GE

„როცა ბავშვს სწავლა უნდა, ვერ ეტყვი, ვერ გასწავლიო“ – აბიტურიენტების მშობლები იმერეთიდან შვილების სტუდენტობაზე

სტუდენტობა რეპეტიტორით თუ რეპეტიტორის გარეშე? – ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, ეს კითხვა ყოველ წელს აქტუალური ხდება. ვინ რამდენ ხანს ემზადება დამოუკიდებლად თუ დამატებით მასწავლებელთან, დიდწილად განსაზღვრავს აბიტიურიენტების შედეგებს. EDU.ARIS.GE-მ თემაზე ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში მისული გულშემატკივრებისა და თავად აბიტურიენტების პოზიციებიც მოისმინა.

აბიტურიენტი მარიამ ხანთაძე ერთ-ერთია, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით სტუდენტობა არ გამოდის და მოსწავლეებს რეპეტიტორი მაინც სჭირდებათ. თავად მას მოსამზადებლად 10 თვე დასჭირდა.

„სკოლის პროგრამა დამეხმარა, თუმცა მასწავლებელმა დამატებით იმდენი რამ გვამეცადინა, გამოცდა რეპეტიტორის დავალებებზე ადვილი აღმოჩნდა. დამატებითი საკითხავები აუცილებელია, მხოლოდ სკოლის პროგრამა საკმარისი არ არის“, – იხსენებდა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებიდან გამოსული გამოსაცდელი.

სტუდენტობისთვის ერთი წლით ადრე მეთერთმეტეკლასელებიც ემზადებიან. წელს მათი რიცხვი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებით დიდია. ამბობენ, რომ რეპეტიტორი მათაც სჭირდებათ, თუმცა თვლიან, თუ საკუთარ თავზე იმუშავებენ, შესაძლოა მასწავლებელთან მომზადება ნაკლები დროით დასჭირდეთ.

„ჯერ დიდი ხანი არ არის, რაც ვემზადები, დაახლოებით 3-4 თვეა, მაგრამ წელს რომ ვაბარებდე, ალბათ ჩავირიცხებოდი. ვფიქრობ, ზედმეტ ძალისხმევას არ საჭიროებს მომზადება თუ კითხვა და მეცადინეობა გიყვარს. კარგია, რომ მეთერთმეტე კლასში გამოცდაზე წინასწარ გასვლის საშუალება გვეძლევა“, – გვითხრა მარიამ ბუცხრიკიძემ.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველი შვილების ბედნიერი სახეების ნახვა მშობლებს ძვირი უჯდებათ და ამაზე საუბარს ქუთაისის ყველა საგამოცდო ცენტრთან მოკრავთ ყურს:

„სკოლის დონით გამოცდებს ვერავინ აბარებს. ყველას მომზადება სჭირდება და საშუალოდ ერთი საგანი 500 დოლარი მაინც ჯდება. ვინც სამ საგანში ემზადება, ძალიან დიდი ხარჯია. თუ ოჯახში 2 აბიტურიენტია, მით უარესი. სასურველი იქნებოდა არ ყოფილიყო ასე…“.

მშობლებთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ შვილის მხარდაჭერა და მისი მომავლისთვის ზრუნვა, ყველა ხარჯს ავიწყებთ.

„მესამე შვილი აბარებს ეროვნულ გამოცდებს და აბიტურიენტობა ძალიან ხარჯიანია. როცა ბავშვი ამბობს, რომ სწავლა უნდა, ვერ ეტყვი – ვერ გასწავლი. ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – გვითხრა მშობელმა ხარაგულიდან, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა და აბიტურიენტობის პერიოდის რთული ნაწილის შესახებ ემოცია ისე გაგვიზიარა.

მაკა შარაშენიძე 3 შვილის დედაა და 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უფროს შვილს გულშემატკივრობს. ამბობს, რომ ხარჯებზე მეტად, მისთვისაც შვილის სტუდენტობაა არსებითი. კონკრეტული თანხების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ამბობს, რომ აბიტურირნტის მშობლობა, ფინანსური თვალსაზრისით, მარტივი არ არის.

„ფინანსურად რთულია, მაგრამ რა უნდა ქნა, ხომ უნდა მოამზადო?! წინსვლა ხომ უნდა ბავშვს აუცილებლად. სამ საგანში ემზადებოდა ჩემი შვილი 2 წელი და თანხა, რაც ყველგან ღირს, იმას ვიხდიდით ჩვენც. მთავარია, რომ სწავლის სურვილი პირველი კლასიდან ჰქონდა და მხარს ვუჭერთ. უმცროსები ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, ჯერ არ უწევთ აბიტურიენტობა, მაგრამ მათაც გვერდით დავუდგებით“, – ამბობს ქალბატონი მაკა.

მაია ცერცვაძე კი ეროვნულ გამოცდებზე უკვე მეორე შვილს გულშემატკივრობს. უფროსი გოგონა უკვე მეორე კურსზე ჰყავს და ოჯახი ახლა უკვე ბიჭის სტუდენტობას ელის:

„მშობელი ნუ იქნება დაზაფრული და ბავშვიც არ დაიზაფრება. არ ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვიხარჯები. რაც უნდა გაიღოს მშობელმა, ის გავიღე. ჩემი შვილის იმედი მაქვს და არ ვნერვიულობ“.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების აზრი წლიდან-წლამდე აბიტურიენტების მოსამზადებლად გაზრდილ ფინანსურ ხარჯზე არ იცვლება, იცვლება სტუდენტობის მსურველთა რაოდენობა. თუ 2022 წელს რეგისტრირებულთა რაოდენობა 41 ათასზე მეტი იყო, 2023 წელს 45 ათასზე მეტი დარეგისტრირდა, 2024 წელს კი 47 ათასზე მეტი, მათ შორის მეთერთმეტე კლასელები არიან რეგისტრირებული. მშობლები იმედოვნებენ, რომ შვილების მონდომება და მათ მიერ გაწეული ხარჯი ტყუილად არ ჩაივლის და მათ უკეთესი მომავალი ელოდებათ.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური