GE

რა შემთხვევაში შეუძლია პირს ისწავლოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე – რა წერია კანონში

საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ განსაზღვრულია პირობები და ვალდებულებები რის საფუძველზეც პირს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში.

ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 

1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს.

2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

2​1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.

3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:

ა) შესაბამის მიმართულებაში, დარგში/სპეციალობაში ან/და ქვედარგში/სპეციალიზაციაში ღრმა და სისტემური ცოდნის დაუფლება და სათანადო უნარების გამომუშავება, რაც პირს ამზადებს მუშაობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ან/და დოქტორანტურაში სწავლისათვის;

ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა);

გ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;

დ) პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელთა საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.

5​1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.

დოქტორანტურა

1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.

3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.

4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები – რა წერია კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური