„რეპეტიტორები რომ არსებობენ იმიტომ არ არის სკოლაში კარგი სწავლება, თუ სკოლაში კარგი სწავლება რომ არ არის იმიტომ არსებობენ რეპეტიტორები?“
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებებმა – სკოლაში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებისა და მისაღები გამოცდების შემცირების თაობაზე, პედაგოგების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია. გაგიჭირდებათ მოძებნოთ პედაგოგი, რომელიც ცვლილებას დადებითად აფასებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო წაახალისებს მოსწავლეების სიზარმაცეს და მათ სწავლის სტიმულს დააკარგვინებს. აღნიშნულ აზრს იზიარებენ არა მხოლოდ ის პედაგოგები, რომლებიც თავად არიან რეპეტიტორები და გადაწყვეტილებამ მათ მოსწავლეები შეუმცირა, არამედ ისინიც, ვინც მხოლოდ საჯარო სკოლაში მუშაობით შემოიფარგლებიან. მასწავლებლები ამტკიცებენ, რომ მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა ძალიან ბევრ საგანში იმ დონის ცოდნაც არ ექნება, რა დონესაც გამოსაშვები გამოცდები მოითხოვდა.
მათი თქმით, სკოლებში, მაღალ კლასებში საგაკვეთილო პროცესს ფორმალური სახე აქვს მიცემული და თუკი მოსწავლეები რაიმეს სწავლობდნენ, მხოლოდ გამოცდების გამო და უმეტეს შემთხვევებში – რეპეტიტორებთან. გამოცდების გაუქმება კი, პედაგოგების აზრით, პროცესს კიდევ უფრო ფორმალურს გახდის – „ყველამ კარგად იცის რა ხდება სკოლებში ბოლო კლასებში. გაკვეთილები, ფაქტობრივად, არ ტარდება, მოსწავლეები არ დადიან, არ სწავლობენ. ამ სისტემის ამარა ბავშვების დატოვება დანაშაულია“, – ამბობენ ისინი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საგამოცდო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე ამცნო. მან რამდენიმე სიახლე წარმოადგინა – მეთერთმეტე კლესელებისათვის კატის გამოცდების გაუქმების შესახებ და მისაღებ გამოცდებში სავალდებულო საგნების შემცირების თაობაზე, რის ფარგლებშიც ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა სავალდებულო გამოცდების ნუსხიდან ამოღებულია. გადაწყვეტილებას მე-12 კლასელების პროტესტი მოჰყვა, რომლებიც მოითხოვდნენ გამოსაშვები გამოცდები მათთვისაც გაუქმებულიყო. მათ 3 თებერვლისათვის მასშტაბური აქციაც დაგეგმეს, თუმცა აქციამდე ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცვლილება მეთორმეტე კლასელებსაც შეეხებოდათ.
ცვლილებები ძალაში შევიდა. საზოგადოება კი პოსტფაქტუმ იწყებს მის ავკარგიანობაზე საუბარს.
ლალი ზუმბაძე აბიტურიენტებს ზოგად უნარებში მას შემდეგ ამზადებს, რაც ეროვნული გამოცდების მოდელი შემოიღეს და, შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდების გაჩნდა. ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატის მიმართ ბევრი შენიშვნა ჰქონდა ყოველთვის, თუმცა ზოგადი უნარები ის საგანია, რომელიც მას ყველაზე მეტად რამდენიმე მოსაზრების გამო მოსწონდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აღნიშნული საგანი იყო ერთადერთი მთელს საგამოცდო სისტემაში, რომელიც აბიტურიენტის აზროვნებას, ზოგად ინტელექტს, ლოგიკის, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანისა და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარს, მის თვალსაწიერსა და მსოფლმხედველობას აჩვენებდა და არა იმას, თუ რამდენად კარგად დაიზეპირა ესა თუ ის ფორმულა ან ლექსი. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სწორედ ეს ერთადერთი, ყველაზე საჭირო გამოცდა ნაკლებად მნიშვნელოვანი და უნივერსიტეტების მხრიდან არჩევითი ხდება, მისი შეფასებით, მცდარია.
„ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ თავად ზოგადი უნარების პედაგოგი ვარ, ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ საგანში რეპეტიტორად მუშაობით მაქვს და ამ გადაწყვეტილებით ეს შემოსავალი საგრძნობლად შემიმცირდება. თუმცა ეს ნამდვილად მოხდება და არც ესაა უმნიშვნელო პრობლემა, რადგან საქართველოში ათასობით ადამიანი ჩემსავით ამ საქმიანობით ირჩენს თავს და მათთვის შემოსავლის წყაროს წართმევა არ მგონია უპრობლემო ამბავი იყოს. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ბევრად დიდ პრობლემად მიმაჩნია ის კურსი, საითკენაც ბატიაშვილის გადაწყვეტილებებს მივყავართ.
„ზოგადი უნარები ჩემთვის იყო ძალიან მარტივი ტესტი იმის დასადგენად, თუ რა ინტელექტუალური რესურსის მქონეა ადამიანი. მე მაგისტრანტობის მსურველებსაც ვამზადებ და აბიტურიენტებსაც. ჩემთან მოსულან „ათოსანი მოსწავლეები“, რომელთაც 12 წლის განმავლობაში ერთი გაკვეთილიც კი არ გამოუტოვებიათ, გადასარევად იცოდნენ ყველა საგანი, მაგრამ, როდესაც ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილზე მიდგებოდა საქმე, აბსოლუტურად, უმწეოები ხდებოდნენ და აქ ჩანდა კარგად მათი განათლების ხარისხი. კერძოდ ის, რომ მათ გადასარევად ჰქონდათ დაზეპირებული ყველა გაკვეთილი, მაგრამ არ შეეძლოთ მიღებული ინფორმაციის გააზრება, „გადახარშვა“, ამაზე მსჯელობა, ქვეტექსტების ამოკითხვა და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, არც შეეძლოთ აზროვნება, ფიქრი, რადგან სკოლაში ამას არ სთხოვდნენ. და პირიქით – მოსულან მოსწავლეები, რომელთაც გაკვეთილების სწავლით თავი არ მოუკლავთ, მაგრამ მათი აზროვნების უნარი იმდენად ფართო, თავისუფალი და მდიდარი ჰქონიათ, რომ გავოცებულვარ. სწორედ ამას ადგენდა უნარები. საკამათო არ უნდა იყოს ის, რომ ამ ორი ტიპის ადამიანებს შორის მეორე კატეგორიის ადამიანები უფრო იმსახურებენ უნივერსიტეტში სწავლას“, – ამბობს ქალბატონი ლალი.
ლელა კენჭაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) უცხო ენის პედაგოგია. იგი მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ამზადებს. ამბობს, რომ მინისტრის ბოლო გადაწყვეტილებებით პირადად მის საქმიანობას არანაირი საფრთხე არ დამუქრებია, ამიტომ მიკერძოებულობას და პირად ინტერესებზე ზრუნვას ვერავინ დააბრალებს. ქალბატონი ლელა ფიქრობს, რომ განათლების მინისტრი „უკუღმა მოქმედებს“. ანუ ებრძვის პრობლემის შედეგებს და არა მიზეზებს.
„რაც უნივერსიტეტი დავასრულე, მას შემდეგ ამ საქმით ვარ დაკავებული. სულ მყავს მოსწავლეები, რომელთაც ინგლისურ ენას ვასწავლი. ამავდროულად ვარ ორი მოსწავლის დედა და, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი რა სიტუაციაა სკოლებში. განათლების მინისტრი ამბობს – გამოცდებს იმიტომ ვაუქმებთ, რომ მოსწავლეები იძულებულები არიან რეპეტიტორებთან იარონ და ეს მათ ოჯახებს ძვირი უჯდებათო. მართალია ეს, ნამდვილად ძვირი ჯდება ამდენ საგანში დამატებით მომზადება. მაგრამ იმას რატომ არ კითხულობს რატომ უწევთ მშობლებს ამდენი ფულის ხდა? სკოლაში გადასარევად ასწავლიან მათ შვილებს, მაგრამ მათ მაინც დამატებით ფულის გადახდა ურჩევნიათ? ეს ხომ სისულელე იქნებოდა? ვერც ერთი საჯარო სკოლა რომ ცოდნას ვერ აძლევს მოსწავლეს, იმიტომ უწევს მშობელს დამატებითი გზები ეძიოს, თორემ ვის ეხალისება ყოველ თვე ასობით ლარის გადახდა? ჩემთან მე-11 და მე-12 კლასელი ბავშვები დადიან, რომლებიც, სანამ ამ გამოცდებს გააუქმებდნენ თითქმის ყველა საგანში ემზადებოდნენ. ერთდროულად 8-10 მასწავლებელთან დადიოდნენ. ეს ნორმალურია? რა თქმა უნდა, არა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია გრაფიკი ისე გაანაწილო, რომ სკოლაში სიარულიც მოასწრო, 8 მასწავლებელთანაც და მერე მეცადინეობისთვისაც დაგრჩეს დრო. ასე რომ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ეს არ იყოს საჭირო, მაგრამ ამას გამოცდების გაუქმებით ვებრძვით?
“რეპეტიტორებს უნდა ვებრძოლოთო, რომ გაიძახიან, ვერ ხვდებიან, რომ რეპეტიტორი პრობლემის შედეგია და არა მიზეზი? რეპეტიტორები რომ არსებობენ, იმიტომ არ არის სკოლაში კარგი სწავლება, თუ სკოლაში კარგი სწავლება რომ არ არის იმიტომ არსებობენ რეპეტიტორები? ახლა ამ ბავშვებმა ერთ დღეს შეწყვიტეს ყველა მასწავლებელთან სიარული, რადგან კატის გამოცდები გაუუქმეს. და რა მოხდება ამით? ეს ბავშვები კლასებს დაუბრუნდებიან და წიგნებში ჩარგავენ თავს? თუკი ასე ჰგონია ბატონ ბატიაშვილს, როგორ მწარედ ცდება. მოხდება ის, რომ თუკი ისინი თუნდაც გამოცდების შიშითა თუ ხათრით რაღაცას მაინც სწავლობდნენ მთელ რიგ საგნებში, ახლა იმ „რაღაცასაც“ აღარ ისწავლიან. იმ არგუმენტზე – რატომ უნდა იცოდეს მაგალითად მუსიკოსმა მათემატიკაო, საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მუსიკოსს უმაღლესი მათემატიკის ცოდნა, ან ქიმია-ფიზიკის მაღალ დონეზე ცოდნა, ბუნებრივია, არ მოეთხოვება, მაგრამ იმ დონეზე, რაც კატის გამოცდებზე იყოს, რატომ არ უნდა იცოდეს? ეს ხომ ელემენტარული დონეა? განათლების მინისტრმა უბრალოდ წაახალისა ბავშვების სიზარმაცე და სკოლებში არსებული უსაქმური გარემო“, – ამბობს ლელა.
ნინო გოგინაშვილი. ქართული ენის პედაგოგი: „თუ განათლების მინისტრის მიზანი ასობით რეპეტიტორის უმუშევრად დარჩენა იყო, მან ამას მიაღწია – ჩემმა კოლეგებმა დაკარგეს მოსწავლეები, მაგალითად ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელია, ერთ დღეში 18 მოსწავლე დაკარგა. მათ ნაწილს მთელი წლის სწავლის საფასური წინასწარ ჰქონდა გადახდილი. მათი მშობლები ახლა პედაგოგისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც ჩემს მეგობარს, რა თქმა უნდა, დახარჯული აქვს. ძალიან რთული და უხერხული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა პრობლემა ეს არაა ნამდვილად. პრობლემა ის კი არ არის, რომ ერთი ან თუნდაც ასი პედაგოგი შემოსავლის გარეშე დარჩა. არამედ ის, რომ მათი მოსწავლეები დარჩნენ თუნდაც ელემენტარული ცოდნის გარეშე. როგორ ფიქრობთ, იმ 18 მოსწავლიდან რომელიმე ამიერიდან ბიოლოგიის წიგნს გადაშლის? თუ არგუმენტი ისაა, რომ მათ ბიოლოგია (ან ნებისმიერი სხვა საგანი) არ სჭირდებათ სამომავლოდ პროფესიაში, მაშინ ვისაუბროთ იმაზე რამდენად საჭიროა ზოგადი განათლება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მინისტრი რეალურ პრობლემებს ემალება და ამგვარი პოპულისტური გადაწყვეტილებებით უბრალოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულის მოგებას ცდილობს. სხვანაირად ვერ ვხსნი მის პოზიციას, რომ თურმე ბავშვებმა გამოცდებისთვის არ უნდა ისწავლონ. მთავარია ისწავლონ და პირადად ჩემთვის მეორეხარისხოვანია ამას რის გამო იზამენ – გამოცდებისათვის თუ სამომავლო ცხოვრებისათვის. 15-16 წლის ასაკში ყველას ვერ მოსთხოვ გააზრებული ჰქონდეს ის, რომ ცოდნა გამოცდისათვის კი არა ცხოვრებისთვისაა საჭირო.“
მანანა მაისურაძე (სახელი და გვარი შეცვლილია). ისტორიის პედაგოგი: „თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ისტორიას ვასწავლი. რეპეტიტორი არ ვარ. მხოლოდ სკოლაში საქმიანობით შემოვიფარგლები. თუმცა, ჩემი აზრი ბოლო სიახლეების მიმართ მკვეთრად უარყოფითია. ერთ დღეში შეიცვალა მოსწავლეების განწყობები, სტიმული. აქამდე იცოდნენ, რომ თუ არ ისწავლიდნენ ეს მათ სამომავლო ცხოვრებას, კარიერას რეალურად შეუშლიდა ხელს, რადგან გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, ატესტატს ვერ აიღებდნენ, შესაბამისად უმაღლესში ვერ ჩააბარებდნენ და ა.შ. ახლა, როცა იციან რომ გამოცდა აღარ აქვთ, სწავლის სურვილი მთლიანად გაუქრათ. ფიქრობენ, რომ ატესტატს მაინც მიიღებენ. მე ვხედავ სტიმულდაკარგულ მოსწავლეებს და ეს არ მომწონს. რა თქმა უნდა, არც იმას ვამბობ, რომ ბავშვები გამოცდების გამო სტრესში იყვნენ, მაგრამ ატესტატის „მუქთად“ დარიგების იდეაც არ მომწონს. ატესტატი ხელწამოსაკრავი დოკუმენტი ხომ არაა? იგი საშუალო განათლების დამადასტურებელი საბუთია, რომელსაც დამსახურება უნდა სჭირდებოდეს. რატომ უნდა მიიღოს განურჩევლად ყველამ?“
პედაგოგებისაგან განსხვავებით, სიახლეებით თავად მოსწავლეები კმაყოფილები არიან. მათი ნაწილი ცვლილებებს ერთგვარი „ფლეშმობით“ გამოეხმაურა – მოსწავლეები ტელეფონის ეკრანზე განათლების მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პორტრეტებს აყენებენ.
ამავე თემაზე:
რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა მასწავლებლებისა და სკოლისთვის?
სკოლის გამოცდების გაუქმება-კორუფციაში დაბრუნება თუ პოზიტიური ცვლილება, რა არის მიზანი?
ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები
მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება