GE

რას შეუძლია სკოლებში უინტერესო გაკვეთილების ხარისხიანით ჩანაცვლება – მაკო ყუფარაძე „სკოლების აგუგუნებაზე“

„სკოლა და სისტემა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს“ – აცხადებს საქართველოში UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე და ამბობს, რომ სკოლებში ძალიან უინტერესო გაკვეთილები ტრადება, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფასო და ხარისხიანი განათლების უფლებით კი, ყველა მოსწავლე ვერ სარგებლობს.

ეს განცხადება მაკო ყუფარაძემ 15 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გააკეთა, სადაც თემატური მოკვლევის – „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ – ზეპირი მოსმენა გაიმართა.

სხდომაზე, სადაც ძირითადად ონლაინსწავლების ხარისხზე და უკვე არსებული სისტემის შეცვლაზე მსჯელობდნენ, UNICEF-ის წარმომადგენელმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

მაკო ყუფარაძე აღნიშნავს, რომ განათლებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, თუ ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, იმართება მარტივი პრინციპებით და ეს არის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისათვის ხარისხიანი განათლებისა. ჩვენს ქვეყანაში კი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლების პრობლემა ბოლო დროს კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო მწვავედ წამოატივტივა.

ყუფარაძის ინფორმაციით, საქართველოს რაიონების და სოფლების სკოლების დიდ ნაწილს ან საერთოდ არ აქვთ ინტერნეტი, ან აქვთ ფორმალურად და ამით უზრუნველყოფა არ ხდება.

„წარმოიდგინეთ, ერთ სკოლაში, სადაც დადგეს ეს სპეციალური თეფშები ინტერნეტისთვის და ა.შ., სკოლა იყო უაღრესად ბედნიერი, რომ მას ექნებოდა ინტერნეტში ჩართვის საშუალება. ამ ინტერნეტმა მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა და მერე გაითიშა. სკოლის დირექტორი არაერთხელ მიმართავს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მაგრამ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. ეს პრობლემა არის 2021 წელს და იყო 2020 წელს. მანამდე ხომ იყო და იყო“ – ამბობს UNICEF-ის წარმომადგენელი.

მაკო ყუფარაძის ინფორმაციით, სკოლების უმრავლესობა, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ბიუჯეტით, უზრუნველყოფილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, ანუ იმ ოთახებით, სადაც დგას ძალიან ბევრი კომპიუტერი, მაგრამ ბევრ სკოლაში ეს კომპიუტერები არცკი მუშაობს. შარშანდელი მონაცემებით, კოვიდპანდემიისა და ონლაინ რეჟიმის პირობებში, ქვეყანაში 55 ათას ბავშვს არ გააჩნდა არც კომპიუტერი და არც ტელეფონი, რომლითაც ონლაინ გაკვეთილებში ჩართვას შეძლებდა. წლევანდელი მონაცემი, თუ რამდენ ბავშვს არ აქვს შესაბამისი ტექნიკა, ცნობილი არ არის. შესაბამისად, „იუნისეფი“ თვლის, რომ ბავშვები, ვისაც ტექნიკის შეძენის საშუალება არ აქვთ, ადრეული ასაკიდან დისკრიმინირებულები არიან. შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით – უფასო და ხარისხიანი განათლებით.

UNICEF-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სკოლას დღეს პრაქტიკულად დაკარგული აქვს ფუნქცია ძალიან მდარე ხარისხის გაკვეთილების გამო, რომელიც ბავშვს არაფერს აძლევს.

„სკოლა და სისტემა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ ძალიან უინტერესო გაკვეთილებია. მასწავლებელი არის კოლაფსში, მოსწავლე გაკვეთილისგან ვერაფერს გებულობს. ეძინება, ამთქნარებს და სრულიად უინტერესოა“, – ამბობს მაკო ყუფარაძე, რომლის აზრით, გამოსავალი ქვეყანაში კარგი ციფრული პროგრამების დანერგვაა, რაც 21-ე საუკუნეში უმნიშვნელოვანესია. ეს პროგრამები კი პირველ რიგში, მასწავლებლებისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, პროფესიული განვითარების გარეშე კი, მასწავლებლისთვის ხელფასის გაზრდა არ უნდა მოხდეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მაკო ყუფარაძის აზრით, სოციალურად დაუცვალ ბავშვთა მდგომარეობას გააუმჯობესებს განათლების კუთხით, კლასგარეშე პროგრამებია, რომელშიც შედის გაკვეთილის მომზადება, სხვადასხვა რეკრეაცია, ფიზიკური აქტივობა და კვება, რაც სახელმწიფო ვალდებულება უნდა გახდეს.

„წარმოიდგინეთ, რამდენ ბავშვს დავეხმარებით, რამდენ ბავშვს გავუზრდით მოტივაციას, იმიტომ, რომ მას დავეხმარებით. მას ფიზიკურ განვითარებაშიც ვეხმარებით და ოჯახი ხომ უაღრესად კმაყოფილია. დიახ, ეს დაჯდება ფული, მაგრამ ბავშვი არის ისეთი ფენომენი, რომელშიც სახელმწიფომ არავითარი ეკონომია არ უნდა გააკეთოს“ – აღნიშნავს ყუფარაძე და თვლის, რომ რეგიონებში, სადაც სკოლები შუადღის 2 საათის შემდეგ ფაქტობრივად ცარიელია, „კლასგარეშე გაკვეთილების ჩატარებით უნდა ავაგუგუნოთ“.

UNICEF-ის წარმომადგენელმა სახელმწიფოს იმ მოსწავლეების დახმარებისკენაც მოუწოდა უშუალოდ კომპიუტერების გადაცემის სახით, ვისაც ხელი არ მიუწვდება ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკაზე.

ასევე იხილეთ:

დიდ სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა, რეგიონებში კი, სკოლის მოსწავლეებს სოფლის ამბულატორია მოემსახურება – ვადები

მოამზადა რუსკა ადვაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური