GE

რამდენად სამართლიანად შეუწყდა თელავის უნივერსიტეტის რექტორს სტატუსი?!

ავთანდილ ღელაღუტაშვილისთვის ვადაზე ადრე რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი არ ჰყავს, თუმცა მოვალეობის შემსრულებელი სასწავლებლის სრულმა აკადემიურმა პერსონალმა საჭირო პროცედურების დაცვით უკვე აირჩია. თუმცა ამით, უკვე ყოფილი რექტორის დოქტორის სტატუსის გარშემო ატეხილი სკანდალი არ დასრულებულა. ღელაღუტაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხის მოლოდინშია და უწყებისთვის გადაგზავნილი ინფორმაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა რამდენად სამართლიანი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული დასკვნა, რომლის თანახმად, დარღვევები იქნა აღმოჩენილი ღელაღუტაშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვამდე განვლილ პროცედურებში. თავის მხრივ, საკითხის შესწავლის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, 2009 წელს გაცემული დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობა არ აღიარა, რასაც ავთანდილ ღელაღუტაშვილისთვის რექტორის სტატუსის შეწყვეტა მოჰყვა.

Aris.ge-განათლებას განათლების ხარიხის მართვის ეროვნული ცენტრის ნამდვილობის დადასტურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაუბრა.

ნუგზარ სიჭინავას განმარტებით, საქმე ეხება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დარღვევას. კერძოდ, ღელაღუტაშვილს საკანდიდატო მინიმუმები 1991–1992 წლებში ჰქონდა დაცული. დებულების თანახმად კი მას სასწავლო კომპონენტად საკანდიდატო მინიმუმები იმ შემთხვევაში ჩაეთვლებოდა, თუ 2001 წლის შემდეგ ჩააბარებდა.

ნუგზარ სიჭინავა: განათლების ხარიხის მართვის ეროვნული ცენტრი ნამდვილობის დადასტურების დეპარტამენტი უფროსი:

– ბატონო ნუგზარ, რის საფუძველზე დაიწყო ავთანდილ ღელაღუტაშვილის საქმის მოკვლევა და რითი მყარდება უფლებამოსილების შეწყვეტის აუცილებლობა?

– ჩვენ საკითხის შესასწავლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოგვმართა. სამინიტროში კი იქამდე წერილი იყო შესული. დავიწყეთ შესწავლა, მოკვლევა და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: ბატონ ავთანდილს საკანდიდატო მინიმუმები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991-1992 წლებში ჰქონდა ჩაბარებული. ხოლო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა 2007 წელს, რომელიც დაასრულა 2009 წელს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე ვისაც ჰქონდა 5 წლის განმალობაში საკანდიდაიდატო მინიმუმი ჩაბარებული, ეთვლებოდა სასწავლო კომპონენტად. ამავე დროს, თუ პირს ჰქონდა დისერტაციის 70% შესრულებული, ამ შემთხვევაში ეძლეოდა წელიწადნახევარი სადისერტაციო ნაშრომის წარსადგენად და მის დასაცავად. ამ უფლებით ისარგელება ბატონმა ავთანდილმაც, თუმცა, ბატონ ავთანდილს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი არ ჰქონდა საკანდიდატო მინიმუმები ჩაბარებული, არამედ 1991-1992 წლებში, რითაც დაირღვა დებულების მოთხოვნა. ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ბატონ ავთანდილს დისერტაციის 70 % შესრულებული, უნივერსიტეტში ეს ინფორმაცია ვერ მოიძებნა. ამ გარემოებების გამო, მივწერეთ სამინისტროს, რომ ვერ ვადასტურებდით დოქტორის დიპლომის ნამდვილობას.

– თუ არის ცნობილი, ვინ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული საკითხის შესწავლის მოთხოვნით?

– ვინ მიმართა ვერ გეტყვით, სამინისტროს წერილში, რომელიც ჩვენთან წარმოადგინეს, ეს მითითებული არ ყოფილა.

– ბატონი ავთანდილი სასამართლოში ჩივილს აპირებს, როგორ ფიქრობთ, აქვს მას საქმის მოგების შანსი?

– ამ დოკუმენტებით არ აქვს შანსი, მაგრამ, თუ რაიმე ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოება იქნება… ჯობდა ჩვენთვის წარმოედგინა. თუ შეიცვლებოდა ჩვენი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნაც. დღეს არსებული დოკუმენტებით კი მეეჭვება, რომ რამეს მიაღწიოს სასამართლოში.

– თუ სასამართლომ ღელაღუტაშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, აღუდგება თუ არა მას სტატუსი და როგორი იქნება პროცედურები?

– ამ საკითხს თელავის სამეცნიერო აკადემიური საბჭო წყვეტს. თუ აღმოიფხვრება ის წინაპირობები, რაც მისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი გახდა, შეიძლება დღის წესრიგში ისევ დადგეს თელავის უნივერსიტეტში მისი რექტორად არჩევა. ეს უკვე იმ სასწავლებლის ავტონომიის ფარგლებშია გადასაწყვეტი. ოღონდ ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ აღმოიფხვრება უარის თქმის საფუძველი და დადასტურდება, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ დავადგინეთ, რომ თელავის უნივერსიტეტის აკრედიტაციის დებულების მიხედვით დარღვევები ნამდვილად იყო.

– შეგიძლიათ თუ არა ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ დღეს არსებული დოკუმენტებით, ხარისხის მართვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სამართლიანი იყო?

– ღელაღუტაშვილს რექტორი სტატუსი სხვა ორგანომ ჩამოართვა. (უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო) ჩვენ სტატუსის შეჩერების პროცესში არ ჩავრეულვართ. ჩვენ მხოლოდ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება გვეხება. დოქტორის დიპლომი – ეს რექტორად დანიშვნი წინაპირობაა. თუ ეჭვქვეშ დადგა დიპლომი ნამდვილობა, დღის წესრიგში დგება რექტორის სტატუსის მოხსნის საკითხიც. რაც შეეხება მოხნას, პროცედურულად მან უნდა მოხსნას, ვინც დანიშნა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის Aris.ge-განათლება ავთანდილ ღელაღუტაშვილს დაუკავშირდა. ღელაღუტაშვილი მომხდარს პროვოკაციად აფასებს, ხარიხის მართვის ცენტრს უცოდინრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისთვის დოქტორის ხარისხის მინიჭება კანონის სრული დაცვით მოხდა. რაც შეეხება ხარიხის მართვის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს, აღნიშნულზე ის შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს:

“არ ვადასტურებ ბატონი ნუგზარის მიერ მოყვანილ ფაქტებს. ის დებულება, რითაც ხარიხის მართვამ იხელმძღვანელა, არ არის მაშინდელი პროცესების იდენტური, როდესაც მე ვიცავდი დისერტაციას. ჩემ ნებაზე არ ყოფილა ჩაბარება. იქ იყო მიმღები კომისია, რომელმაც შეისწავლა ჩემი საქმე, საბუთები და ასე ჩავირიცხე. ცხადია, რომ ყოფილიყო დარღვევა, არ ჩამრიცხავდნენ. არანაირი კონკრეტიზაცია იქ ვადებთან დაკავშირებით არ ყოფილა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ჩემი დისერტაციის 70% თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იძებნება, ეს არაკომპეტენტურობაა. არცერთ რეგულაციაში არ წერია, რომ 70% ან 10 ფურცელი უნდა იყოს უნივერსიტეტში შენახული. უნივერსიტეტში სრული ნაშრომი ინახება. ეს უკვე განვუმარტე სამინისტროს წერილობით, თუ არა გაითვალისწინეს, მივმართავ სასამართლოს,”– ამბობს ღელაღუტაშვილი.

როგორ განვითარებას პოვებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის საქმე Aris.ge-განათლება აღნიშნულით მომავალშიც დაინტერესდება.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური