GE

„თუ ისე დავტოვეთ, როგორც ახლაა, მკვდრადშობილ პროექტად დარჩება“ – ენათმეცნიერი პირველკურსელებისთვის ქართულის სწავლებაზე

საჭირო, თუმცა არასაკმარისი. ნაბიჯი, რომელიც მრავალ თანმხლებ ცვლილებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოპულისტურ აქტად დარჩენა “ემუქრება“ – ასე შეიძლება გადმოიცეს მოკლედ ჩვენი რესპონდენტის აზრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სავალდებულო, სპეციალური კურსის შემოღებაზე. EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (პირველკურსელებისთვის) სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა. კურსის გავლის წესი არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზური ენის სწავლებასაც ითვალისწინებს. წესი დამტკიცებულია, თუმცა არსებობს თუ არა უკვე გაწერილი სილაბუსი რომელიმე უნივერსიტეტში – ჯერ უცნობია. ერთი შეღავათი, რომელიც უმაღლესებმა უკვე მიიღეს ისაა, რომ ისინი თავად გადაწყვეტენ პირველი კურსის პირველ სემესტრში აირჩევენ სწავლებას სტუდენტებისთვის, თუ მეორეში.

აი, რა შედეგს ელის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტისგან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: „სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს როგორც ზეპირი და წერილობითი აკადემიური კომუნიკაციის სრულყოფილად წარმართვას, ასევე ზოგადი და პროფესიული შინაარსის ინფორმაციის ანალიზს, სახელმწიფო ენის როლის გააზრებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი რესურსების გამოყენებას“.

პირველკურსელებისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი და პირობები დამტკიცდა – ბრძანება

ენათმეცნიერი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი მარინე ბერიძე პრობლემას, სახელად – საზოგადოებაში ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე, კარგად იცნობს. წლების განმავლობაში პირადად იყო ჩართული იმ გზების ძიებაში, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად და რომელიც კომპლექსურ მიდგომასა და მრავალფეროვან ნაბიჯებს აერთიანებდა. მაშინ, მუშაობის შედეგად, გამოსავალი სახელმწიფო ენის ათ წლიანი სტრატეგიის სახით მოინახა, თუმცა პროცესი ამაზე შორს, შეიძლება ითქვას, აღარ წასულა.

პრობლემასთან ბრძოლა, ახლა, პირდაპირ უნივერსიტეტებში სავალდებულო კურსის შემოღებით დაიწყო. ქალბატონი მარინე ამ ნაბიჯის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ მას საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა ეტაპზე ცვლილებათა მთელი ჯაჭვი არ მოჰყვა, დარჩება უბრალოდ კურსად, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც პოპულიზმი იქნება.

მარინე ბერიძე: უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სწავლების დონის ამაღლების საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დამდგარა. ეს თემა კარგა ხანია აწუხებს ყველას, ვისაც ამ საკითხთან რაიმე შეხება აქვს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ექვსი წელი ვიმუშავე და ამ დროის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ჩემი მონაწილეობით შესრულდა, სახელმწიფო ენის ათწლიანი (2021-2030 წლების) სტრატეგია გახლდათ. უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების საკითხი იყო იმ დიდი ხედვის ნაწილი, რომელიც გრძელვადიანი ეფექტის მისაღებად, განათლების ყველა ეტაპზე ჩარევას გულისხმობდა. მაშინ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა, რომელთაც სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდნენ. განვიხილავდით შესაძლო მოდელებს, თუ როგორ და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უმაღლესი განათლების საფეხურზე ქართული ენის ცოდნის დონის ასამაღლებლად. სირთულე, რაზეც მაშინ სახელმწიფო ორგანოები მიუთითებდნენ, იყო ის, რომ უნივერსიტეტებს ავტონომია აქვთ, გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და გარედან, თუნდაც სამინისტროს მხრიდან, ამაში ჩარევა შეუძლებელია. ამიტომაც ვერ დასრულდა მაშინ ეს საკითხი კონკრეტული შედეგით.

თუმცა, ყველა უნივერსიტეტი აღიარებდა, რომ მათთან, ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით, საოცრად მოუმზადებელი კონტინგენტი მიდიოდა, რომ პრობლემა არსებობდა და ამის დასაძლევად ღონისძიებები იყო გასატარებელი. ასე რომ, საკითხი ადრეც იდგა, ის დიდი, კომპლექსური ხედვის ნაწილს შეადგენდა. იგულისხმებოდა, რომ პრობლემა სკოლამდელი ასაკის, ზოგადი განათლებისა და საუნივერსიტეტო დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო. ცვლილებები ყველა ამ საფეხურს უნდა შეხებოდა. ის, რაც უმაღლესი სასწავლებლებისთვის დღეს დაიგეგმა, აქტუალური და რეალური პრობლემებით ნაკარნახევი ნაბიჯია. რამდენად შეძლებს ეს გადაწყვეტილება არსებული სურათის შეცვლას, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დასაწყისისთვის სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარებაც უკვე მნიშვნელოვანია.

– თქვით, რომ უნივერსიტეტები პრობლემის არსებობას ერთხმად აღიარებდნენ. თქვენი და თქვენი კოლეგების გამოცდილებით, რა ტიპის პრობლემებზეა საუბარი, რა ხარვეზებით მოდიან ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში?

– ესაა ენის ფლობის როგორც წერითი, ისე ზეპირი მეტყველების კომპეტენციის დაბალი დონე, რომ არაფერი ვთქვათ ფაქტობრივი ცოდნის სიმწირეზე. ეს დონე ჩანდა საკურსო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომებში. ყველგან, სადაც საჭიროა სტუდენტმა ტექსტი შექმნას, ან ზეპირი გამოსვლა ჰქონდეს – გამოცდებსა თუ პრეზენტაციებზე. როდესაც სტრატეგიისთვის სიტუაციურ ანალიზს ვაკეთებდით, სავალალო მდგომარეობას ნამდვილად ვხედავდით.

დაბალი ენობრივი კომპეტენციები, წიგნიერების დაბალ დონეს ბრალდება ხოლმე, მაგრამ სიტუაციურმა ანალიზმა მეორე პრობლემა გამოაჩინა – გვყავს განათლებული, თავის დარგში მაღალი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები, მაგრამ ქართულის ფლობის დონე მაინც დაბალი აქვთ. წარმატებულ, შემდგარ ადამიანებსაც ისევე აკლიათ ენის ცოდნა, როგორც ნაკლებად განათლებულებს, რადგან მათ ნაწილს განათლების რაღაც საფეხურები უცხოეთში აქვს გავლილი.

– რა ინფორმაციას იძლევა კურსის დანერგვის წესი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა? რა შეიძლება ითქვას, მასზე დაყრდნობით კურსის ეფექტურობასთან დაკავშირებით?

– ვფიქრობ, ეს კურსი სახელმწიფო ენის პრესტიჟის ამაღლებას უფრო მოემსახურება, ვიდრე ქართულ ენაში კომპეტენციის ზრდას. კონკრეტული სილაბუსებისა და პროგრამების გაცნობის გარეშე შეფასებაში კომპეტენტური ვერ ვიქნები. დოკუმენტში წერია, რომ პროგრამა, მინიმუმ, ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს და მეეჭვება რომელიმე უნივერსიტეტმა მეტი დროის დათმობა მოინდომოს, ან შეძლოს. ერთი სემესტრი დიდი დრო არაა. სემესტრის ბოლოს შედეგები აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ და კურსის ეფექტურობა შევაფასოთ. ეს არ არის დროში ძალიან გადადებული შედეგის მოლოდინი.

დოკუმენტს ერთი მნიშვნელოვანი რამ აკლია – აქ არ არის გაწერილი, როგორი იქნება კურსის მონიტორინგი, რა იქნება აღებული საბაზისო მონაცემად, რომლის მიმართაც მიღწეული შედეგი შეფასდება. რა წესით მოხდება შეფასება, რამდენად სტანდარტული იქნება შეფასების კრიტერიუმები ყველა უნივერსიტეტისათვის? რამდენად ობიექტური იქნება ის სურათი, რომელსაც უნივერსიტეტები დაგვიდებენ?

დოკუმენტში ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი მიზნებია ჩამოთვლილი. იმისთვის, რომ შევაფასოთ მიღწეულ იქნა თუ არა მოსალოდნელი შედეგები, აუცილებლად უნდა გვქონდეს სასწავლო კონტიგენტის უნარების საბაზო მონაცემებისა და კურსის გავლის შემდეგ დამდგარი შედეგების შეფასების სისტემა და ეს უნდა იყოს გამოცდის, ან ტესტირების სახით. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგი და როგორ უნდა შევაფასოთ წინსვლა, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.

გაქვთ მოლოდინი, რომ მონიტორინგის პროცესი, რაც კურსის ეფექტურობის დასადგენად აუცილებელია, რეალურად ჩატარდება? და ვისზე უნდა იყოს ეს დამოკიდებული – უნივერსიტეტზე თუ განათლების სამინისტროზე?

ზოგადად, მოლოდინების ეპოქაში არ ვცხოვრობთ. ამჟამად, არავითარი ნიშანი რაიმე მოლოდინისათვის არ ჩანს. იმისთვის, რომ ეს კურსი იყოს არა პოპულისტური აქტი, არამედ რეალური პრობლემის შესაბამისი, მის გამოსასწორებლად მიმართული გადაწყვეტილება, ბევრი თანამდევი ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი. იმ ნაბიჯების, რომლებიც ხელისუფლებას აქამდეც უნდა გადაედგა და რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედ სტრატეგიაშია გაწერილი. კურსის ეფექტურობისთვის საჭიროა ის დიდი პროცესის ნაწილად იყოს გააზრებული. მხოლოდ და მხოლოდ იმ რგოლად, რომელმაც ქვედა დონეებზე დაშვებული გადაცდენები უნდა გამოასწოროს. ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება ადრეულ საგანმანათლებლო საფეხურზე უნდა დაიწყოს და სათანადო ცვლილებები ყველა დონეზე ერთდროულად გატარდეს. უნივერსიტეტი ამ პროცესის ბოლო რგოლია. იგი არ უნდა იყოს ქვეყანაში ქართული ენის სწავლების დონეზე მთავარი პასუხისმგებელი. ამ ჯაჭვის მთავარი რგოლი ქართულში სახელმწიფო გამოცდის მომზადებაა.

გადაულახავი ბარიერი – რატომ არ ხდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დადასტურება საქართველოში?

ვგულისხმობ სახელმწიფო ენის გამოცდის საკითხს, რაც ენის დეპარტამენტისა და ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლობით წლების განმავლობაში მზადდებოდა და რომლის ჩატარების აუცილებლობაც სახელმწიფო ენის კანონითაა განსაზღვრული. ამ გამოცდის გარეშე მთელი ის პროცესი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი, წარმოუდგენელი იქნება. დღეს ამ საქმეს, პირველ რიგში, განათლების რომელიმე საფეხურზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავებული, საერთო წესით ჩატარებული გამოცდა სჭირდება. გამოცდა, ერთის მხრივ, ამ პროცესების მონიტორინგის საფუძველს შექმნის და მეორეს მხრივ, ქართული ენის შესასწავლად მოტივაციას გაზრდის. უნდა არსებობდეს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ენის ცოდნის გრაფაში ხომ ვწერთ დონეს – B2, C1 და ა.შ. ქართულში ასეთი შეფასება არ არსებობს. სტანდარტი დამტკიცებულია, მაგრამ გამოცდა არ ჩატარებულა.

– ერთიანი ეროვნული გამოცდები ამ ფუნქციას რატომ ვერ ასრულებს?

– ეროვნული გამოცდა არაა გამოცდა ქართულ ენაში. ის ვერანაირ საზომად ვერ გამოდგება. აუცილებელია ქართულის, როგორც მეორე ენისა და ქართულის, როგორც მშობლიური ენის შეფასების გამოცდა. ეს იქნება მთავარი მოტივატორი. ქართულს ასწავლიან მხოლოდ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში. ეს რგოლები კი ერთმანეთთან არაფრით არაა ანგარიშვალდებული. სკოლას არ აქვს არანაირი საბაზისო მონაცემი, როგორია იქ ქართული ენის მოსწრება. გამოდის, რომ იმ ორგანოებს, ვინც ენას ასწავლის და ვისაც ენის სწავლებაზე რეალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, არავითარი ანგარიშგების მექანიზმი არ ამოწმებს.

ვაღიარებთ, რომ დონე დაეცა, მაგრამ არ გვაქვს ამ დონის შეფასების არანაირი კრიტერიუმი. გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სკოლადამთავრებულმა ადამიანებმა ქართული იციან. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ეს ასე არ არის. ძირითადი წინააღმდეგობა ქართული ენის სწავლების საუნივერსიტეტო დონეზე დანერგვას სწორედ ამის გამო შეხვდა: კანონმდებლობით ითვლება, რომ მან, ვინც ქართულ ენაზე ზოგადი ან უმაღლესი განათლება მიიღო, ქართული იცის და მას დამატებითი საბუთი ამ ცოდნის დასადასტურებლად არ სჭირდება. შესაბამისად, უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლება კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

– თქვით, რომ პრობლემის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რომ ეს გრძელი ჯაჭვია და უნივერსიტეტი ჯაჭვის ბოლო რგოლი. გამოდის, პრობლემის მოგვარების მცდელობა ბოლოდან დაიწყო? სათავე სადაა, სკოლამდელი განათლების ეტაპზე?

– ამ პრობლემას არ აქვს ბოლო და თავი. მოგვარება ყველა რგოლში ერთნაირად უნდა დავიწყოთ. უნივერსიტეტი ერთ-ერთი რგოლია და შედეგის მისაღებად სამუშაო მთელ საგანმანათლებლო იერარქიაში ერთდროულად უნდა წარიმართოს. თუ ისე დავტოვეთ, როგორც ახლაა, მკვდრადშობილ პროექტად დარჩება, ხოლო თუ ის წინამორბედი იქნება და მისი დანერგვის კვალდაკვალ საჭირო ცვლილებებს წინა საფეხურებზეც განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, შედეგს მივიღებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, კი როცა უნივერსიტეტში მაღალი ენობრივი კომპეტენციის ახალგაზრდები მოვლენ, კურსი საჭიროებისამებრ გარდაიქმნება სპეციფიკურ შედეგებზე ორიენტირებულ დისციპლინებად, როგორიცაა მაგალითად, სპეციალური ენის კურსები, რომელიც კონკრეტული დარგების მეტაენასა (შუამავალი ენა) და ტერმინოლოგიას, სპეციფიკური აკადემიური წერის უნარებსა და სხვა ასეთ საკითხებს მოიცავს.

ზოგადად, ენის პრესტიჟულობის, ცოდნის, გამოყენების საკითხი არაა მხოლოდ სწავლების პრობლემა. ის, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად სრულფასოვანია ენის ფუნქციონირება. ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება ნიშნავს იმას, რომ ის გამოიყენება ადამიანური არსებობის ყველა დონეზე (საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო, კულტურული და ა. შ). როგორც კი ენას ამათგან ერთ-ერთი ფუნქცია ეკარგება, მას რომელიღაც უბანზე სხვა ენა ჩაანაცვლებს, ენის ფუნქციონირება აღარ არის სრულფასოვანი. ხოლო როცა ენის ფუნქციონირება იზღუდება, მისი შესწავლის მოტივაციაც იკარგება. თუ ენობრივ ტექნოლოგიებს ისე არ განვავითარებთ, რომ ქართველ ბავშვს ინფორმაციასთან წვდომა ქართულ ენაზე შეეძლოს, ვერანაირი სწავლებით, ვერანაირი გამოცდებითა და უნივერსიტეტში თუნდაც ოთხწლიანი კურსებით ვერ ვაიძულებთ, რომ ეს ენა პირველ ადგილზე ჰქონდეს დაყენებული. თუ მშობლიურ ენაზე მულტფილმს ვერ ნახავს, ინტერნეტში ინფორმაციას ვერ მოიძიებს, იძულებული გახდება სხვა ენაზე გადავიდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ სახელმწიფომ მდგომარეობა ობიექტურად შეაფასოს.

კარგია, რომ ქართული ენის მდგომარეობის გამოსასწორებლად რაღაც ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, თუ უნდათ, ეს უბრალოდ პოპულისტურ ნაბიჯად არ დარჩეს, კიდევ ბევრი და ერთდროული ძალისხმევაა საჭირო.

– როგორც ირკვევა, კურსი შედგება ოთხი ნაწილისგან: ქართულ ენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები, სტილისტიკა და ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია. რამდენად ლოგიკურია ამ ნაწილებზე ყურადღების გამახვილება იმ პრობლემებთან საბრძოლველად, რაც გვაქვს?

– ვიმედოვნებ, ამ საკითხებს სილაბუსი გაშლის. ქართულ ენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, ალბათ ენის ისტორიას, პერიოდებს, დიალექტებსა და ქართველურ ენებს გულისხმობს. სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემები ცალკე კურსია, რომელიც ერთ სემესტრში ნამდვილად ვერ ჩაეტევა. სტილისტიკა და ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიაც აგრეთვე. იმედია, ეს ყველაფერი ერთი სილაბუსის ფარგლებში არ ივარაუდება. შესაძლოა, ესაა რეკომენდაცია უნივერსიტეტებისთვის, რათა მათ ამ ნაწილებიდან კონკრეტული საკითხები აირჩიონ. ყველა ამ საკითხის თანმხლები თემებითურთ ერთ სემესტრში ჩატევა შეუძლებელია. საკითხები საინტერესოა, მაგრამ ენის კომპეტენციის, ენის ფლობის ამაღლებას ისინი ვერ უზრუნველყოფენ. კურსისთვის გამოყოფილი დრო და საკითხთა ჩამონათვალი რეალისტური ნამდვილად არ არის. ამიტომ ველით კონკრეტულ სილაბუსებს.

– უშვებთ თუ არა, რომ სტუდენტების ნაწილს, შესაძლოა, ჰქონდეს პროტესტი – რატომ უნდა სწავლობდეს, თუნდაც, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი ქართულ ენას, როცა მშობლიური ენა სკოლაში ისწავლა და ამის დასადასტურებლად მისაღები გამოცდაც ჩაბარებული აქვს? სამართლიანი იქნება ასეთი პრეტენზია? ან რით გააუმჯობესებს სავალდებულო კურსი მშობლიური ენის ცოდნას მათთვის?

– თუ მე პირველ კურსზე ვაცნობიერებ, რომ დეფიციტი მაქვს (რასაც ვერაფრით გავაცნობიერებ, თუ შეფასების კონკრეტული სტანდარტები არ იქნა შემოღებული), მაშინ არანაირი პროტესტი არ გამიჩნდება. მას, ვისაც ჰგონია, რომ „სვავს“ და „სვამს“,“ ჩემ მიერ“ და „ჩემს მიერ“ თუ შეუძლია განასხვაოს, ქართული ენა იცის, პროტესტი, რასაკვირველია, გაუჩნდება.

მოტივაცია ქართულის ცოდნის ამაღლებისათვის საჭიროებამ უნდა შექმნას, რეზიუმეში ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობის მოთხოვნამ. მაგალითად, მაღალანაზღაურებად სამსახურში უცხო ენის ცოდნის გარეშე ხომ არ მიგიღებენ? ეს ცოდნა სათანადო სერტიფიკატით ხომ უნდა დაადასტურო? ანუ, თუ იმ თქვენს ფიზიკოს სტუდენტს ეცოდინება, რომ კარგი სამუშაო ადგილის მისაღებად დედაენის ცოდნის მესამე საფეხური მოეთხოვება (პირობითად), ხოლო არსებული საგამოცდო სისტემით მას მხოლოდ მეორე საფეხური აქვს მიღებული, ის დიდი ხალისით აიმაღლებს ენის კომპეტენციას პროფესიის შესწავლის პარალელურად.

– პროტესტი, შესაძლოა, არ გაჩნდეს კურსის, მაგრამ გაჩნდეს სისტემის მიმართ – რატომ უნდა მქონდეს ხარვეზები და რატომ უნდა მჭირდებოდეს კიდევ მშობლიური ენის ცოდნის დონის ამაღლება ამდენწლიანი სწავლის შემდეგ…

– სისტემის მიმართ პრეტენზიები გაჩნდება. ყოველთვის, როცა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების ფორმებსა და ვარიანტებზე ვსაუბრობდით, საგანმანათლებლო სისტემის ჩინოვნიკებისგან გვესმოდა – მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ 12 წელი უშედეგო იყო. ამის აღიარება კი ადვილი არ არის. ვისურვებდი, ამ კურსის პრეცედენტი იყოს იმის ნიშანი, რომ პრობლემა აღიარებულია და მან კასკადური ცვლილებები გამოიწვიოს. იმ ამბიციის შესრულებას, რაც გვაქვს – ქართული ენა 22-ე საუკუნეში ღირსეულად გადავიდეს, მხოლოდ კომპლექსური ცვლილებები სჭირდება. ეს ყველაფერი კი, როგორც მოგახსენეთ, სახელმწიფო ენის სტრატეგიაშია გაწერილი.

– გამოდის, თუ ამ სიახლეს თქვენგან დასახელებული ცვლილებები არ მოჰყვა, ქართული ენის სწავლების სავალდებულო კურსი დარჩება კურსად?

– კურსი კურსად დარჩება, რა თქმა უნდა. რეფორმის მიზანი ის უნდა იყოს, რომ ეს კურსი რაც შეიძლება მალე აღარ გახდეს საჭირო და სხვა, უფრო საჭირო კურსად გარდაისახოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ კურსის დანერგვაში ჩემი უამრავი ნიჭიერი და შემოქმედებითი კოლეგა მიიღებს მონაწილეობას. ისინი აუცილებლად მონახავენ გზას, რომ კურსი ვითარდებოდეს და მომავალშიც საჭირო და მნიშვნელოვანი იყოს.

ამავე თემაზე:

2025 წლის აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ქართულის სწავლის ვალდებულება ექნებათ – ვადები და ახალი დეტალები ცვლილებაზე

ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი

უნივერსიტეტებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო ხდება – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში განიხილეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური