GE

„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. რეპეტიტორიუმისთვის, რომლის ამოქმედებაც 2027-2028 სასწავლო წლიდან იგეგმება, ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ამ სიახლეზე საუბრისას აღნიშნა, ე.წ. რეპეტიტორიუმში მე-11 კლასის მოსწავლეები მისაღები გამოცდებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მოემზადებიან:

„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა. ასევე, მე-11 კლასს რაც შეეხება, რომ უნდა იყოს ერთგვარი მოსამზადებელი შემდეგი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, სწორედ ეს არის მიზანი, რომ შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც იქნება განკუთვნილი სწორედ რეპეტიტორიუმისთვის, მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემაში „უამრავი სერიოზული პრობლემაა“, ზოგადი განათლების რეფორმის სწორად გატარებისთვის კი „ძალიან ბევრი სამუშაოა“ ჩასატარებელი.

„უამრავი რამეა გამოსასწორებელი… ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, როდესაც ახალი მინისტრი დაინიშნა, იყო სწორედ ზოგადი განათლების რეფორმაზე მუშაობა. ეს ვთხოვე მას და ამის საფუძველზე მომზადდა სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფცია. პრობლემები არის უამრავი განათლების სისტემაში, რასაც სჭირდება ეტაპობრივი გადაჭრა. არის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული პროგრამების სტანდარტებთან დაკავშირებით პრობლემები და ამას სჭირდება სისტემური, მუდმივი მუშაობა. პირველ რიგში საჭირო იყო კონცეფცია, სადაც პრობლემები იყო წარმოჩენილი და შემდეგ ამ პრობლემების საპასუხოდ იყო წარმოდგენილი კონკრეტული ინიციატივები. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო ერთი სახელმძღვანელოს იდეა, რასაც მე პირადად პრინციპულად მხარს ვუჭერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

ასევე იხილეთ: 

„თუ სკოლის რეპეტიტორიუმი მოსწავლეებს მხოლოდ საგამოცდო საგნებში მოამზადებს, რა გამოდის – მე-11 კლასში წყვეტენ ზოგადი განათლების მიღებას?“

„წესით, რეპეტიტორიუმი კერძო რეპეტიტორების რეალური ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს“ – მშობლების ხარჯი სკოლიდან სტუდენტობამდე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური