GE

რამდენი წელი სწავლობენ უნივერსიტეტებში საგანჩარჩენილი სტუდენტები და რატომ?

ყოველწლიურად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატში, საშუალოდ 20-25 ათასი აბიტურიენტი აბარებს. თუმცა, წლის ბოლოს ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტების რიცხვი ამ მონაცემისგან განსხვავდება და დაახლოებით 10-15 ათასს შეადგენს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში საჭირო კრედიტების რაოდენობას ვერ აგროვებს, რის გამოც ბაკალავრიატში 4-წლიანი სავალდებულო სწავლება უხანგრძლივდება.

რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა ერთი და იგივე საგანი სამჯერ გავლის შემთხვევაშიც ვერ დაძლია, მას სტუდენტის სტატუსი უწყდება და როგორც შიდა, ისე გარე მობილობის გამოყენების უფლება აქვს. ასეა კერძო უნივერსიტეტების ნაწილშიც. სახელმწიფო ამგვარი სტუდენტებისთვის ბაკალავრიატში სწავლების ხანგრძლივობის ზედა ზღვარს არ არეგულირებს და ამ საკითხის გადასაწყვეტად თავად უნივერსიტეტებს აბსოლუტურ ავტონომიას ანიჭებს.

23 წლის ლაშამ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2009 წელს ჩააბარა და 70%-იანი დაფინასებით თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. “მათემატიკა ეკონომისტებისთვის” საგანი პირველსავე სემესტრში ვერ დაძლია. შესაბამისი კრედიტები ვერ მოაგროვა საგნის მეორედ და მესამედ გავლის დროსაც და მობილობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. ლაშას ბაკალავრიატის 4-წლიანი პროგრამა 2013 წელს უნდა დაესრულებინა და შესაბამისი ხარისხიც აეღო, თუმცა მობილობისას განსხვავებული კრედიტების არსებობის გამო დღეს ის მე-4 კურსზეა და თსუ-ში დაუძლეველ საგანს მიმდინარე სემესტრში სწავლობს. მას ამაში დამატებითი საფასურის გადახდაც უწევს.

“70%-იანი დაფინანსება უკვე ამომეწურა და სწავლის სრული საფასურის გადახდა მიწევს. სამწუხაროდ, სწავლას მიმდინარე სასწავლო წელსაც ვერ ვამთავრებ და როგორც განსხვავებული საგნების, ასევე რამდენიმე “ჩარჩენილი” საგნის გამო 2015 წლის შემოდგომის სემესტრის აღებაც მიწევს”, – ამბობს ლაშა Aris.ge-განათლებასთან.

უნდა იყოს თუ არა დარეგულირებული რამდენი წელი შეუძლია ისწავლოს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პრობლემურმა სტუდენტმა, რომელიც შესაბამისი კრედიტების დაგროვებას სემესტრულად ვერ ახერხებს, უნდა არსებობდეს თუ არა სწავლების ზედა ზღვარი და უნდა მოაქციოს თუ არა ამგვარი სტუდენტი სახელმწიფომ მკაცრ ჩარჩოებში, განათლების საკითხებში ექსპერტების ნაწილის პოზიცია ლოიალურია, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის 90 % საბაზრო პრინციპებზეა დამყარებული, სად რამდენი ფული “კეთდება”, და ნაკლებადაა ორიენტირებული განათლების ხარისხზე.

“მოხერხება უნდა, ის გამოცდები რომ ვერ ჩააბარო, რაც დღეს უნივერსიტეტებშია. ყველა უფრთხის სტუდენტის დაკარგვას, იმიტომ რომ ფული აკლდებათ, საბაზრო პრინციპებით მოქმედებენ და ამიტომაცაა შესაბამისი ხარისხი. არსებობს მსოფლიოს კარგი უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში შემუშავებული სისტემა, ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო, უნდა გადმოვიღოთ. მაგრამ, მაშინ სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში აღარ დარჩებიან. დარჩება მხოლოდ 10 %, უდიდესი ნაწილი დაიხურება და ა.შ. ამ წუთას არანაირი ბარიერის დაწესებას აზრი არ აქვს, განათლების სისტემა თუ დაწყებითი კლასიდან არ შეიცვალა და რეფორმა არ გატარდა, კარგი შედეგი მაინც არ იქნება,” –განუცხადა ზურაბ ვახანიამ Aris.ge-განათლებას.

ზურაბ ვახანიასგან განსხვავებულად ფიქრობს განათლების საკითხებში ექსპერტი თამარ მოსიაშვილი და მიიჩნევს, რომ ე.წ. საგანჩარჩენილი სტუდენტებისთვის გადაბარების ვადები დარეგულირებული არ უნდა იყოს, თუმცა გრანტს სახელმწიფო ფიქსირებული წლების განმავლობაში უნდა იხდიდეს, რაც ასეც ხდება.

“უნივერსიტეტები არიან დამოუკიდებელი ინსტიტუციები და თვითონვე წყვეტენ შიდა რეგულაციებს და ამის სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუმცაღა, არსებობს განსხვავებული მაგალითებიც. ერთ-ერთი სტუდენტი სწავლობდა ქიმიის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე მიხვდა რომ მას სხვა პროფესია, ფსიქოლოგია, აინტერესებდა და შეიცვალა ფაკულტეტი. სინამდვილეში ამ ადამიანმა 2-3 წლით მეტი ისწავლა. ეს რომ დარეგულირებული ყოფილიყო ეს ადამიანი საერთოდ ვერ შეძლებდა იმ პროფესიის დაუფლებას, რაც მას ძალიან უნდოდა,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას თამარ მოსიაშვილმა.

Aris.ge-განათლებამ მოიპოვა ინფორმაცია, ე.წ. საგანჩარჩენილი სტუდენტებისთვის საგნის გადაბარებასთან დაკავშირებით სად როგორი პრაქტიკა არსებობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაბამისი დადგენილებით მკაცრად არეგულირებს ისეთი სტუდენტების სტატუსს, რომლებმაც ერთი და იმავე სასწავლო კურსში შესაბამისი კრედიტი სამჯერ ვერ მიიღეს. აღნიშნული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი ხდება. 2010 წლიდან დღემდე ამ პრობლემის გამო სტატუსი 1447 სტუდენტს შეუწყდა.

მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც.

ე.წ. საგანჩარჩენილი სტუდენტისადმი მიდგომა განსხვავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. Aris.ge-განათლებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის უფროსმა იური ლომიძემ განუმარტა, რომ, სტუდენტს დაუძლეველი კრედიტების ჩასაბარებლად ბაკალავრიატის 4 სავალდებული წლის შემდეგ არაუმეტეს 4 სემესტრის დამატების უფლება აქვს, რაც ჯამში, შესაბამისი დადგენილების თანახმად, არაუმეტეს 150 კრედიტის გავლას ითვალისწინებს. ხოლო დადგენილზე მეტი ჩაუბარებელი კრედიტის არსებობისას მან ან შიდა ან გარემობილობის უფლებით უნდა ისარგებლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სტუდენტის სტატუსი შეუწყდება.

იური ლომიძეს უჭირს ზუსტი ციფრის დასახელება, თუ რამდენია ასეთი ტიპის სტუდენტი, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა სტუ-ს სტუდენტთა 10-20%-ს შეადგენდეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტს სავალდებულო საგნის შემთხვევაში გადაბარების ოდენობას არ უზღუდავს, ხოლო არასავალდებულო საგანში შესაბამისი შეფასების ვერ მიღებისას, მას შეუძლია სხვა სასწავლო კურსი აირჩიოს. ორივე შემთხვევაში სტუდენტს კრედიტის შესაბამისი დამატებითი საფასურის გადახდა უწევს. რაც შეეხება სტატისტიკას, ილიას უნივერსიტეტში, ერთ ან მეტ საგანში ჩაჭრილი სტუდენტების რიცხვი ბოლო 3-5 წლის განმავლობაში 894-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, საგანჩარჩენილი სტუდენტებისთვის ზედა ზღვარის რეგულაციის საკითხს არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული განათლების სისტემის გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს, თუმცა ფაქტია, რომ სწავლების ხარისხის ზრდა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია, რომელიც მთავრობის 2020-ის სამოქმედო გეგმაში უკვე მოხვდა, აღნიშნულის აუცილებლობას გარდაუვალს ხდის.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური