცოტა არ იყოს, მეზედმეტება. ზოგადად, ახალგაზრდებს ნამდვილად გვაქვს პრობლემები, მათ შორის, გვიჭირს საკუთარი აზრის სწორად გამოთქმა. ზოგი ახალგაზრდა უბრალოდ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთს, რაც ცუდია და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ასეთი ბევრია. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც – თუ სტუდენტი ენას ვერ ფლობს, მაღალი ქულით ერთიანი ეროვნული გამოცდები როგორ ჩააბარა? გამოდის, რომ ვიღაცამ უკეთ იცის მშობლიური ენა, ვიღაცამ – ნაკლებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ენის კურსის გავლა არჩევითი უნდა იყოს. მე პირადად ისეთ მიმართულებაზე ვსწავლობ, ინგლისური უფრო მჭირდება, ვიდრე ქართული.
„პირველკურსელებს ისედაც ბევრი რამის გავლა გვიწევს. ჩემს მაგალითზე გეტყვით – მეგონა, რომ ჩავაბარებდი, დავისვენებდი, მაგრამ ახლა ათას საბუთზე მიწევს სირბილი. ყოველივე ამის შემდეგ, საერთოდ არ მინდა დასწრება მოსაწყენ ლექციაზე, რომელიც ჩემს პროფესიაში არც გამომადგება. კარგია ის ფაქტი, რომ ცდილობენ, ცოდნის დონე აწიონ, მაგრამ ჩემი აზრით, დროც არასწორად არის შერჩეული“, – ამბობს საბა ბარამია.
მარიამ თოროზაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლიგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია და უნივერსიტეტში, ენის კურსის ნაცვლად, „განსხვავებული და მიმზიდველი“ პროფესიული საგნების სწავლებას ისურვებდა.
პირველკურსელის თქმით, სტუდენტების ნაწილს ქართული ენის ცოდნის მხრივ პრობლემა მართლაც აქვს, თუმცა აღნიშნული პრობლემის ენის კურსის მეშვეობით აღმოფხვრა „ნაკლებად სავარაუდოდ“ მიაჩნია.
„სკოლაში ვსწავლობდი 12 წელი, ბოლო წლებში რეპეტიტორთანაც დავდიოდი, სრული დატვირთვით, ეროვნული გამოცდებიც ჩავაბარე და მსურს, დავიწყო არჩეული გზით სვლა. განათლების სამინისტრო ამას ხაზს უსვამს და იმავეს სწავლებას იწყებს იქ, სადაც წესით, სრულიად სხვა სამყარო უნდა მხვდებოდეს – განსხვავებული და ჩემთვის მიმზიდველი პროფესიული საგნები, ახალი სახეები და არა წლების განმავლობაში განვლილი მასალა.
„განათლების სამინისტროს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მე, როგორც სრულუფლებიან სტუდენტს, გამიჭირდება „როგორც ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის სრულყოფილად წარმართვა, ასევე ზოგადი და პროფესიული შინაარსის ინფორმაციის ანალიზი, სახელმწიფო ენის როლის გააზრება და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენება“. ჩემი აზრით, ეს გარკვეული პროცენტისთვის მართლაც რეალური პრობლემაა, რომელიც ვფიქრობ, რომ სკოლის 12-მა წელმა გამოიწვია, მაგრამ სპეციალური კურსით ამის აღმოფხვრა ნაკლებად სავარაუდოდ მგონია.
„აქვე კითხვა მიჩნდება – მაშინ რატომ მომანიჭეს 18 წლის ასაკში „ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების“ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება არჩევნებზე ხმის მიცემის გზით, თუ სამინისტროს აზრით, საჭირო უნარ-ჩვევები არ გამაჩნია?!“, – ამბობს მარიამ თოროზაშვილი.
პირველკურსელის მოსაზრებით, „თავსმოხვეულ და უინტერესო საათებით დატვირთულ“ ენის კურსს სტუდენტები მოვალეობის მოხდის მიზნით გაივლიან და სწავლება რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება.
ფიქრობს, რომ იმ პრობლემას, რომლის აღმოფხვრასაც განათლების სისტემა ახალბედა სტუდენტებში ცდილობს, საფუძველი სკოლის კედლებშივე არ უნდა უჩნდებოდეს – არც რეპეტიტორთან უნდა იხარჯებოდეს უამრავი რესურსი და არც ენის სპეციალური კურსი გახდებოდა საჭირო, რომელიც თავსმოხვეული უინტერესო საათებით იქნება დატვირთული.
„როგორც სამინისტროს აზრით, 12 წელი აღმოჩნდა ფუჭი სახელმწიფო ენის როლისა და მნიშვნელობის გააზრებისთვის, ისე გასტანს ეს ერთი სემესტრიც და კურსს მოვალეობის მოხდის მიზნით გავივლით. ვფიქრობ, სტუდენტი აუდიტორიაში ამ ცოდნით დახუნძლული უნდა შედიოდეს.
„პირველკურსელებისთვის ენის სწავლების ნაცვლად, სჯობს, მოსწავლეები მშობლიურ ენაში განათლებას სკოლაშივე იღებდნენ. ეს 12 წელში საკმაოდ მარტივი იქნება იმ ერთი სემესტრისგან განსხვავებით, ზოგისთვის მოსაბეზრებელი 12 წლის შემდეგ, კიდევ რომ უნდა გავიაროთ. ალბათ, მაგისტრატურაზეც ერთ წელს დაგვიმატებენ – გჭირდებათო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი – სტუდენტებზე „თავდასხმას“, უმჯობესი იქნებოდა, თუ ყურადღება მოსწავლეებზე გამახვილდებოდა“, – აღნიშნავს მარიამ თოროზაშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ენის სწავლება ახალი სასწავლო კურსის შემუშავების ან არსებული სასწავლო კურსის/კურსების მოდიფიცირების გზით უნდა მოხდეს. ამ დრომდე უცნობია, არსებობს თუ არა რომელიმე უნივერსიტეტში უკვე გაწერილი სილაბუსი, თუმცა ცნობილია, რომ ქართული ენის სპეციალური კურსი ოთხი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს, ესენია: ზოგადი ნაწილი, სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები, სტილისტიკა, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია.
ქეთი მეგრელიძე სენტ-ეგზიუპერის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, პარალელურად კი, აბიტურიენტებსაც ამზადებს; იცის მოსწავლეების ცოდნის ხარისხი მშობლიურ ენაში და იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მათ ამ მხრივ აქვთ, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის იდეას იწონებს. ამის მიუხედავად, რეპეტიტორი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას არ მალავს, რომ ახალგაზრდებში მშობლიური ენის ცოდნის დღეს არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ენის კურსის ეფექტურობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ჩვენს რესპონდენტს ასევე შეუძლებლად მიაჩნია ერთ სემესტრში იმ საკითხების სრულყოფილად შესწავლა, რის ასახვასაც განათლების სამინისტრო უნივერსიტეტებს სილაბუსში სთხოვს.
„ნებისმიერ შემთხვევაში ვეთანხმები ქართული ენის პოპულარიზაციის საკითხს და თუნდაც ის, რომ პრობლემა დაინახეს [განათლების სამინისტრომ], კარგია. თუმცა, რამდენად იქნება ეს კურსი პრობლემის აღმოფხვრის საწინდარი, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუნდაც ავიღოთ ის საკითხები, რომლებიც პირველკურსელებმა აღნიშნული კურსის ფარგლებში უნდა გაიარონ – მოცემული საკითხები იმდენად ვრცელია, რომ ერთ სემესტრში ამის შესწავლა მე პირადად შეუძლებლად მეჩვენება.
„სიახლე იდეის დონეზე ძალიან კარგია. ის შედეგები, რა შედეგებსაც გვთავაზობენ, თვალისმომჭრელია და ერთი შეხედვით ძალიან კარგად გამოიყურება. თუმცა, ეს კურსი რამდენად შეძლებს ამ შედეგებამდე მისვლას, რთული სათქმელია – ჩემი პირადი თვალსაზრისით, ამ შედეგის მიღება ერთ სემესტრში ვერ მოხერხდება.
„რაც შეეხება პრობლემებს, პრობლემები ბევრია. არიან მოსწავლეები/სტუდენტები, რომლებსაც დღემდე უჭირთ წაკითხულის გააზრება, ქართული ენის სალიტერატურო ნორმების შესაბამისად მეტყველება და ა.შ“, – აღნიშნავს ქართულის სპეციალისტი.
ქეთი მეგრელიძის თქმით, მშობლიური ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემის ქვედა რგოლი ზოგადი განათლების საფეხური – სკოლაა, სადაც მოსწავლეები სწავლების ხარისხთან დაკავშირებით მხოლოდ პედაგოგების კეთილსინდისიერების იმედად არიან. აქედან გამომდინარე, რეპეტიტორი მიიჩნევს, რომ სკოლებშიც უნდა გაძლიერდეს მშობლიური ენის სწავლება ისე, რომ მოსწავლეს ცოდნის მიღება ან გამყარება რეპეტიტორთანაც აღარ დასჭირდეს.
„ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ – ფესვებიდან. რა თქმა უნდა, სკოლებში დიდი პრობლემაა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლება როგორც ერთი საგანი. მასალა ლიტერატურაში საკმაოდ დიდია და მასწავლებელი გრამატიკის შესწავლას კვირაში, ფაქტობრივად, ერთ-ორ საათზე მეტს ვერ უთმობს. აქედან გამომდინარე, მთლიანად პედაგოგის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, მოსწავლეს ენას რამდენად კარგად შეასწავლის.
„მოსწავლეების მომზადების მხრივ ძალიან განსხვავდება საჯარო და კერძო სკოლები. საჯარო სკოლებიდან მოდიან ფაქტობრივად ნული ცოდნით და უნარებით. კერძო სკოლების მოსწავლეებთან უკეთესი ვითარებაა. აბიტურიენტებს კი სურთ, რომ რაც 12 წლის განმავლობაში სკოლაში უნდა ესწავლათ, ერთ წელში რეპეტიტორთან ისწავლონ. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეპეტიტორიც არ უნდა სჭირდებოდეს მოსწავლეს, ისე უნდა შეეძლოს გამოცდის ჩაბარება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც ბარიერებიც საკმაოდ დაბალია. სკოლა თუ იმას ვერ აკეთებს, რომ მოსწავლემ ბარიერი გადალახოს, ეს ძალიან დაბალი შედეგია. კერძო სკოლებზეც გეტყვით – როგორ შეიძლება, მოსწავლე თან სკოლაში სწავლაში თანხას იხდიდეს და თან რეპეტიტორთან ემზადებოდეს.
„საჭიროა სკოლების გაძლიერება. ენას შესაბამისი სტატუსი უნდა მიენიჭოს და მისი სწავლება მხოლოდ მასწავლებლის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, – გვეუბნება ქეთი მეგრელიძე.
როგორც ის გვიხსნის, მიუხედავად მშობლიური ენის ცოდნასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა, არიან სტუდენტები, რომლებიც ქართულ ენას კარგად ფლობენ, მათთვის კი დამატებით ენის კურსის გავლა „დროის ტყუილად დაკარგვა და ფინანსების გადაყრა“ იქნება.
„ბუნებრივია, პირველკურსელს, შესაძლოა, გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა, რაც სამართლიანი იქნება. მე რომ სტუდენტი ვიყო, სკოლაში ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდე, შემდეგ გამოცდას ვაბარებდე, რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა მექნებოდა. სტუდენტებისთვის, ვისაც მშობლიურ ენაში შესაბამისი ცოდნა აქვთ, ენის სპეციალური კურსის გავლა დროის ტყუილად კარგვა და ფინანსების გადაყრა იქნება. პროტესტი არ ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც შესაბამისი განათლება არ აქვთ – მათთვის კურსი, ალბათ, სიკეთის მომცემი იქნება“, – ამბობს ქეთი მეგრელიძე.
ამავე თემაზე:
გადაულახავი ბარიერი – რატომ არ ხდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დადასტურება საქართველოში?
ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება