GE

რეკომენდაციები სკოლებში მოსწავლის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მასწავლებლებისა და მშობლებისთვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მშობლებისა და სკოლის მასწავლებლებისათვის სკოლაში მოსწავლის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სპეციალურ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

აპარატი მიმართავს მშობლებს, რომ პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენი და თქვენი შვილების ინტერესებს. ამიტომ გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ და თქვენს შვილებსაც ესაუბრეთ მათ უფლებებზე. საკუთარი უფლებების აქტიური დაცვით თქვენ ქმნით პოზიტიურ მაგალითს და ხელს უწყობთ სხვისი უფლებების დაცვასაც.

მშობლებისათვის:

რა არის თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები?

ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ მისი პერსონალური მონაცემია. მაგალითად:

1.ზოგადი ინფორმაცია თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის შესახებ – რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?

2. ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო განრიგის შესახებ – რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?

3. ინფორმაცია თქვენი შვილის ინტერესების შესახებ – რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით?

4. თქვენი შვილის აკადემიური მოსწრება  რა ნიშანი ჰყავს ფიზიკაში? ხომ არ უჭირს ისტორიის სწავლა?

5. ფოტო და ვიდეო მასალა თქვენი შვილის გამოსახულებით – პირად საქმეში არსებული ფოტო ან ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც სკოლაში ინახება ან სკოლამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ან სხვა საშუალებით.

6. ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, ალერგიული ხომ არ არის და თუ არის რაზე? რა აცრები აქვს გაკეთებული? აქვს თუ არა კვების სპეციალური რეჟიმი?

7. ინფორმაცია თქვენი შვილის მიერ ჩადენილ სამართალ დარღვევასთან დაკავშირებით

8. თქვენი შვილის რელიგიური შეხედულებები

9. თქვენი შვილის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია

რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მოსწავლის მშობელს?

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თუ რა მონაცემებს ფლობს სკოლა თქვენი შვილის შესახებ, საიდან მოიპოვა მონაცემები და რა მიზნით. ასევე, აქვს თუ არა მონაცემების შეგროვებისა და შენახვის კანონიერი საფუძველი? (მაგალითად, თქვენი თანხმობა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა და სხვა.) სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაცია მოძიებასა და დამუშავებას საჭიროებს.

თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, ხომ არ გაუცია სკოლას თქვენი შვილის პერსონალური მონაცემები სხვა პირებზე. სკოლა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების გასწორება და უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემების წაშლა/განადგურება. სკოლა ვალდებულია შეასწოროს უზუსტო და წაშალოს უსაფუძვლოდ შეგროვებული მონაცემები 15 დღის ვადაში ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

თქვენ გაქვთ უფლება უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. მაგალითად, თუ სკოლას ნება დართეთ განეთავსებინა თქვენი შვილის ფოტო სკოლის ვებგვერდზე/სოციალური ქსელის გვერდზე და შემდეგ გადაიფიქრეთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ფოტოს წაშლა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

თქვენ გაქვთ უფლება დაცული იყოს თქვენი შვილის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. შესაბამისად, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს თქვენი შვილის მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

სკოლას აქვს უფლება:

1. განახორციელოს ვიდეოთვალთვალი სკოლის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. ვიდეოგადაღება დასაშვებია მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე. გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალი დაუშვებელია.

2. აკონტროლოს მოსწავლეების შენობაში შესვლა და შენობიდან გასვლა, ასევე, აღრიცხოს ვიზიტორთა სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები. ამ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს.

3. ფოტო/ვიდეო გადაღებით დააფიქსიროს და შემდგომ გაასაჯაროვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა (მაგ.facebook-ზე, youtub-ზე), მაგრამ მხოლოდ მოსწავლის ან თქვენი წინასწარი თანხმობით. თანხმობის მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესები.

4. ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური შეხედულების, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილების შესახებ და სხვა სენსიტიური ხასიათის მონაცემები შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარი (განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული) მონაცემების მიმართ კანონმდებლობით დადგენილია დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი.

ეს მონაცემები სკოლამ შეიძლება შეაგროვოს, შეინახოს და სხვაგვარად გამოიყენოს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მაგალითად, თქვენი წერილობითი თანხმობით, ან, თუ ეს აუცილებელია, თქვენი შვილის ან სხვა მოსწავლის სასიცოცხლო ინტერესების დაცვისთვის და სხვა. განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირებისთვის გამჟღავნება დაუშვებელია თქვენი თანხმობის გარეშე.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ან თქვენი შვილის უფლებები ირღვევა, შეგიძლიათ:

1. მიმართოთ სკოლას და მოითხოვოთ დარღვევის აღმოფხვრა, როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგენილი იყოს წერილობითი მიმართვის ფორმა.

2. მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, რომელიც შეისწავლის გარემოებებს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია სკოლას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მაგალითად, ჯარიმა), მოსთხოვოს მონაცემების წაშლა, გასწორება და სხვა.

3. მიმართოთ სასამართლოს ქონებრივი ან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და დარღვეული უფლებების აღსადგენად.

მოსწავლის მშობელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური