GE

რატომ მოქმედებს სკოლების დაფინანსების ერთი და იგივე სისტემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში?

ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოს მსგავსად, სკოლების დაფინანსების ვაუჩერული სისტემა მოქმედებს. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია კოლუმბიის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციისთვის, რომლის სათაურია „პერკაპიტა სისტემების შემოტანა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“, იკვლევდა რა ფაქტორები მოქმედებს იმ ქვეყნებში, რომლებსაც შემოაქვთ  ეს სისტემები და არის თუ არა ერთი და იგივე ყველგან. EDU.ARIS.GE – დაინტერესდა, რა პრობლემები გადაჭრა საქართველოში სკოლების ვაუჩერულმა დაფინანსებამ, როგორ მოქმედებს დაფინანსების ამგვარი წესი სხვა ქვეყნებში და რა გამოავლინა სკოლებში სულადობრივი დაფინანსების შესახებ კვლევამ. ამ საკითხებზე ჩვენ ინტერვიუ  განათლების ექსპერტთან ჩავწერეთ.

როგორც სიმონ ჯანაშიამ აღნიშნა, სულადობრივი დაფინანსება ერთი დიდი სარეფორმო პაკეტის ნაწილია, რომელიც გულისხმობდა მთელს მოფლიოში საბაზრო პრინციპების შემოტანას, სკოლებს შორის კონკურენციას, იმისთვის რომ ხარისხი გაზრდილიყო.

-რატომ არის სკოლების დაფინანსების სულადობრივი მოდელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში?

-ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, 6 სახელმწიფოშია სკოლების დაფინანსების სულადობრივი სისტემა დანერგილი. მაინტერესებდა, რა ინეტერესი ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ქვეყნებს პრობლემების  ერთი და იგივე გზით გადაჭრის.  ეს ქვეყნებია ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, საქართველო, სომხეთი და ტაჯიკეთი.

ჩემი კვლევის სათაურია „პერკაპიტა (სულადობრივი დაფინანსება) სისტემების შემოტანა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“. მე ვიკვლევდი რა ფაქტორები მოქმედებს ამ ქვეყნებში, რომ შემოაქვთ  ეს სისტემები და არის თუ არა ერთი და იგივე ყველგან. კვლევა აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინტერესი მრავალმხრივი და განსხვავებულია. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იყო კორუფციის დამარცხება და საბაზრო პრინციპების შემოტანა განათლების სისტემაში. გადაწყვეტილების მიმღებებს უნდოდათ, სკოლებს შორის კონკურენცია ყოფილიყო და მეორეს მხრივ, გამჭვირვალედ წასულიყო პროცესი, რომელი სკოლა რამდენ ფულს იღებს. ბალტიისპირეთის ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში უფრო საერთშორისო ორგანიზაციების ზეწოლის ქვეშ იყო შემოღებული ეს ინსტრუმენტი. მაგალითად, ლატვიაში, სესხის მიღების წინაპირობა იყო 2009 წლის კრიზისის მერე. ზოგან ამ სისტემით ცდილობენ, რომ განათლების სისტემის ეფექტიანობა გაზარდონ. იგულისხმება, რომ ასეთი დაფინანსების შედეგად არაეფექტიანობის შემთხვევებში სკოლების ოპტიმიზაცია მოხდება და დაიხურება.

-თქვენი შეფასებით,  მისაღებია  დაფინანსების ამგვარი სისტემა?

-მნიშვნელოვანია, ვნახოთ, მუშაობს თუ არ მუშაობს და რა პრობლემებს ჭრის სულადობრივი დაფინანსების სისტემა. კორუფციის პრობლემები მართლაც გადაჭრა. კონკურენციის პრობლემა . . .  კონკურენცია უფრო წარმოსახვით მიზანი შეიძლება იყოს, რეალური მიზანი ვერ იქნება, იმიტომ რომ რეგიონების ნაწილში კონკურენცია არ არსებობს, იმიტომ რომ ზოგიერთ სოფელში ერთადერთი სკოლა შეიძლება იყოს. ამ თვალსაზრისით ეს სისტემა არ მუშაობს. ამგვარ სისტემას აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები და ეს არ არის სკოლების დაფინანსების ერთადერთი გზა. ლატვიაში, მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ეგზავნებათ თანხა და ისინი ანაწილებენ სულადობრივად. ამ შემთხვევაში, ეს სიტემა საერთოდ აღარ მუშაობს. სკოლებისთვისაც გარკვეულწილად კარგია სულადობრივი დაფინანსების მოდელი. თავიდანვე იცის თავის ბიუჯეტი. იცის, რომ ეს სისტემა სამართლიანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვიღაცას გავლენიანი დირექტორი ჰყავს, ამის გამო არ მიიღებს დამატებით დაფინანსებას.

-რამდენად მუშაობს საქართველოში სკოლების დაფინანსების ეს მოდელი? იმის ფონზე, როცა საქართველოში სოფლად, რეგიონებში მცირეკონტიგენტიანი სკოლები არსებობს და ისინი ამ წესის მიხედვით ნაკლებ დაფინანსებას იღებენ? რამდენად გამართლებულია დაფინანსების ამგვარი წესი?

-გააჩნია, რა ღირებულებებით შევაფასებთ. ეფექტურობაც და სოციალური სტაბილურობაც ორივე ღირებულებაა. ეფექტურობის თვალსაზრისით შეიძლება ღირდეს, რომ ზოგიერთი სკოლა დაიხუროს. სოციალური სტაბილურობის თვალსაზრისით, არაა კარგი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი საერთოდ გადასახლდეს იმ ადგილიდან, სადაც სკოლა დაიხურება. ეს კი შეიძლება მის გაუცხოებას ნიშნავდეს.

-სხვა ქვეყნებში სკოლების სულადობრივი დაფინანსების სისტემა როგორ მუშაობს?

-ძალიან განსხვავდება. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან კარგად მუშაობს, ან უარესად. ფაქტია, რომ მაგალითად, ლატვიაში უფრო ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების გზაა და არა რაიმე რეალური პრობლემების გადაჭრის მექანიზმი. დააკმაყოფილეს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები და სინამდვილეში ისე განახორციელეს, რომ არც განახორციელეს. თავი მოაჩვენეს. შინაგანი ინტერესი არ ჰქონდათ. გარეგანი ზეწოლის ქვეშ მოიგონეს, როგორ აერიდებინათ თავი ამ სისტემის რეალური დანერგისთვის.

ყველგან, სადაც ეს სისტემაა დანერგილი, ერთსა და იმავე პრობლემას იწვევს, რომ პატარა სკოლებს აქვს დეფიციტი და უწევს ისეთ რაღაცეებზე უარის თქმა, რაზეც უარს არ ამბობს დიდი სკოლა. ეს მსგავსებაა სისტემებს შორის. სისტემებს შორის განსხვავება არის ის, რომ საქართველოში კერძო სკოლებში მიდის სულადობრივად თანხა. ყველა ქვეყანაში ეს ასე არ არის.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სხვა გზითაც დებს სახელმწიფო განათლებაში ფულს. მაგალითად, სკოლების ინფრასტუქრურაში ჩადებული ფული არ არის სულადობრივი, ასევე სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებში. ჩავთვალოთ, რომ ეს არ არის სკოლის დაფინანსების ერთ-ერთი გზა. ჩვენთან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული ისაა, რომ ამ თანხაში კომუნალური ხარჯებიც შედიოდა. ეს იყო არამხოლოდ ხელფასები, როგორც უმეტეს ქვეყნებში.

სხვა სახელმწიფოებში არის განაწილებული პასუხისმგებლობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ჩვენთანაც ასე იყო 2004 წლამდე. ახლა ჩვენთან ადგილობრივი ხელისუფლება არ მონაწილეობს დაფინანსებაში. პლუსი არის ის, რომ პოლიტიკური მანიპულირება ნაკლებად ხდება. ადრე ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის ხელმძღვანელობას ევაჭრებოდა. ეუბნებოდა, რომ იმ შემთხვევაში მისცემდა ფულს, თუ მხარს  დაუჭერდა არჩევნებზე. ეს უმეტესად მოისპო. მაგრამ ახლა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად უნდა ჩაერიოს ცენტრალური ხელისუფლება. ვალდებულება რახან აღარ აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, ძალიან რთულდება სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართვა.

-სკოლის დაფინანსების სულადობრივი მოდელი არის თუ არა იდეალური, ან უკეთესი რომელი იქნებოდა?

-იდეალური არ არსებობს. ყველა სისტემა არის არჩევანი ალტერნატივებს შორის. ყოველთვის რაღაცას იღებ და რაღაცას კარგავ. ისეთი სისტემა არ არსებობს, რომ მხოლოდ მოიგო და არაფერი  წააგო.  სულადობრივი სისტემა შეიძლება ოპტიმალური იყოს სკოლის ხარჯების რაღაც ნაწილის დაფინანსებისთვის, მაგრამ სკოლის სხვა ხარჯების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, რეალური ხარჯებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ სკოლის შენობებიც კი არ არის თანაბარი ხარჯის მქონე. ზოგი ისტორიული შენობაა და გათბობა მეტი სჭირდება. იმიტომ რომ მაღალი ჭერი აქვს და ა.შ. მათი ხარჯების ანაზღაურება სხვადასხვანაირად უნდა მოხდეს, თუ ვამბობთ, რომ გვინდა შევინარჩუნოთ განსხვავებული სკოლები.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართვაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების  დაფინანსებაში, იმიტომ რომ არის ზოგიერთ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ფული და  ცუდია, რომ არ იყენებს განათლების დაფინანსებისთვის. მაგ. ფოთს, ბათუმს, თბილისს დიდი ბიუჯეტი აქვს. ვერ იყენებს ან არ იყენებს ამას და სკოლებსაც შესაბამისად არ ჰყავთ ახლოს დაფინანსების წყაროები, რომელსაც შეიძლება მიმართოს საჭიროების შემთხვევაში.

-რა შედეგებზე გავიდა თქვენი კვლევა?

-მე ვნახულობდი, რა არის ის სტრატეგიები, რასაც იყენებდნენ ამ სისტემის გამოყენების დასასაბუთებლად. რატომ გვჭირდება დაფინანსების ეს პრინციპი? არსებობს სტრატეგია, როდესაც ახალი პოლიტიკის დასასაბუთებლად იყურები ქვეყნის გარეთ, ეძებ იმ სისტემას, რასაც წარმატებულს დაარქმევ და შემდეგ საერთაშორისო არგუმენტით დანერგავ. მეორეა, როცა შიგნით იყურები და ცდილობ, შენს ისტორიაში იპოვო რაღაცა, როდესაც იტყვი, ჩვენც იგივე გზით მივდიოდით და ხელი შეგვიშალეს.  საბჭოთა კავშირის შემთხვევა იყო მაგალითი. ლატვიაში და საქართველოშიც ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის პერიოდიდან აეღოთ მაგალითები, რაც დაეხმარებოდათ ახალი სისტემის ლეგიტიმაციის მოპოვებაში. მაგალითად, როდესაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ განათლების რეფორმის პროექტს დაერქვა პროექტი ილია ჭავჭავაძე. ამით ვაჩვენებდით, რომ ჩვენ იმ იდეების გავრცელებას ვცდილობთ, რაც თერგდალეულებს და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა. ლატვიაშიც დაახლოებით ასე ხდებოდა.

ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ არ უნდა ვიფიქროთ, რადგან სახელი სულადობრივი დაფინანსება ერთი აქვთ, ერთი და იგივივე სისტემაზეა საუბარი. ანუ სულადობრივი დაფინანსება კი ჰქვია ლატვიასა და საქართველოში (ამ ორ ქვეყანას ვადარებდი ერთმანეთს) მაგრამ ერთი და იგივე არ არის. სახელს ერთსა და იგივეს იმიტომ ეძახიან, რომ  ლეგიტიმაცია მოიპოვონ. გარედან ისე ჩანს, თითქოს თანამედროვე სისტემა გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ამ თითქოს ერთნაირ სისტემას, ყველა თავის საჭიროებებს არგებს და ეს საჭიროებები განსხვავდება. ვიღაცას კორუფცია აწუხებს, ვიღაცას არაეფექტურობა, ვიღაცას სესხის, გრანტის მიღების შესაძლებლობა.

ეს კვლევა ასევე მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ ჩვენნაირი სუსტი სახელმწიფოები უცხოურ მოდელებს საერთაშორისო გავლენების შედეგად სისტემებს ბრმად არ ნერგავენ, როგორც ეს გლობალიზაციის მკვლევარების ნაწილს მიაჩნია. ნებისმიერი სახელმწიფო მოდიფიცირებას უკეთებს სისტემებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მისი დანერგვის დროს, და რეალურად ქმნის პოლიტიკის ინსტრუმენტების ადგილობრივ ვარიანტს, რომელიც ხშირად გავრცელებულ პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ ერთგვარად უნიკალურია.

კერძო რეპეტიტორობის სისტემის 10 მახასიათებელი – სიმონ ჯანაშია

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ცისანა არის© შერგილაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი