„რატომ არ ვაცდით მოსწავლეს, გახდეს მკითხველი? – პირველი კლასიდანვე ვზღუდავთ…“
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 24 წლიანი გამოცდილების პედაგოგი მაია ეკალაძე 2 აპრილს წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მოსწავლე, როგორც მკითხველი, არ შეიძლება შევზღუდოთ:
ცოტა ხნის წინ ვნახე, აბიტურიენტების გვერდზე პოსტი- შეკითხვა. პოსტი აბიტურიენტს უნდა ეკუთვნოდეს.
გმობს თუ არა ილია ჭავჭავაძე განდეგილობას?
პირველი, რამაც შემაწუხა: რატომ ეკითხება ამას მოსწავლეს მასწავლებელი?
ბავშვი არის მეთორმეტე ან მეთერთმეტეკლასელი.
რა იცის მან ასკეტიზმზე?
ქრისტიანულ ფილოსოფიაზე?
დიდი დიდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ჰქონდეს წაკითხული… ისიც გაუაზრებლად დარჩენილი, მით უფრო, თუ მასწავლებელი ასკეტიზმის პრინციპებსა და გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის აღწერას სთხოვდა თავის დროზე, საიდანღაც გადასაწერად…
გმობს თუ არა ილია ჭავჭავაძე განდეგილობას?
რა უნდა უპასუხოს მეთერთმეტეკლასელმა, ან აბიტურიენტმა? ფილოლოგია? ფილოლოგი უნდა გახდეს? რატომ უნდა უპასუხოს??? განდეგილში მთავარი განდეგილობის დაგმობა-არდაგმობაა???
ანუ ვაიძულებთ, გადაწეროს ბაქრაძის, გიგინეიშვილის, ან ვინმე სხვა ფილოლოგისა და ფილოსოფოსის აზრი ისევ გაუაზრებლად, შეუძლებელია ამ ასაკში მათი გააზრება გამონაკლის შემთხვევებშიც, ამ ადამიანებმა გაიარეს ცხოვრების გარკვეული გზა, სანამ მოსაზრებებს გაასაჯარაოებდნენ და არ იყვნენ 16-17 წლისანი… მიუხედავად ამისა, უკრიტიკოდ ვერ წავიკითხავ მათ ნააზრევს და ყველაფერში ვერ დავეთანხმები…
რატომ უნდა გადაწეროს მოსწავლემ რომელიმეს ნააზრევი?
რატომ არ ვაძლევთ შანსს მოზარდს, გახდეს მკითხველი… რატომ?
ვის აინტერესებს სკოლის მოსწავლისგან, ილიამ დაგმო თუ არ დაგმო ასკეტიზმი?
რას ცვლის მოზარდის ცხოვრებაში ამის გაგება?
სხვა არაფერია განდეგილში საინტერესო?
არაა საკმარისი, მეთერთეტეკლასელი დააკვირდეს განდეგილის მიზანსა და მისკენ მიმავალ განდეგილს? გაიაზროს კეთილი მწყემსის ცნება, ნასწავლი აქვს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, სულხან- საბა, დავით გურამიშვილი და ისაუბროს ნივთიერისა თუ სულიერის გადარჩენის
ვალდებულებაზე/არჩევანზე;
გაორებაზე- ნივთიერისა და სულიერის აღქმაზე; ბრძოლის სტრატეგიებზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე…
სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ მეთერთმეტეკლასელმა წაიკითხოს ბაქრაძე, გიგინეიშვილი, ბერძენიშვილი და სხვანი თუ ეს უნდა…
არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ არ წაიკითხოს იგივე ბაქრაძე, გიგინეიშვილი, ბერძენიშვილი და სხვანი, თუ ეს არ უნდა…
მე იმაზე ვდარდობ, რომ მოსწავლეს არ ვაცდით, გახდეს მკითხველი და განა მეთერთმეტე კლასიდან არ ვაცდით, პირველი კლასიდანვე ვზღუდავთ ბავშვში მკითხველს…
შეგონებით – წაიკითხე!, მკითხველი არავინ გამხდარა ჯერ, სამწუხაროდ.