GE

რეზო აფხაზავა: „ბაზარზე მასწავლებლების მოთხოვნა არ არის, კადრების ჩანაცვლების გზები არსებობს“

„თუკი პროფესიაში ახალი კადრების შემოდინება და ცვლა არ ხდება, განვითარება ფერხდება“ – ამგვარად აფასებს განათლების სისტემაში არსებულ სიტუაციას განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების ექსპერტი  რევაზ აფხაზავა და დასძენს, რომ სანამ ეს უპირველესი პრობლემა არ მოგვარდება, მასწავლებლის სპეციალობით ახალგაზრდებს ვერავინ დააინტერესებს.

მისი აზრით, პედაგოგობა საქართველოში ისედაც არაპოპულარულად ითვლება და ჩვენთან საუბრისას სპეციალისტი ამის რამდენიმე მიზეზზეც საუბრობს. გამოსავლად კი აფხაზავას ძველი, ნაკლებკომპეტენტური კადრების სფეროდან უმტკივნეულოდ გაშვება და სკოლებში ახალგაზრდებისათვის ვაკანსიების გამონთავისუფლება ესახება.

–როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში ამ სპეციალობით დაინტერესება?

–რეზო აფხაზავა:  ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით ცნობილია, რომ საქართველოში, ყველა სხვა სფეროსთან შედარებით, განათლების სფეროში დაბალი ხელფასებია. გარდა ამისა, იმის გამო, რომ სკოლებში დიდი რაოდენობით საპენსიო ასაკის მასწავლებლები არიან და ისეთებიც კი, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ ან არ ადასტურებენ, მაინც სკოლებში რჩებიან, ვაკანტური ადგილები არ ჩნდება. 

ამიტომაც, ბაზარზე მასწავლებლების მოთხოვნა არ არის. პროფესიის არჩევისას კი ადამიანები იმას აქცევენ ყურადღებას, თუ რამდენად მოთხოვნადია ბაზარზე ეს პროფესია და რა ანაზღაურებაა. ამ შემთხვევაში ჩვენ არც ერთში გვაქვს დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი და არც მეორეში. ვიცით, რომ ხელფასის მატების კუთხით გარკვეული ცვლილებები იგეგმება, თუმცა თუკი ბაზარზე მოთხოვნა არ გაჩნდა, სტუდენტების დაინტერესებაც დაბალი იქნება.

აქ მესამე ფაქტორიც არის – პროფესიაში შესვლა საკმაოდ რთულ პროცედურებთან და ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც გვეუბნებიან, ახალი სქემით შესვლის გზები გამრავალფეროვნდება და დაინტერესებული ადამიანებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

–როგორ უნდა განთავისუფლდეს სფერო ისე, რომ არც ძველი კადრები დარჩნენ გულდაწყვეტილნი და შეურაცხყოფილნი და ახალი თაობისთვისაც გაჩნდეს ადგილები?

რ.ა: ცნობილია, რომ თუკი პროფესიაში ახალი კადრების შემოდინება და ცვლა არ ხდება, განვითარება ფერხდება.  თუ გვინდა, რომ ამ პროფესიაში როტაცია იყოს, ამის სტიმულირება უნდა მოვახდინოთ. ამის გზა კი რამდენიმენაირია.

ერთის მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც სკოლაში მხოლოდ შემოსავლის წყაროს დაკარგვის შიშით ჩერდებიან, სხვა გზა არ აქვთ და პროფესიას მოჭიდებულები არიან, სოციალური გარანტიები უნდა შევუქმნათ, რათა სკოლა მშვიდად დატოვონ და იქ ბავშვების ინტერესების ხარჯზე არ დარჩნენ. ჩვენი სახელმწიფოსათვის უკეთესი იქნება ცოტა მეტი თანხა გავიღოთ და ამ ადამიანებს სოციალური გარანტიები შევუქმნათ, პროფესიიდან ღირსეულად გავუშვათ და შედეგად სკოლებში ვაკანსიები გამოვანთავისუფლოთ.

მეორეს მხრივ კი დირექტორებს უფრო მეტი ბერკეტი უნდა გააჩნდეთ, რათა მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთ საქმეს არაკეთილსინდისიერად ან არაკვალიფიციურად ასრულებენ, დაემშვიდობონ.

რეალობა ასეთია – ადამიანები, რომლებიც  90-იან წლებში პოლიციელებად მუშაობდნენ, დღეს საპენსიო დანამატს იღებენ. რატო არ შეიძლება იგივე სისტემა მასწავლებლებისთვისაც შეიქმნას? ვერავინ დამაჯერებს, რომ 90-იანი წლების პოლიციელები უკეთეს საქმეს აკეთებდნენ, ვიდრე 90-იანი წლების მასწავლებლები. არადა მათ საპენსიო დანამატი არ აქვთ. რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი? ასეთი დანამატის შემოტანა ამ ადამიანებს ღირსეული სიბერის საშუალებას მისცემდათ და თავიანთ ადგილს მომავალ თაობასაც თამამად დაუთმობდნენ.

–უცხოეთში როგორ ხდება პროფესიის განთავისუფლება?

რ.ა: სხვადასხვანაირი მოდელი არსებობს. დეტალებში განსხვავებაა და პირდაპირ რომელიმე ქვეყნის მოდელის გადმოღება არ გვარგებს. მაშინ ზუსტად იმ ქვეყნისნაირი ეკონომიკა, კულტურა, წარსული და გამოცდილება უნდა გვქონდეს. ამიტომაც ჩვენი მოდელი უნდა შევქმნათ, რომელიც ყველა იმ გარემოებას გაითვალისწინებს, რომელიც ჩვენთანა.

–დაბალი კვალიფიკაცია მასწავლებელთა მთავარი პრობლემა რომაა, ეს არაერთხელ დადასტურდა. რა უნდა იცოდეს და შეეძლოს კვალიფიციურ პედაგოგს?

რ.ა: მასწავლებელი თავის კვალიფიკაციას უნდა ადასტურებდეს როგორც სახელმწიფოს, ისე სკოლის წინაშე. უნდა ჩანდეს, რომ მან საგანიც იცის, პედაგოგიურ მეთოდებსაც  ფლობს და ამ ყველაფერს პრაქტიკაშიც ახორციელებს. შეიძლება ადამიანმა საგანიც იცოდეს, სწავლების თეორიებიც, მაგრამ პრაქტიკაში ამას არ ასრულებდეს. ანუ, სამივე კომპონენტი დადასტურებული უნდა იყოს.

ელემენტარულია ის, რომ ხელშეკრულება უწყდებოდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ, ან ვერ ასრულებენ. ნებისმიერ სფეროში ასე ხდება და რთულია ვინმემ დაგვარწმუნოს, რომ ამ სფეროში ასე არ უნდა იყოს.

თუმცა, სკოლის დირექტორებისათვის რთულია იმის დასაბუთება, რომ ის ადამიანი გაკვეთილს არაკვალიფიციურად ატარებს. ანუ, დირექტორებს არ აქვთ იმის ბერკეტები, რომ დაბალკვალიფიციური მასწავლებლები სამსახურებიდან დაითხოვონ. საკმაოდ შეზღუდულები არიან და  უმეტეს შემთხვევაში პედაგოგები ახერხებენ თავი სასამართლოს წესით აღიდგინონ. შესაბამისად, დირექტორებსაც აღარ აქვთ სურვილი ამხელა პრობლემების წინაშე დადგნენ.

მითუმეტეს, რომ  ამ მოსწავლეების შედეგებზე პასუხისმგებელი არავინაა. ხარისხის განვითარებაზეც პასუხს არავინ არავის თხოვს და სკოლების ხელმძღვანელებიც ზედმეტ თავის ტკივილს ერიდებიან. ამიტომაც, მეტი საშუალება უნდა იყოს იმისათვის, რომ არაკვალიფიციურ კადრებს ხელშეკრულება შეუწყდეთ.

–ანუ, თქვენ ახლა დირექტორებისათვის უფლებამოსილების გაზრდაზე საუბრობთ?

რ.ა: მხოლოდ ამაზე არა. მინიმალური ფორმალური კრიტერიუმები უნდა არსებობდეს, რათა დირექტორს გადაწყვტილებების მიღებისას ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეს. ჩვენი სოციო-კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე მათ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების  დამოუკიდებლად მიღება გაუჭირდებათ.

არც არიან ასეთი გადაწყვეტილებებით დაინტერესებულნი, რადგან  არავინ არ სთხოვთ ანგარიშს იმაზე, თუ როგორი შედეგები ექნებათ მათი სკოლის მოსწავლეებს – მაღალი თუ დაბალი. საბოლოო ჯამში ისიც გაურკვეველი რჩება ამა თუ იმ მოსწავლემ წარმატებას სკოლის ხარჯზე მიაღწია თუ რეპეტიტორის. ამიტომაც არავინ იწუხებს თავს.

–დირექტორებისათვის მეტი უფლების მინიჭების შემდეგ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სუბიექტური გადაწყვეტილებები და თუნდაც ნეპოტიზმი?

რ.ა: მხოლოდ დირექტორების ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ფორმალური კრიტერიუმები უნდა არსებობდეს, რომელთაც მასწავლებელი უნდა ადასტურებდეს სახელმწიფოსა და სკოლის წინაშე. ეს უკვე მენეჯმენტის საკითხია.

რომელიმე სამსახური წარმოგიდგენიათ, სადაც ადამიანები არ მუშაობენ და ხელფასს იღებენ? ეს ხომ წარმოუდგენელია და სკოლა რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ადგილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება -ჩვენი მომავალი ფორმირდება. აქ დავუშვათ ყველაფერზე გამონაკლისი?

–გარდა გამოცდისა, რითი უნდა მოწმდებოდეს მასწავლებლის კომპეტენცია?

რ.ა: ის, რომ მასწავლებელმა საგანი უნდა იცოდეს,  ერთმნიშვნელოვანია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ისაა, რომ მასწავლებლები აუცილებლად თავიანთი საქმიანობის მიხედვით უნდა ფასდებოდნენ. მთავარია, თუ როგორ ახორციელებს პედაგოგი პროცესს. ამაში საგაკვეთილო დაკვირვებები იგულისხმება – როგორც შიდა სასკოლო, ისე გარე დაკვირვებები. ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოში აპრობირებულია.

რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური