GE

როდის დაიწყება 2021 წლის საზაფხულო არდადეგები მოსწავლეებისთვის კლასების მიხედვით – კალენდარი

2020-2021 სასწავლო წელი, უკვე მეორე სასწავლო წელი პანდემიის პირობებში, დასასრულს უახლოვდება და მკითხველთა მრავალი კითხვის პასუხად, EDU.ARIS.GE-მ 14 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები გადაამოწმა. ჩვენ გავარკვიეთ, როგორია არდადეგების დაწყების ვადები სკოლის მოსწავლეებისთვის კლასების მიხედვით.

სასწავლო წლის დაწყების და დასრულების ვადები განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. დღეს მოქმედი დოკუმენტით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი.

იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი.

როგორც განათლების სამინისტროში დაგვიდასტურეს, პირველკლასელები სწავლას 27 მაისს დაასრულებენ, მეთორმეტეკლასელები – 20 მაისს, ყველა დანარჩენი კლასი კი – 15 ივნისს.

თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს (2021 წელს ეს ასე არ არის ავტ.), სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

მოსწავლეები 15 სექტემბრამდე დაისვენებენ. თუმცა აბიტურიენტებს დასვენებამდე წინ მისაღები გამოცდების ციებ-ცხელება ელით.

სასწავლო წლის დასრულებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ჯერ კიდევ ღია რჩება კითხვა, როდის მიიღებენ წარჩინებული მაღალკლასელები კომპიუტერებს, რასაც ჯერ კიდევ შემოდგომიდან ელიან.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებისა და დასრულების ვადებს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

როგორ ემზადება პანდემიის მეორე გამოშვება სკოლის დამთავრებისთვის – 2021 წლის კურსდამთავრებულები VS კოვიდ-19

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური