GE

როდის უნდა გამოვიყენოთ ორმაგი უარყოფა წინადადებაში?

როდის უნდა გამოვიყენოთ ორმაგი უარყოფა? რუბრიკაში გრამატიკულ ცნობარში“ დღეს ამ საკითხს მიმოვიხილავთ:

რაიმეს უარსაყოფად წინადადებაში, როგორც წესი, ვიყენებთ ხოლმე უარყოფით ნაწილაკებს და მათგან მიღებულ უარყოფით ნაცვალსახელებს და ზმნიზედებს. უარყოფა შეიძლება იყოს ცალმაგი და ორმაგი.

თუ წინადადებაში წარმოდგენილია მხოლოდ უარყოფითი ნაწილაკები ან ნაცვალსახელები და ზმნიზედები(არავინ, ვერავინ, ნურავინ, არ, ნუ, ვერსად…), უარყოფა ცალმაგია:

არავის დაგვინახავს

ნურავინ იყვირებს

არ გამოხვიდე და ა.შ.

თუ უარყოფის გასაძლიერებლად გამოყენებულია უარყოფითი ნაწილაკები: არ, ვერ, ნუ (არავინ არ, ვერავინ ვერ, ნურაფერი ნუ…) ასეთ უარყოფას ორმაგი ჰქვია. ორმაგი უარყოფის ნიმუშებია:

არავინაც არ გამოჩენილა

ნურავინ ნუ იყვირებს

არასდროს არ გამოხვიდე და ა.შ.

უკუთქმით წინადადებაში უარყოფის გამოსახატავად ცალმაგი და ორმაგი უარყოფის ურთიერთმონაცვლეობა თავისუფალია და სტილისტიკის სფეროს განეკუთვნება.

ეს ნიშნავს, რომ მთქმელს საკუთარი განწყობის (ემოციის, დამოკიდებულების…) ხაზგასასმელად შეუძლია გამოიყენოს ერთმაგი  უარყოფა, თუმცა ასევე დასაშვებია ორმაგი უარყოფაც:

არასდროს აღარ დავბრუნდები იქ // არასდროს დავბრუნდები იქ

არსებობს რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როცა ორმაგი უარყოფის გამოყენება სავალდებულოა:

ორმაგი უარყოფა აუცილებელია მაშინ, როცა:

  1. უარყოფითი ნაცვალსახელი თუ ზმნიზედა დაირთავს ნაწილაკს -ც(ა)

ვერსადაც ვერ წახვალ

არაფერსაც არ გეტყვი

არსადაც არ გიშვებ

  1. როცა უარყოფითი ნაცვალსახელი თუ ზმნიზედა გათიშულია უარყოფითი ნაწილაკისგან

ვერავინ თურმე ვერ გაგიშვებს

არსად ისე არ მექცევიან

  1. როცა უარყოფითნაწილაკიანი სიტყვა მსაზღვრელ წევრს წარმოადგენს

არავითარი წესი არ ჰქონდა შემუშავებული

ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა

  1. თუ ძირითადი წევრის უარყოფითობას გამოხატავს არც, ვერც, ნურც ნაწილაკები:

არც მას არ აღმოაჩნდა

ვერც ერთი ვერ გაიხსენა

არც ერთი დღე არ ახსოვდა

არასწორია
არც მას აღმოაჩნდა
არანაირი გავლენა მოახდინა
არსად ისე მღერიან
არსადაც წახვალ
არაფერს განსაკუთრებულს ვამბობ

სწორია

არც მას არ აღმოაჩნდა
არანაირი გავლენა არ მოახდინა
არსად ისე არ მღერიან
არსადაც არ წახვალ
არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური