GE

რამდენად უსაფრთხოა სკოლების მიმდებარე გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გამო მოსწავლეების გადაადგილება?

სკოლებში სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება. რამდენად უსაფრთხოა სკოლის მიმდებარე საავტომობილო გზებზე ფეხით მოსიარულე მოსწავლეებისა, მათი მშობლებისა და მასწავლებლების გადაადგილება? როგორ ხდება და როგორ უნდა ხდებოდეს საქართველოში სკოლის საგზაო ზონის უსაფრთხოების დაგეგმვა?!

ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელს, ირაკლი იზორიას ესაუბრა.

– ბატონო ირაკლი, პირველ რიგში გაგვაცანით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების უახლესი სტატისტიკური მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში

– გეტყვით, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვალებულთა რიცხვი, კერძოდ, ბოლო წლის მონაცემებით, ავტო შემთხვევების შედეგად ჯამში დაიღუპა 430 ადამიანი და დაშავდა 7517. თუმცა, ეს მონაცემები მაინც პირობითია, ავხსნი.. ვინაიდან ეს არის მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევების სტატისტიკა. რაც შეეხება სასკოლო ასაკის პირთა სტატისტიკას, გეტყვით, რომ ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წელს 12 ბავშვის/მოზარდის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, დაშავდა კი 874.

– რა განსხვავებაა სასკოლო ზონების სატრანსპორტო მოწყობის კუთხით საქართველოსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შორის?

– სამწუხაროდ, ჩვენ, ვერ შევადარებთ თავს ევროპის ვერცერთ განვითარებულ სახელმწიფოს, რომელშიც სასკოლო ზონები განსაზღვრული სტანდარტის სრული დაცვითაა დაგეგმილი. აგიხსნით რატომ.. საქართველოში „სასკოლო ზონა“, როგორც ცნება, საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს. ეს საკითხი მხოლოდ ვიღაცის თუ ვიღაცეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. პირობითად, მუნიციპალიტეტები საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებენ თუ არა – ეს მათ სურვილზეა. ჩვენი ფონდი მესამე წელია მუშაობს სასკოლო ზონების დანერგვის პროგრამაზე, 100-მდე სკოლასთან და ბაღთან გვაქვს სასკოლო ზონები, ამ პროცესში აქტიურად ჩართული იყო საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტი, თბილისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიები. რაც შეეხება მდებარეობას.. სკოლის მდებარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს საგზაო უსაფრთხოების დაგეგმვაც. ასევე, თუ შენდება ახალი სკოლა. მიზანშეწონილია, რომ სკოლა არ იყოს ცენტრალურ მაგისტრალზე და სატრანზიტო გზებზე განლაგებული.

სასკოლო ზონებში ტრანსპორტის სიჩქარის ლიმიტის 30 კმ/საათამდე შემცირებას ითხოვენ 

– გვითხარით, პრაქტიკაში როგორ უნდა ხდებოდეს სკოლის საგზაო ზონის უსაფრთხოების დაგეგმვა და ვინ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში

– ყველა სკოლას აქვს ინდივიდუალური მდებარეობა, შესაბამისად, საყოველთაოდ გამოყენებადი მიდგომა არ არსებობს. რაც შეეხება საერთაშორისო მიდგომებს.. გადაადგილების სიჩქარე სკოლის ზონაში უნდა იყოს არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით, უნდა ხდებოდეს სიჩქარის კონტროლი/აღსრულება შესაბამისი ვიდეო კამერებით, მოწყობილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელი ბავშვებისთვის, ასევე არსებობს ე.წ გაიდლაინები სასკოლო ზონების მოწყობისთვის. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა „გლობალური ქუჩების ინიციატივის“ მიერ დაფინანსებული სახელმძღვანელოს შექმნაში (Designing Streets for Kids), რომელიც ეხება ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების დაგეგმვას გზებზე. ეს სახელმძღვანელო ითვალისწინებს ყველა იმ მიმართულებას რა ეტაპიც უნდა გაიაროს ქუჩის დაგეგმარებამ, დაწყებული პროექტირებიდან დამთავრებული დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. როგორც აღვნიშნე, ჩართულობა უნდა იყოს მრავალმხრივი და ამ მთლიან პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე განათლების სამინისტრო, სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

– რა წინსვლა აქვს სახელმწიფოს „სასკოლო ზონების“ დაგეგმვის პოლიტიკის კუთხით და რა უნდა გაკეთდეს მომავალში?

– ვინაიდან, სასკოლო ზონები და ზოგადად ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება გაეროს გლობალური (2021-2030) გეგმის ნაწილიცაა, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ყურადღება გაამახვილონ ამ მიმართულებით მუშაობაზე. რაც შეეხება საქართველოს, უკვე გვაქვს წინსვლა, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა საპილოტე სასკოლო ზონების დანერგვა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტი ცდილობს სასკოლო ზონებში 30 კმ/სთ-იანი სიჩქარის შეზღუდვები დააწესოს. „ფრთხილად ბავშვები“-ს საგზაო ნიშანს სულ უფრო მეტ სკოლასთან ვხედავთ.

მაგალითისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ყველა სკოლასთან მოახდინა სასკოლო ზონის მოწყობა, თბილისში კი ეს პროცესი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აუცილებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთოს და ერთმანეთს გაუზიარონ არსებული პრაქტიკა.

– როგორ უნდა ჩაერთოს სკოლის მოსწავლის მშობელი, სასკოლო ზონების მოწყობის პროცესში, შვილების უსაფრთხო გადაადგილების რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება?

– ჩვენი პრაქტიკით გეტყვით. როცა სასკოლო ზონებს ვსწავლობდით ძალიან ბევრი მშობელი დაგვიკავშირდა სხვადასხვა სკოლებიდან, მოგვაწოდა ინფორმაცია და მოვახდინეთ შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის, ეს მშობლების აქტიურობის დამსახურებაც იყო. ასევე, მშობლები უნდა ჩაერთონ ბავშვებთან საგზაო უსაფრთხოების სწავლების პროცესში, რადგან შვილებს გამოუმუშავდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია ბავშვებმა თუ მოზარდებმა ქუჩა არ გადაკვეთონ მობილურ ტელეფონზე საუბრის ან წერის პროცესში, ასევე ყურსასმენებით მუსიკის მოსმენის დროს. ქუჩა ყოველთვის გადაკვეთონ გადასასვლელებთან, თუ ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდება, აუცილებლად უნდა გამოიყენონ უსაფრთხოების ჩაფხუტი, ღამე გადაადგილების დროს აუცილებლად ღია ფერის ტანსაცმელის გამოყენება ან ამრეკლი საშუალებების.

ასევე იხილეთ:

ორ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 062 მოზარდი დაშავდა – არის თუ არა რისკის ზონა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური