GE

რატომ შეექმნათ დისკომფორტი აპლიკანტებს მასწავლებელთა გამოცდაზე და როდის ეცოდინებათ მათ ტესტირების შედეგები 

მიმდინარე წლის, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები, დღეს 2 ნოემბერს, პროფესიულ უნარებში ტესტირებით დაიწყო. “ნაეკის” ინფორმაციით, დილიდანვე გახსნილი იყო საქართველოს რვა ქალაქში მდებარე 13-ივე საგამოცდო ცენტრი და თითოეულ მათგანი უზრუნველყოფილი იყო გათბობით. როგორც ცნობილი გახდა, საგამოცდო ცენტრებში რეგისტრირებული აპლიკანტების 80%-მდე გამოცხადდა.

გარდა იმისა, რომ გამოცდის დაწყების დღეს საკმაოდ ცივი ამინდი დაერთო, პედაგოგების ნაწილს გარკვეული დისკომფორტი გაჩხრეკის პროცედურამ  შეუქმნა. თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული ცენტრი ერთ-ერთმა აპლიკანტმა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა ისევ დაბრუნდა და დადგენილ პროცედურებს დაემორჩილა. ამავე ცენტრში კიდევ ერთი პედაგოგი გამოცდაზე დაშვებას საკუთარი „მაუსით“ ითხოვდა, რისი ნებაც არ მისცეს.

ქალბატონებს “ნაეკის” წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ გამონაკლისებს ვერ დაუშვებდნენ, გარდა ამისა, გაჩხრეკის მოწინააღმდეგე პედაგოგს აუხსნეს, რომ აღნიშნული პროცედურისთვის სპეციალურად მოწვეული ჰყავთ აეროპორტის თანამშრომლები და ვინმეს უფლებების დარღვევა არ ხდება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძის განცხადებით, გამოცდების სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„დღეს დაიწყო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტესტირება, რომელიც შემოდგომაზე უნდა ყოფილიყო ორგანიზებული. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ  კომფორტული გარემო შეგვექმნა პედაგოგებისთვის, ახლახან მოვიარე სექტორები, ყველგან არის გათბობა ჩართული, ასევე  მათთვის უზრუნველყოფილია დამატებითი საკიდები, რომ თავიანთი ქურთუკები მოათავსონ. დანარჩენს რაც შეეხება, 26 ათასზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული და ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია აქტივობა. ამ ჯერზე როგორც პრაქტიკოს, ასევე მასწავლებლობის მსურველებს შეეძლოთ დარეგისტრირება. 26 ათასი განცხადებიდან პროფესიაში შემოსვლის მსურველი არის დაახლოებით 11 000. იმედია, წარმატებით გაართმევენ თავს ამ გამოწვევას“,- განაცხადა სოფო გორგოძემ  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში. მისივე თქმით, გამოცდების შედეგები სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

გამოცდებში მონაწილე პედაგოგების ნაწილი ფიქრობს, რომ სერტიფიკატის მოპოვება, მათი კარიერული ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გამოცდაზე გასვლის მოტივაციაც ეს იყო, ნაწილი კი EDU.ARIS.GE-სთან გარკვეულ პრობლემებზე საუბრობს. მაგალითად მარნეულის არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგი, რომელსაც პროფესიული უნარების ჩაბარება ქართულ ენაზე უწევს.

„ჩვენ არაქართულენოვანი პედაგოგები ვართ, არ ვიცით კარგად ქართული, ამიტომ არ გვინდოდა ეს გამოცდა, უფრო სწორად გამოცდის ჩაბარების წინააღმდეგი კი არ ვართ, ჩვენთვის რთულია. საგნის გამოცდა შეგვიძლია ჩვენ ენაზე ჩავაბაროთ, მაგრამ პროფესიული უნარები – არა. მაგალითად, აი ჩემი მეგობარი მუსიკის მასწავლებელია არ იცის ქართული და რა უნდა დაწეროს? მაინც გამოვედით და ვცდილობთ შედეგი დავდოთ”, – გვითხრა პედაგოგმა, სუზანა მურანოვამ.

არაქართულენოვანი პედაგოგების მდგომარეობაზე საუბრისას “ნაეკის” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ აპლიკანტი პროფესიული უნარების გამოცდაზე იტყვის, რომ მას სურვილი აქვს არაქართულ ენაზე დაწეროს პასუხები, ამის შესაძლებლობა მიეცემა, თუმცა პირობას თუ ვერ იგებს, ვერ გადაუთარგმნიან.

რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, ისინი ამბობენ, რომ დიდი სურვილი აქვთ გამოცდებში წარმატებას მიაღწიონ და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის მონაწილეები გახდნენ.

„შედეგებს უკეთესს ველოდები, ვიდრე წინა გამოცდაზე დავდე, განწყობაც კარგი მაქვს, ემოციები კი ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ იმედი მაქვს. წინა გამოცდაზე ოჯახური მდგომარეობა დაემთხვა ისე, რომ კარგად ვერ მოვემზადე,ოჯახის ახლობელი გარდაგვეცვალა. ახლა უფრო მოტივირებული ვარ. ანაზღაურების ზრდაც არის მოტივაცია, მე კონფლიქტისპირა სოფლიდან ვარ, ჩვენთან ანაზღაურება ცოტა განსხვავებულია. მართალია მასწავლებელი თანხაზე არ უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ესეც არის გარკვეულწილად მოტივაციის განმსაზღვრელი,გარდა ამისა, რაც უფრო მეტი გვეცოდინება ბავშვებთან ურთიერთობაზე,რა თქმა უნდა უკეთესია”, – ამბობს პედაგოგი ნინო ხონელიძე.

„ხაშურის ერთ-ერთი  სკოლის მასწავლებელი ვარ, დიდი იმედი მაქვს. ძალიან მომწონს სიახლეები, რაც განათლების სფეროში ხდება, ანაზღაურების მატება მთავარი არ არის, მაქვს სურვილი, რომ სერტიფიცირებული პედაგოგი ვიყო”,- აცხადებს მასწავლებელი ხაშურიდან.

კიდევ ერთი მასწავლებელი ბარისახოდან სახელმწიფოს მხრიდან ახალ და ძველ პედაგოგებს შორის არსებულ არათანაბარ მიდგომებზე საუბრობს.

„გაჩხრეკაზე ვინერვიულე, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია ჩემთვის, კი შეაქვთ რაღაცები და უნდა შემოწმდეს, მაგრამ ეს ხელების ფათური ძალიან უხერხულია. მოლოდინი კარგი ,მაქვს იმედია დავძლევ. გერმანულის სპეციალისტი ვარ, ამჟამად ისტ-ს ვაბარებ, ბევრი დადებითიც ხდება, მაგრამ ბევრი უარყოფითიცაა. რეფორმებს ყოველთვის აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. პრაქტიკოსი პედაგოგების მიმართ უფრო უარყოფითი დამოკიდებულებაა, თუ არ ჩააბარებ გამოცდას, სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე ხარ. ვიღაცას მეტი გასაქანი აქვს, ასე ვიტყოდი გუშინდელ შემოსულებს. ერთ საგანში ჩააბარებს გამოცდას  და შემოდის სისტემაში. ჩვენ იძულებულები ვართ ორი გამოცდა ჩავაბაროთ. განსხვავება რომ იყოს, რომ ახლებს რაღაცა პერიოდის მერე აბარებინებდნენ უნარებს და მაშინვე არ აძლევდნენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, უფრო თანაბარ მდგომარეობაში ვიქნებოდით, 2003 წლიდან წლიდან ვმუშაობ სკოლაში, უკვე საკმაო გამოცდილება მაქვს, ბევრს საუბრობენ ანაზღაურების ზრდაზე, მაგრამ პრაქტიკოსებს ეს არ შეგვხებია”, – ამბობს გამოცდის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება პროფესიული უნარების ტესტების სირთულეს, მას გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ასე აფასებენ:

„გამოცდები აუცილებელია, საშუალოზე მაღალ დონეზე იყო მომზადებული გამოცდები, კომპეტენტური და შინაარსიანი შეკითხვები იყო დასმული.“

„სანახევროდ იყო რთული, თუ გექნებოდა წინასწარ მომზადებული არ გაგიჭირდებოდა, კარგი მოლოდინი მაქვს, ვნახოთ, ორგანიზაციულადაც კარგად იყო ყველაფერი.“

„საშულო სირთულის იყო, მაგრამ ჩემი ასაკისთვის ცოტა უფრო რთული. ახალგაზრდებისთვის, მე მგონი, უფრო ხელმისაწვდომია. კმაყოფილი ვარ თბილი შეხვედრით და ყურადღებით, ძალიან კარგად მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი, ასაკით პენსიონერი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელი კიდევ შემიძლია ვასწავლო, ამიტომ წარმატების იმედი მაქვს.“

2019 წლია შემოდგომაზე  მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის  26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. “ნაეკის ” ინფორმაციით, პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური