GE

რა უპირატესობა დაინახა 11-წლიან სწავლებაში მთავრობამ – 12 კლასი კერძო სკოლებში და სპეცკლასები ზოგიერთ საჯაროში

„დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, გადავიდეთ 11 წელზე. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებში კი [არა ყველგან], საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, სპეცკლასები შეიქმნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 26 ნოემბერს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 12 წლიდან 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლას „ბევრი უპირატესობა აქვს“, მათ შორის კი მან ეკონომიკური ეფექტი დაასახელა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე ცვლილებას დააანონსებდა, საკითხზე განათლების სპეციალისტების მოსაზრებები მოისმინა და ერთადერთი რაც გამოკვეთა, სასწავლო პროგრამის მცირე გადანაწილების საჭიროებაა.

„რაც შეეხება ძირითად უპირატესობებს, რაც დაკავშირებულია 12-წლიანიდან 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლასთან – პირველ რიგში, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, კითხვა დავუსვი განათლების სპეციალისტებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში. ამაზე საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე. რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია. მცირე გადანაწილება დასჭირდება, ბუნებრივია, სასწავლო პროგრამას ამისთვის. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა – რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელი, თუ შესაძლებელია, რომ 11 წელში აითვისოს იგივე პროგრამა. უპირატესობა ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი აქვს. ეს არის იგივე რომ ავიღოთ ეკონომიკური ეფექტი. აქაც დამატებით გემატება, დაახლოებით, 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მე-12 კლასის გაუქმების გადაწყვეტილება იცვლება? – რა განმარტებას აკეთებენ განათლების მინისტრი და მისი მოადგილე

პრემიერ-მინისტრი ერთის მხრივ ამბობს, რომ სიღრმისეულად გააანალიზეს ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა და დაადგინეს, რომ „განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია აღნიშნულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია“, მეორეს მხრივ კი, აცხადებს რომ, კერძო სკოლები მე-12 კლასს შეინარჩუნებენ, საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებისთვის კი, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლების გაგრძელების მიზნით, 12-წლიანი სასწავლო პროგრამის გავლა სჭირდებათ, სპეცკლასები შეიქმნება:

„თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ სჯობს, რა თქმა უნდა, გადავიდეთ 11 წელზე. ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში, მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება… აქაც ჩვენ გვაქვს მარტივი გადაწყვეტა. თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. პირველი – ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა. მეორე – რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, რომ შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის შეიქმნება სპეცკლასები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, ვინმეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი“.

ირაკლი კობახიძემ მე-11-მე-12 კლასების სასწავლო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მისაღები გამოცდების შინაარსთან თავსებადი არ არის. მისი მოსაზრებით, სწორედ ამ მიზეზით, უფროსკლასელები, უმეტეს შემთხვევაში, სკოლაში არ დადიან. პრემიერ-მინისტრმა ამ მხრივაც ცვლილებები დააანონსა და აღნიშნა, ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი გადაიხედება და მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე მორგებული გახდება.

„ვიცით, რა არის არსებული პრობლემა – რეალურად არათუ მე-12 კლასში, მე-11 კლასშიც კი, უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში. აქ ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღები გამოცდების შინაარსთან. შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში მოემზადოს და ჩააბაროს უმაღლესი განათლების სისტემაში მისაღები გამოცდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. ერთი – უნდა გადაიხედოს, ბუნებრივია, ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში კანონმდებლებს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა სასკოლო წლების შემცირება 16 ოქტომბერს, უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე დააანონსა. ირაკლი კობახიძემ მაშინაც განაცხადა, სკოლები 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ, რადგან 11 წელში სასწავლო პროგრამის ათვისება სრულიად შესაძლებელია, თუმცა არაფერი უთქვამს გარკვეულ შემთხვევებში სპეცკლასების დამატებაზე. მე-12 კლასის სრულად გაუქმებასთან დაკავშირებით თავდაპირველი საუბრები მთავრობამ დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ შეარბილა.

ასევე იხილეთ:

რა ელის სკოლას, მოსწავლეს და ეროვნულ სასწავლო გეგმას 11-წლიანი სწავლების დამტკიცებით – სპეციალისტის ანალიზი

პასუხი 11 კლასის ბოლონიის პროცესთან შეუთავსებლობაზე – „ჩვენ გვინდა, ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში“

„11-წლიან სწავლებაზე გადასვლა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამართლებული“ – ისტორიკოსი პედაგოგის პოზიცია

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური