GE

რეპეტიტორის დეტალური რჩევები აბიტურიენტებს გეოგრაფიის გამოცდის წინ – „ყურადღება მიაქციეთ უშუალოდ რუკას“

ავტორი: იოანე მახარაძე, გეოგრაფიის სპეციალისტი, რეპეტიტორი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკიხველისათვის:

უპირველესყოვლისა, აბიტურიენტებისადმი რჩევების მიცემას დავიწყებ პასუხების ფურცლის ნიმუშზე დაყრდნობით. შარშანდელ გამოცდებთან შედარებით, პასუხების ფურცელში რაიმე სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები არ არის, ტესტის დასაწყისში აბიტურიენტებს 30 დახურულ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რომლებიც დაფუძნებული იქნება გეოგრაფიის ფაქტობრივ ცოდნაზე, მონაცემთა ანალიზის უნარზე, გამორიცხვის მეთოდის უნარის სწორად გამოყენებასა და ტოპოგრაფიული რუკის ანალიზზე. წლევანდელ მასწავლებელთა გამოცდებზე გამოყენებული ტესტის გათვალისწინებით, მეტად სავარაუდოა, რომ აბიტურიენტებსაც შეხვდებათ რამდენიმე რუკა ლეგენდასთან ერთად და უნდა ამოიცნონ, თუ რას გვიჩვენებს აღნიშნული რუკები. ამ საკითხს ექნება 4 ვარიანტი. პასუხამდე მარტივად მისასვლელად, აბიტურიენტებს ვურჩევდი აიღონ რამდენიმე ქვეყნის მონაცემი და შეადარონ ერთმანეთს, შემდეგ ამ შედარების საფუძველზე გამორიცხონ ვარიანტები, რაც საბოლოოდ მათ სწორ პასუხამდე მიიყვანს.

გარდა ასეთი ტიპის რუკებისა, აბიტურიენტებს შეიძლება შეხვდეთ ქარის როზეტი, ვარდის ფორმის დიაგრამა, რომელზეც ქარის მიმართულების, ხანგრძლივობისა და სიჩქარის შესახებ დაიტანენ ინფორმაციას. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როზეტზე ქარის სვეტის სიგრძე აღნიშნავს ქარის სიხშირეს, ხოლო ფერები სიძლიერეს, კარგად დააკვირდნენ კითხვა არის ხანგრძლივი ქარის, თუ ძლიერი ქარის შესახებ, რადგან გრძელი სვეტი როზეტზე ყოველთვის არ ნიშნავს ძლიერ ქარს. ასევე, თუ როზეტის ცენტრში მოცემული იქნება პროცენტული მაჩვენებელი, მაგალითად, 50%, ეს ნიშნავს, რომ წელიწადში შემავალი დღეების 50% მშვიდი, ე.ი უქაროა.

ერთქულიანები, სავარაუდოდ დაიწყება ისეთი საკითხებით, როგორებიცაა მასშტაბი, კოორდინატების დადგენა და გეოგრაფიული გარსი.

დახურული კითხვების ნაწილი დასრულდება ტოპოგრაფიული რუკის ანალიზით, რომლიდანაც იქნება ტრადიციული შეკითხვები. აუცილებლად შეგხვდებათ კითხვა ტოპოგრაფიულ რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის სიმაღლის დადგენის შესახებ, ასეთ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჰორიზონტალებს შორის მანძილი უნდა გაითვალისწინოთ, სავარაუდოდ, იქნება ტოპოგრაფიულ რუკაზე აზიმუტის დადგენაც. დიდია ალბათობა, დაგჭირდეთ ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანილი ჰიდროლოგიური ქსელის ნაწილში შეცდომის მოძებნა და ამ შეცდომის გასწორება. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მეტად ყურადღება მდინარის მიმართულებას მიაქციეთ, შესაძლოა მდინარე დაბალი სიმაღლეებიდან მაღალი სიმაღლისკენ მიედინებოდეს, რაც, თავისთავად შეცდომაა.

გეოგრაფიის ტესტის შემდეგი ნაწილი 3-4 ქულიანი ძირითადად ღია საკითხებია სხვადასხვა თემის შესახებ. აქ შეიძლება საკითხი მოვიდეს რომელიმე მოგზაურთან დაკავშირებით, ან ისეთ თანამედროვე მოვლენებთან, როგორებიცაა ისრაელ-ჰამასის ომი ან რუსეთის შეჭრა უკრაინაში. შესაძლოა მოვიდეს ყირიმის, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიას არალეგიტიმური რეფერენდუმები, რადგან მასწავლებელთა გამოცდაზე სწორედ რეფერენდუმების შესახებ იყო საკითხი. ღია კითხვები ასევე შეიძლება მოიცავდეს კლიმატურ სარტყლებს, ბუნებრივ ზონებს, რელიგიებს.

ტესტის ბოლოს აბიტურიენტებმა ყველაზე დიდი საკითხი უნდა დაწერონ, რომელიც მეტად სავარაუდოა, რომ საქართველოს გეოგრაფიის, მისი რომელიმე რეგიონის შესახებ იქნება. ალბათ, არასერიოზულია იმის გარჩევა, თუ რომელი რეგიონი შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აპლიკანტებს დასჭირდებათ რეგიონის ფართობის წილის გამოთვლა ქვეყნის სრულ ფართობში, ან რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის წილის გამოთვლა ქვეყნის სრულ მოსახლეობაში. რეგიონზე მუშაობისას, მათ შეიძლება მოუწიოთ ბუნებრივი მოძრაობის გამოთვლა სიკვდილიანობისა და შობადობის მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

ასევე, აპლიკანტებს კარგად უნდა შეეძლოთ მუშაობა მრეწველობის რუკაზე. სადაც თითოეული მუნიციპალიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სტრუქტურის შესახებ არის ინფორმაცია დატანილი. უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უფრო დიდია წრიული დიაგარამა ზომით, მით უფრო დიდია მუნიციპალიტეტის შემოსავალი მრეწველობიდან, ხოლო რაც უფრო მცირეა დიაგრამა ზომით, შემოსავალიც მით უფრო დაბალია. თუ კითხვა არის მრეწველობის სტრუქტურის მრავალფეროვნების შესახებ, მაშინ სწორი პასუხი ის მუნიციპალიტეტი იქნება, რომლის წრიულ დიაგრამაზეც უფრო მეტი ფერია დატანილი, ხოლო თუ შეკითხვა არის რომელიმე მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის რომელი დარგია წამყვანი, ამ შემთხვევაში ყურადღება არა მრეწველობის დარგების ამსახველ წრიულ დიაგრამას, არამედ უშუალოდ რუკას უნდა მივაქციოთ, რადგან სოფლის მეურნეობის დარგები ფერებით არის დატანილი მუნიციპალიტეტის საზღვრებში.

აბიტურიენტები არ უნდა შეშინდნენ, თუ საკითხში მოცემული კონკრეტული ფოტო არ ეცნობათ. ფოტოში აუცილებლად იქნება ჩადებული ისეთი გეოგრაფიული მინიშნება ან მინიშნებები, რომლებიც მათ სწორ პასუხამდე მაინც მიიყვანს. მაგალითად, თუ რომელიმე ჩანჩქერის, ტბის, მდინარის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის ფოტო მოვა, აბიტურიენტი უნდა დააკვირდეს მის ირგვლივ არსებულ ბუნებრივ ზონას, რომელიც თავისთავად მიანიშნებს 4 პასუხიდან რომელია სწორი.

უშუალოდ ტესტზე მუშაობის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი. ჩემი რეკომენდაციაა, რომ მთელი ტესტის შავ ფურცელზე დაწერას და შემდეგ ერთიანად გადათეთრებას, ჯობია, ის საკითხები, რომლებშიც აპლიკანტი უკვე დარწმუნებულია, პერიოდულად, საკითხის დასრულების შემდეგ გადაიტანოს თეთრ ფურცელზე, რადგან შეამციროს დროის არასწორი მენეჯმენტით გამოწვეული სავალალო შედეგების რისკი.

წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

როგორ გაიგეს თემების თეზისები და როგორ იმსჯელეს აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდაზე – „წელს კარგი თემები მოგვივიდა“

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური