არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში და მისი უპირატესობები მოსწავლისთვის
ავტორი: ნათია იასაღაშვილი, განათლების მაგისტრი, საგნობრივი ექსპერტი, წამყვანი მასწავლებელი, შშმ პირთა დღის ცენტრის კოორდინატორი. სტატია განკუთვნილია EDU.ARIS.GE-ს პროექტისთვის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“.
არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების მიღმა ცოდნა-უნარების დაგროვებაა. თუ ფორმალური განათლება მოსწავლეს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს, მეორე შემთხვევაში ამ ჩარჩოებისა და შეზღუდვებისგან თავისუფალია.
არაფორმალური განათლება, ასე ვთქვათ, მექანიზმია, რომელიც ფორმალურ განათლებას ავსებს და მის გაძლიერებას უწყობს ხელს. დღეს ორივე ფორმის განათლება ერთნაირად მნიშვნელოვანია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი მოსწავლეების ჰოლისტური განვითარება, მათთვის კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, გუნდურობის, შემოქმედებითობის, პრობლემის გადაჭრის, ავტონომიურობის, კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბებაა. არაფორმალური განათლება სწორედ ამ უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ის ისეთი ცოდნის მიწოდების საშუალებაა, რომელსაც ფორმალური განათლება ხშირად ვერ ან ნაწილობრივ აწვდის მოსწავლეს. ამ დროს მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც თავის ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზეა მორგებული და თან არასაგაკვეთილო დროსა თუ სივრცეში. ასეთ გარემოში სწავლა მის მოტივაციასა და ხალისს ზრდის.
არაფორმალური განათლების რამდენიმე პრიორიტეტზე გავამახვილებ ყურადღებას:
სწავლების თავისუფალი სტილი – მოქნილია დროის, ადგილმდებარეობისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით; თავისუფალია სწავლის სტილით, მეთოდებისა და მიდგომების გამოყენების მხრივ;
ხელმისაწვდომობა – მიუხედავად მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა, მათი სოციალური სტატუსისა, ყველას შეუძლია, აქტიურად ჩაერთოს მისთვის საინტერესო აქტივობებში;
პროფორიენტაციის ხელშეწყობა – მოსწავლეებს ეხმარება პროფესიულ ორიენტაციაში. სემინარებში, სტაჟირებებში მონაწილეობით ისინი ეცნობიან სხვადასხვა პროფესიას, უკეთ აფასებენ თავიანთ პოტენციალს, ინტერესის სფეროს, რაც სამომავლოდ კარიერის დაგეგმვაში დაეხმარებათ;
სოციალიზაცია და თემთან ურთიერთობა – არაფორმალური განათლების აქტივობები ხშირად მოითხოვს თემთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობას, მოხალისეობრივ ჩართულობას, ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ასეთ აქტივობებში მონაწილეობით მოსწავლეებს სოციალური ცნობიერება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა უვითარდებათ, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაც მარტივად ხდება;
შესაძლებლობების აღმოჩენა, თვითშეფასების ჩამოყალიბება – არაფორმალური განათლება, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, მისწრაფებები. არაფორმალურ აქტივობებში ისინი უფრო დამოუკიდებელნი და საკუთარი ცოდნის კონსტრუქტორები არიან, ლიდერობის შანსიც ხშირად აქვთ, რაც მათ თვითშეფასებასა და პასუხისმგებლობას ზრდის;
რემედიაცია – მასწავლებელს შეუძლია, არაფორმალური განათლება რემედიაციის მიზნითაც გამოიყენოს;
ინკლუზიური გარემო – არაფორმალური განათლება მოსწავლეთა(ასევე მასწავლებელ-მოსწავლეთა) შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალებაა. ამ დროს მოსწავლეები საერთო მიზნის, ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან, ერთმანეთისადმი ნდობა და პატივისცემა უყალიბდებათ, კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრაც მარტივად ხდება. ასეთი პოზიტიური ურთიერთობები კი ინკლუზიურ სასწავლო გარემოს უწყობს ხელს.
სკოლის კულტურის გამდიდრება – არაფორმალური განათლება მრავალფეროვანს ხდის და ამდიდრებს საერთო საგანმანათლებლო გამოცდილებას.
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის არაფორმალურ განათლებას:
არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის ბევრი საშუალება არსებობს. მაგ. კლუბური საქმიანობები. კერძოდ, ისეთი კლუბების შექმნა, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზეა ორიენტირებული. ასეთი შეიძლება იყოს გარემოს დაცვითი, დებატების, ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ინგლისურის, კითხვის, მეწარმეობის, თეატრალური, სტემის, კოდირება-რობოტიკის, მედიაწიგნიერების, კინოკლუბი და სხვა კლუბები.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რა დროსაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ხდება. ის ფართო სპექტრის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მოსწავლეები კვლევით პროცესებში ერთვებიან, შემოქმედებითი, კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები უვითარდებათ. პროექტული სწავლების გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს შეიძლება.
არაფორმალური განათლების საკმაოდ გავრცელებული ფორმაა გასვლითი ღონისძიებები – შემეცნებითი ექსკურსიები მუზეუმებში, ისტორიულ ადგილებში, სამეცნიერო ლაბორატორიებში, ნაკრძალებში, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება, რაც ხელს უწყობს კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებას, ვიზუალური წიგნიერების განვითარებას, სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას.
არაფორმალური განათლებაა კონფერენციებში მონაწილეობა, აქციები (გარემოს დაცვითი – დასუფთავების, მწვანე ნარგავების, საქველმოქმედო…), გამოფენები, ტრენინგები, სემინარები, ბანაკები, გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს უწყობს უცნობ სიტუაციაში მარტივად ინტეგრირებას, თვითდამკვიდრებას, ლიდერობის, საკომუნიკაციო და კვლევითი უნარების, გლობალური ცნობიერების, დამოუკიდებლობის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებას.
მაშასადამე, არაფორმალური განათლება თავისი აქტივობებით მოსწავლეებს სთავაზობს ჰოლისტური განვითარების, პიროვნული ზრდისა და უწყვეტი სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებს და ამზადებს მათ რთული, გამოწვევებით სავსე ცხოვრებისთვის.
=
რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე