GE

ქეთევან ჭკუასელი: „სტუდენტებს ქართულ ენაში ძალიან ღრმა და სერიოზული ხარვეზები აქვთ, მაგრამ ეს დეფიციტი ერთი კურსით ვერ შეივსება“

პრობლემა არსებობს, თანაც ძალიან ღრმა და შემაშფოთებელი, თუმცა მისი გადაჭრისთვის არასწორი, დაუსაბუთებელი და ჩამოუყალიბებელი გზა დაისახა – ასე შეიძლება მოკლედ გადმოვცეთ იმ მოსაზრების შინაარსი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ჭკუასელი, ახალ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გამოთქვამს.

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც პარლამენტში მხარი დაუჭირეს, კანონპროექტადაც აქციეს და რომელიც ყველა უნივერსიტეტში, ყველა ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ქართული ენის სავალდებულო საგნად შეტანას გულისხმობს.

2025 წლის აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ქართულის სწავლის ვალდებულება ექნებათ – ვადები და ახალი დეტალები ცვლილებაზე

პროფესორი, რომელიც მომავალ პედაგოგებს ზრდის, ამბობს, რომ ქართული ენა სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, მისი ცოდნის პრობლემა მომავალ პედაგოგებშიც კი მწვავეა, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ ამას უნივერსიტეტში შეტანილი 5 კრედიტიანი საგნით ვერ ეშველება.
პროფესორის აზრით, პრობლემის სათავე გაცილებით ღრმად – დაწყებით სკოლასა და იმ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც ქართული ენისათვის დათმობილი სასწავლო საათების შემცირებას ეხებოდა. შესაბამისად, მუშაობაც სწორედ აქედან – თავიდანაა დასაწყები და არა ბოლოდან.

– ქეთევან ჭკუასელი: ინფორმაცია, რაც ამ საკითხზე არსებობს, ძალიან ზოგადია. ცხადია, დავინტერესდი, ქართული ენის სპეციალისტებთანაც მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით მათაც არაფერი იციან. ისიც კი არ იციან საგანი ცალკე იქნება თუ აკადემიური წერის კურსში ჩართული. ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოვიკითხე, რადგან, ჩვეულებრივ, დარგობრივი საბჭოები იქ იკრიბება ამა თუ იმ დისციპლინისა და კურიკულუმის მოთხოვნების შესამუშავებლად. იქაც დგას ეს საკითხი, მაგრამ ჯერ ფორმირებული არ არის. შესაბამისად, როცა არ არის გარკვეული კურსის მიზნობრიობა, ვერ იქნება გარკვეული კურსის ფორმატი და შინაარსი.

შესაძლოა ვთქვათ – რატომაც არა, ქართულის სწავლება უნივერსიტეტებში სავალდებულო უნდა იყოს! მაშინ ვიკითხავდი – კი მაგრამ, ბავშვი სკოლიდან მოდის, სადაც 12 წელი სწავლობს ქართულს და თან გამოცდას აბარებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მაშინ რაშია საქმე, რატომ არის საჭირო ყველა მიმართულების სტუდენტისთვის ქართულის სწავლება? ცხადია, საკითხის ინიციატორების ამ წამოწყებას გარკვეული და ალბათ ლოგიკური მოსაზრებაც აქვს, მაგრამ ეს მიზანი და საჭიროება ჯეროვნად უნდა გახმოვანდეს, იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ამ წამოწყებაზე.

– რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი ახლა, თქვენი აზრით?

– ვფიქრობ, იდეის ავტორი გარდაუვალ საჭიროებას ხედავს, რადგან ყველა ვთანხმდებით – ენა დავკარგეთ, დამახინჯებულია. მე, მაგალითად, პირველკურსელ სტუდენტებთან მუშაობა მიჭირს, რადგან ლექსიკური მარაგით არ მოდიან. ახალგაზრდები, სწორად ვერ მეტყველებენ. მეტსაც გეტყვით – ტექსტს გაგებასთან გვაქვს პრობლემა. მათთან სამეცნიერო ცნებებზე კი არა, იმაზე მიწევს საუბარი, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. უნივერსიტეტში ძირითად საქმეს ვეღარ ვაკეთებ. ამის ნაცვლად მთელი წელი იმ ხარვეზებზე მიწევს მუშაობა, რომლითაც სტუდენტი ჩემთან მოდის.

ასე რომ, დღეს ენის ცოდნის ძალიან სერიოზული დეფიციტი არსებობს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ 12 წელი სკოლაში ასწავლო, მერე გამოცდა ჩააბარებინო და მერე კიდევ უნივერსიტეტში ქიმიკოსებს, ფიზიკოსებს, ბიოლოგებს ქართული გაატარო მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლიურია? ბოლოს და ბოლოს ყველა მეცნიერებას შესწავლისთვის განკუთვნილიო საჭირო კრედიტების რაოდენობა აქვს, რომელიც ისედაც ვერ ჰყოფნის. ამას ხომ ახსნა სჭირდება? კი ბატონო, რაკი მშობლიური და სახელმწიფო ენაა, ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ სად ვეძებოთ მიზეზები, სად არ მოხდა მისი სწორად მიწოდება? მეტსაც გეტყვით, ენის დეფიციტი ჟურნალისტებთანაც გვაქვს. ცხადია, ამ იდეის ავტორებიც შეწუხდნენ და სავსებით სამართლიანად. მაგრამ თუ ყველაფერი არ დაკონკრეტდა, თუ ძალიან მკაფიო სტრატეგია არ დაისახა, შეიძლება მთელი ცხოვრება ვასწავლოთ და ვერ ვასწავლოთ. ისევ ისეთი შედეგი გვქონდეს, როგორიც გვაქვს.

მაგალითად, აკადემიური წერის საგნის შემოტანის საჭიროება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების წერის დღის წესრიგში დადგომამ გააჩინა. აღმოჩნდა, რომ საჭიროა სტუდენტს მისცე ნორმატივი, რომლითაც მთელი მსოფლიო ნაშრომს წერს. მაგრამ ეს ხომ ქართული ენა არ არის. ენას, გრამატიკულ ნორმებს, სასვენი ნიშნების წერას ამ კურსით ვერ ასწავლი. ასე რომ, ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, რატომ უნდა შემოვიტანოთ და რა ფორმითა და შინაარსით.

– რა პრობლემას მოაგვარებს უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება?

– მე ვსაუბრობ, როგორც მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, თუ რა ხარვეზებს ვაწყდები და ვამბობ, რომ ეს სტუდენტები სკოლებში უნდა შევიდნენ, როცა ქართული ჯეროვნად არ იციან. ამას ერთი საგანი და ერთი ხუთკრედიტიანი კურსი არ ეყოფა. პრობლემა ვერ აღმოიფხვრება და ისეთივედ დარჩება. თუკი 12 წელი ვასწავლით სკოლაში, სახელმწიფო გამოცდას ატარებს ქართულ ენაში და მიუხედავად ამის, მაინც ამ მდგომარეობაში ვართ, ხომ არ იქნება უპრიანი პრობლემას სკოლაში მივხედოთ და მის გამოსწორებაზე სკოლიდანვე ვიფიქროთ?

– ახლახან მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მოკლედ ახსენა, რომ მშობლური ენის სწავლება სკოლებში გაძლიერდება და 2025 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი კვლავ გაიყოფა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკოლაში პრობლემას ისინიც ხედავენ, აღიარებენ და ეს ინიციატივაც ამას ემსახურება?

რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე

– განათლების სამინისტრო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ მათ ნათქვამზე ვარაუდი არ გვიწევდეს. შეკრიბონ სპეციალისტები, ქართულის მასწავლებლები და იმსჯელონ. ათწლეულების განმავლობაში, პირველ კლასში, ქართულს კვირაში 9 საათი ეთმობოდა. ავადსახსენებელმა საბჭოთა კავშირმაც კი ვერ გაბედა მშობლიური ენის სწავლისთვის განკუთვნილი დროის შემცირება. დღეს ქართულის სწავლას პირველ კლასში 5 საათი ეთმობა. ექვსი წლის ბავშვს, რომელმაც კალმისტრის ხელში დაჭერა, წერა და კითხვა უნდა ისწავლოს, ლექსიკური მარაგი უნდა გავუმდიდროთ, ყველა კოგნიტიური და სოციალური უნარების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, ეს დრო როგორ ეყოფა?

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ პირველი კლასიდან ბავშვი უცხო ენას იწყებს და ერთბაშად სამი ანბანის შესწავლა უწევს – მათემატიკის, ქართულისა და ინგლისურის. იქნებ ეს არის მიზეზი, რომ ბავშვებს უჭირთ სწავლა? მით უფრო, ყველა სპეციალისტი ამტკიცებს, რომ სწავლა მშობლიურ ენაზე უნდა იწყებოდეს და მეორე ენის შემოტანა მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ შეიძლება. იქნებ ეს არის მიზეზი, რომ მომავალში ენა ზოგადი განათლების კურსდამთავრებულებმა სუსტად იციან?
მესმის, მოთხოვნები გაიზარდა, გართულდა, ცხოვრება ადამიანისაგან მრავალ კომპეტენციას მოითხოვს, სასკოლო ბადეში ბევრი ახალი საგანი გაჩნდა, მაგრამ ყველანაირი ცოდნა განწირულია, თუ შენი ენა არ იცი. მშობლიურ ენაზე თუ ვერ მეტყველებ, გეოგრაფიას როგორ ისწავლი? ასე რომ, ამჟამად დეფიციტი ნამდვილად არსებობს, სტუდენტებს, ქართულ ენაში, ძალიან ღრმა და სერიოზული ხარვეზები აქვთ, მაგრამ ეს დეფიციტი ერთი კურსით ვერ შეივსება.

– სკოლებში საგნის განცალკევების იდეა რამდენად ამოავსებს იმ დანაკლისს, რაზეც თქვენ საუბრობთ?

– მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ გაცილებით მეტი საათია საჭირო. როგორი მეთოდითაც არ უნდა ვასწავლოთ, ქართულს საათების ის რაოდენობა, რაც ახლა ეთმობა, არ ჰყოფნის. ეს საკითხი დიდი ხანია დგას. უნივერსიტეტს სკოლებთან მჭიდრო კავშირი აქვს, ჩვენი სტუდენტები სკოლებში პედაგოგიურ პრაქტიკას გადიან და ვიცით, რომ უკვე წლებია მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს დამატებით, პროგრამის ზევით შემოაქვთ ცალკე გრამატიკის წიგნები და იყენებენ სწავლების პროცესში. ხედავს პედაგოგი, რომ ვერ მოერია ენის სწავლების პროცესს, მისი ბავშვები ვერ წერენ და ვერ მეტყველებენ ისე, როგორც საჭიროა და აწუხებს ეს პრობლემა. რა გზას მიმართა? შემოიტანა გრამატიკის წიგნი. მაშასადამე, ბაზარზე წიგნებიც არსებობს. ანუ, წიგნებიც იბეჭდება, მოსწავლეებიც ყიდულობენ. როგორც ჩანს, პრაქტიკოსი მასწავლებელი მიხვდა, რომ ეს სჭირდება, სხვანაირად არ გამოდის.

ასე რომ, ეს საკითხი ქართული ენის სპეციალისტების სერიოზული მსჯელობის საგანია და არა ერთეული ადამიანების გადასაწყვეტი. ამ მსჯელობაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მასწავლებლები, ქართული ენის სპეციალისტები, ენათმეცნიერები – საკითხი პროფესიულმა წრეებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ გრამატიკა ცალკე არ უნდა ისწავლებოდეს, მაშინ მისი საპირწონე საშუალება და მეთოდი უნდა შემოვიტანოთ ხარვეზის გამოსასწორებლად. ჩვენ შედეგით ვმსჯელობთ და შედეგი ისაა, რომ ქართული არ ვიცით. ეს პრობლემა მინისტრის ერთი განცხადებით ხომ ვერ მოგვარდება? ამას პროფესიონალი ადამიანების მსჯელობა სჭირდება და მაშინაც კი პრობლემა ასე მარტივად ვერ გადაწყდება. უნდა გავარკვიოთ რის ბრალია ეს ვითარება – საგნების შერწყმის? სახელმძღვანელოს ხარისხის? თუ მასწავლებლების? ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ცალსახად ვერაფერი გადაწყდება.

– სიახლის დანერგვას 2025-2026 სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან გეგმავენ. რაკი ასეთი ფართო ჩართულობაა საჭირო, ასეთ მცირე ვადაში მოესწრება?

– რა თქმა უნდა, ვერ მოესწრება. ეს იქნება ისევე ფორსირებულად გაკეთებული, როგორც სხვა ყველაფერი და შედეგიც სახეზე გვაქვს. არ შეიძლება მოესწროს, წელი მთავრდება და ჯერ მსჯელობაც არ დაწყებულა. ჯერ უნდა გადაწყვიტო რა მიზანი გაქვს და მერე მიზნიდან გამომდინარე იმოქმედო. ხელში კი არაფერი გვაქვს, გარდა სურვილისა. არ ვიცით მიზეზები – რატომ გვაქვს ასეთი ვითარება მშობლიური ენის ცოდნაში? პრობლემის მოგვარება ძირიდან უნდა დაიწყოს და არა ბოლოდან. უნივერსიტეტი კი სწორედ ბოლოა, ძირი – დაწყებითი სკოლაა. მე აქედან დავიწყებდი. შემდგომ სხვა ხარვეზებსაც ნელ-ნელა მოგვარება დასჭირდება, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად სწავლების პროცესის ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს – სასკოლო ბადეში საათების რაოდენობა, სახელმძღვანელო, გრამატიკისა და ლიტერატურის სწავლების კონცეპტუალური საკითხები, მასწავლებლის კვალიფიკაცია და სხვ. როგორც ხედავთ, სკოლაში პრობლემების ჯაჭვი არ სრულდება. როდისმე ხომ უნდა დადგეს ის დროც, რომ მიდგომა სწავლებისადმი სისტემური და არა ფრაგმენტული, ერთჯერადი საჭიროებიდან გამომდინარე იყოს?!

– ამ ინიციატივის გაჟღერებამ ზოგს პოპულიზმის შთაბეჭდილებაც კი დაუტოვა. საუბრობენ გარკვეულ საფრთხეებზეც. თქვენ ხედავთ პრობლემას, მაგრამ ვერ ხედავთ დასახულ გზებს პრობლემის მოსაგვარებლად. გამოდის, განცხადებები ნაჩქარევი იყო, სიტყვა პოპულისტური რომ არ ვახსენოთ? რა საფრთხე შეიძლება იდგეს ამ ერთი შეხედვით პატრიოტული გადაწყვეტილების უკან?

– ძალიან რთულია ადამიანებს პოპულიზმი დააბრალო, როცა ისინი კეთილი განწყობითა და წუხილით მოქმედებდნენ. მე ახლა ინიციატორებზე ვსაუბრობ და არა სახელმწიფოსა და სამინისტროზე. რაც შეეხება საფრთხეებს, ჩემთვის საფრთხე ის არის, რომ თუ ეს კარგად არ გაითვალა, გაიწერა, არ ჩატარდა კვლევა და არ დადგინდა მაინც რაში აქვთ ბავშვებს ხარვეზი და ამაზე დაყრდნობით არ დაიგეგმა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების კურსი და მისი მოცულობა, მაშინ პრობლემა ვერ მოგვარდება. ჩვენი ენა მართლაც პოპულიზმის საგნად დარჩება. სტუდენტი და მასწავლებელი ვალდებულებას მოიხდიან და ამით დასრულდება, შედეგი კი ნაკლებად დადგება. ასეთი დამოკიდებულება კი მშობლიურ ენასთან, რომელსაც ისედაც უჭირს, ნამდვილად არ გვინდა. კიდევ ერთი ტყუილისთვის სტუდენტიც ცოდოა, ხალხიც და ქვეყანაც. ყველაზე დიდ საფრთხეს ამაში ვხედავ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება, 14 აპრილს გავრცელდა. შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ქართული ენის დაცვისა და დედაენის დღეს განიხილეს. იდეა საქართველოს მოქალაქეებს, ენათმეცნიერებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ცვლილება შეეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და იგი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

ამავე თემაზე:

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური