GE

რა უნდა გაითვალისწინონ წამყვანის და მენტორის გამოცდაზე გამსვლელმა პედაგოგებმა – რეკომენდაციები „ნაეკისგან“

„კარგად გაიაზრეთ შეკითხვა და პასუხი იქიდან გამომდინარე დაწერეთ“, – უთხრა ონლაინ შეხვედრისას მენტორისა და წამყვანის გამოცდისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტებს ირინე ჟვანიამ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, რომელიც მენტორისა და წამყვანის პროფესიული უნარების გამოცდას ამზადებს.

როგორც 20 მაისის ღია კარის დღეზე ითქვა, გამოცდების ცენტრი ცდილობს, საგამოცდო ტესტები ყველასთვის გასაგები იყოს, მენტორისა და წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდაზე კი, როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, დარეგისტრირებულია დაახლოებით 12 500 აპლიკანტი.

„ყურადღება მიაქციეთ, შეკითხვაში რა და როგორ არის მოცემული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თქვენთვის კარგად გასაგები იყოს. ტესტი ისეა შედგენილი, რომ აპლიკანტისთვის ყველაფერი კარგად იყოს აღსაქმელი, მაგრამ, მე, როგორც ადამიანმა, რომელიც ვმუშაობ ამ საგამოცდო ინსტრუმენტის შემუშავებაზე, შემიძლია მოგცეთ რამდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეასრულოთ ტესტი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან კარგად გავიაზროთ შეკითხვა და პასუხები შეკითხვებიდან გამომდინარე დავწეროთ. შეიძლება დავწეროთ საკმაოდ ვრცელი პასუხებიც, მაგრამ, აღმოჩნდეს, რომ ამ პასუხში ჩვენ მაინც მივიღოთ დაბალი ქულა ან საერთოდ ნული ქულა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად გავიაზროთ, რას გვეკითხებიან.

„რაც შეეხება იმას, მასალებს გაეცნოთ თუ არა, არსებობს რეკომენდირებული მასალა, არსებობს საგამოცდო პროგრამა, გამოქვეყნებულია ნიმუშები, შეფასების სქემები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველა საკითხს ყურადღება მივაქციოთ“, – თქვა შეხვედრაზე ირინე ჟვანიამ.

კითხვაზე, არასწორად გაცემულ პასუხზე ქულა თუ დააკლდებათ, ირინე ჟვანია პასუხობს, რომ ტესტის ფორმატში არ არის გათვალისწინებული არაზუსტი პასუხების შემთხვევაში ქულის დაკლება.

„დახურული დავალებების შემთხვევაში, არ მიიღებთ ქულას. რაც შეეხება ღია დავალებებს, რომელიც სხვადასხვა ქულიანია და შეიძლება იყოს 3-4-8 და 12 ქულა, თუ რამდენად სრულყოფილად, დეტალურად იქნება პასუხი გაცემული, შეფასების სქემის მიხედვით, იქიდან გამომდინარე დაიწერება ქულა. რაც შეეხება არასწორ პასუხებს, ამის გამო ქულა არ დაგაკლდებათ“, – ამბობს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი.

გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის

შეხვედრაზე იკითხეს, თუ რამდენჯერ შეუძლიათ მენტორობისა და წამყვანობის მსურველებს გამოცდაზე გასვლა და რამდენად ევალებათ ეროვნული სასწავლო გეგმისა თუ ზოგადი განათლების შესახებ კანონი იცოდნენ.  გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მენტორისა და წამყვანი მასწავლებლისთვის სტანდარტში გაწერილ დამატებით მოთხოვნებში წერია, რომ მათ ევალებათ გარკვეული თვალსაზრისით კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც შეეხება ზოგად განათლებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„საგამოცდო ინსტრუმენტის შემუშავების დროს ვეყრდნობით სტანდარტს, რომელიც გაწერილია წინასწარ და ვცდილობთ, ვუპასუხოთ ამ სტანდარტს და შეძლებისდაგვარად შევაფასოთ ყველა ის კომპეტენცია თუ მოთხოვნა, რომელიც მათ ევალებათ. შესაბამისად, არის რაღაც ტიპის დავალებები და ამ ტიპის დავალებები იყო მოცემული წინასწარი ტესტირების დროსაც, თუმცა დავალებები არ სცდება იმ კოპეტენციას, როგორიც არის ზოგად განათლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, – უპასუხა კითხვის ავტორს ირინე ჟვანიამ.

რაც შეეხება ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნას, გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამის ცოდნა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მიხედვით, ყველა სტატუსის პედაგოგს მოეთხოვება და არა მხოლოდ მენტორსა და წამყვანს და ის ერთგვარი სამაგიდო დოკუმენტი უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებლისთვის.

ვალდებულებები რაც უნდა შეასრულოს წამყვანმდა და მენტორმა მასწავლებელმა და ფლობდნენ ასევე შესაბამის კომპეტენციებს

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, მენტორისა და წამყვანის გამოცდაზე გამსვლელთა კითხვას, რამდენჯერ აქვთ უფლება გამოცდაზე გავიდნენ, უპასუხა, რომ სქემაში აღნიშნულ გამოცდაზე გასვლის რაოდენობრივი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ არის, თუმცა არის დათქმა სპეცმასწავლებლების შემთხვევაში, ვისაც ისევ აქვთ პრაქტიკოსის სტატუსი.

„რა თქმა უნდა, გამოცდის ჩაბარებაში თქვენ არ ხართ შეზღუდული, რამდენჯერმე შეგიძლიათ ჩააბაროთ, მაგრამ, უბრალოდ, სქემაში არის ასეთი ჩანაწერი, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა ჩააბაროს პრაქტიკოსმა სპეცმასწავლებელმა. ამის შემდეგაც შეგეძლებათ ჩააბაროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ პრაქტიკოსის სტატუსი არ გექნებათ, უკვე სხვა სტატუსით ჩააბარებთ ისე, როგორც გარედან შემომსვლელი… თუ ეს ჩანაწერი არ შეიცვალა, გამოდის, რომ ახლა გექნებათ ეს საშუალება“, – ამბობს გორგოძე.

კიდევ ერთი, რაც აპლიკანტებს აინტერესებდათ, იყო ის, აქვს თუ არა მნიშვნელობა სიტყვების რაოდენობას წერითი დავალებისას. ირინე ჟვანიას განმარტებით, წერითი დავალებაში სიტყვების რაოდენობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი დავალების შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა და ეს არის ფუნქციური წერა.

„ფუნქციური წერის დავალების მოთხოვნაა, რომ მინიმუმ 140 სიტყვა უნდა გამოიყენოთ. დანარჩენი დავალების შემთხვევაში სიტყვების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა… ფუნქციური წერა მოითხოვს იმას, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, რამდენად კარგად შეგიძლიათ მიაწოდოთ ორგანიზაციას და აუხსნათ პრობლემის შესახებ და რამდენად შეგიძლიათ, თქვენი მსჯელობა იყოს არგუმენტირებული… შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნებისმიერი ორგანიზაცია და არც დაარქვათ ის სახელი, რაც სინამდვილეში ჰქვია. უბრალოდ, ზუსტად უნდა განსაზღვროთ, ვის მიმართოთ, უნდა აჩვენოთ ნაშრომში რატომ და რისთვის მიმართეთ და როგორ დაასაბუთებთ თქვენს მოთხოვნას იმისათვის, რომ ეს ორგანიზაცია დაგეხმაროთ… რაც მთავარია, ფუნქციური წერის და საერთოდ, ნაწერის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ტექსტი ისე იკითხებოდეს, რომ აკმაყოფილებდეს იმ წესებს, რასაც გამართულად ნაწერი ჰქვია“, – ამბობს ირინე ჟვანია.

მოქმედი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ სტატუსი აიმაღლონ და ანაზღაურება გაეზარდოთ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველად აბარებენ. გამოცდა არ არის სავალდებულო და მას სტატუსის ამაღლების მსურველები ჩააბარებენ.

ასევე იხილეთ:

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის საგამოცდო ლიტერატურა

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – პროგრამები 2022

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური