GE

რას მაძლევს, რას ვერ მაძლევს და რა მინდა რომ მომცეს სკოლამ, განათლების გარდა – რა სურთ მოსწავლეებს

„სკოლა გადამწყვეტ როლს ასრულებს ინდივიდების ჩამოყალიბებაში. ის გვაძლევს ყველაზე მთავარს -ურთიერთობებს, რომელთა მეშვეობითაც ყოველდღიურად ვიზრდებით, ვყალიბდებით და ვსწავლობთ სწორ კომუნიკაციას“, – ასე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას EDU.ARIS.GE-სთან მეათე კლასის მოსწავლე, გიორგი ციმაკურიძე, რომელსაც ვკითხეთ, თუ რას აძლევს სკოლა, რას ვერ აძლევს და რა უნდა რომ მისცეს, განათლების გარდა.

გვიხსნის, რომ სკოლაში არსებული მრავალმხრივი ურთიერთობები მოზარდს მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვებაში ეხმარება, რაც განპირობებულია იმით, რომ მას ურთიერთობა უწევს სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის მქონე პიროვნებებთან, მასწავლებლებთან და სკოლის სხვა პერსონალთან, ეს კი ხელს უწყობს ჩამოყალიბებას და პიროვნულ ზრდას.

„სკოლაში თითქმის ნახევარ დღეს ვატარებთ, შესაბამისად გვიყალიბდება ახლო ურთიერთობები, ვიძენთ მეგობრებს, მათთან ერთად დროს სასიამოვნოდ ვატარებთ და ეს ჩვენს ემოციურ განვითარებაზეც აისახება. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე ჩვენთან იყოს, ზოგმაც იმედი გაგვიცრუოს, თუმცა ვიღებთ დიდ გამოცდილებას, თუ როგორ შევარჩიოთ სწორი ადამიანები“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

პიროვნული ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის პროცესში სკოლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გვესაუბრება მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ნინო კაპანაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ამისთვის თითეულ მოსწავლეს უნიკალური იდენტობის, პოტენციალისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენისა და განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, რასაც ქართული სკოლების „ფორმალური გარემო და ერთფეროვნება“ გარკვეულწილად ზღუდავს.

„არაერთ სკოლაში ჯერ კიდევ ატარებენ ფორმებს, რაც ჩაცმის პირადი სტილის გამოხატვას უშლის ხელს. ზოგან ჭირს განსხვავებული აზრის დაფიქსირებაც კი. ვისურვებდი, სკოლაში ნაკლებად ფორმალური გარემო იყოს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასებისთვის, რათა არ შეიზღუდოს ჩვენი ინდივიდუალიზმი და მრავალფეროვან განვითარებას შეეწყოს ხელი“, – გვიხსნის ის.

სკოლის როლზე საუბრისას ინდივიდუალიზმის ხელშეწყობას გამოყოფს მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ეკატერინე ჯორკოშვილიც, რომლის თქმითაც ზემოაღნიშნულზე გავლენას „თანატოლების მხრიდან ზეწოლა, გარიყვა და ბულინგიც“ ახდენს. გვიყვება, რომ სკოლაში თავადაც ხშირად დაუფარავს ინდივიდუალიზმი, რათა თავი კლასელებისგან გარიყულად არ ეგრძნო. ეკა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ მასწავლებლები და ზოგადად სკოლები მეტად უნდა იყვნენ ჩართულები, რათა ბავშვმა მეტად დაცულად იგრძნოს თავი.

„ბავშვები უნდა სწავლობდნენ სხვისი ინდივიდუალობის დაფასებას, პატივისცემას და მიმღებლობას, რაც სხვების დაცინვას და რაიმე ნიშნით გარიყვას გამორიცხავს. მინდა იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში რჩებიან, მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი „მე“ ღიად გამოხატონ და სკოლისგან მეტი მხარდაჭერა იგრძნონ“, – გვიხსნის აბიტურიენტი.

რესპონდენტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სკოლა სამომავლო ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს გვივითარებს. მაგალითად მეცხრე კლასის მოსწავლე ნინო დარბაიძე მიიჩნევს, რომ სასკოლო დისციპლინა და განრიგი „პუნქტუალობას, სისხარტეს და პასუხისმგებლობის გრძნობას აჩენს“.

მისი თქმით, ეს თვისებები ადამიანს უნივერსიტეტში, სამსახურსა და სხვა ცხოვრებისეულ საქმიანობაში სჭირდება და ამ ყოველივეს სკოლის ასაკიდან ჩამოყალიბება „ერთი ნაბიჯით წინ გვწევს“.

მეშვიდე კლასის მოსწავლე, თეკლა ბარათაშვილი კი ფიქრობს, რომ სკოლა დროის საინტერესოდ გატარებაში ეხმარება, სხვადასხვა აქტივობები, სკოლასთან არსებული წრეები და ექსკურსიები კი მრავალმხრივი განვითარების საშუალებას აძლევს. თუმცა, მისი თქმით, კარგი იქნებოდა, სკოლა გართობისა და დასვენების საშუალებას უფრო მეტად აძლევდეს, მაგალითად „ექსკურსია მხოლოდ გაზაფხულზე კი არა, წელიწადში 2-3 ჯერ ჰქონდეს“.

განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს კიდევ ერთი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ირაკლი ჯანჯღავა. როგორც იგი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, სკოლას მისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები არ მიუცია. ხაზგასმით გამოყოფს წინა სკოლას, სადაც რამდენიმე წელი სწავლობდა და ამბობს, რომ იგი დროსაც კი აკარგვინებდა.

„სადაც მე დავდიოდი ის სკოლა ვერც განათლებას მაძლევდა და მით უმეტეს ვერაფერს მომცემდა განათლების გარდა. არ გვაძლევდნენ უნარების განვითარების შესაძლებლობას, ჩვენთვის არც ექსკურსიები და სხვა აქტივობები არსებობდა. არ ვიცი, შეიძლება მარტო მე მყავდა ასეთი ცუდი მასწავლებლები, აღზრდის ძალიან ცუდი მეთოდები ჰქონდათ, სკოლა და სწავლა შემაზიზღეს“, – გვიყვება ის.

სტატიაზე მუშაობისას EDU.ARIS.GE-ს გამოკითხულები საუბრობენ პიროვნების ჩამოყალიბებაში სკოლის უდიდეს მნიშვნელობაზე და გვიყვებიან, რომ იგი, განათლების გარდა, აძლევთ ან უნდა აძლევდეთ: მრავალფეროვან ურთიერთობებს, მეგობრებს, ექსკურსიებს, გასართობ აქტივობებს, კარგი კომუნიკაციის, სოციალიზაციისა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად საჭირო უნარებს- სისხარტეს, პუნქტუალურობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

რესპონდენტების პასუხებიდან გამოიკვეთა ისიც, რომ დღეს სკოლისგან ვერ იღებენ საჭირო მხარდაჭერას თანატოლების მხრიდან ბულინგის, ზეწოლის ან სხვა სირთულის დროს, აგრეთვე, თავისუფალი არჩევანის, დასვენების, ინდივიდუალური უნარების, თვისებების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს სურთ სკოლისგან მიიღონ მეტი მხარდაჭერა, დაცულობის შეგრძნება, კომფორტული გარემო, მრავალფეროვნება, მეტი ექსკურსია, მრავალმხრივი კლასგარეშე აქტივობები და ინდივიდუალიზმის ხელშეწყობა, რაც მეტად განავითარებს მათ როგორც პიროვნულად, ისე ემოციურად და დაეხმარება ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებაში.

ასევე იხილეთ:

„ჩვენი საბოლოო მიზანია, ეს საგანი სკოლაში სავალდებულო გახდეს“ – „სამხედრო საქმე“ სექტემბრიდან კიდევ 40 სკოლაში შევა

მოამზადა თამარ კირკიტაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური