GE

როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლის აკადემიური მოსწრება?

ჩვეულებრივ ბავშვები, რომლებსაც უყვართ სკოლა, მშვენივრად ართმევენ თავს საგნების უმრავლესობას. ეს პრინციპი მუშაობს უკუმიმართულებითაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ბავშვის შეფასებები იზრდება, უკეთესობისკენ იცვლება აგრეთვე მისი დამოკიდებულება სკოლისადმი. ბავშვში ენთუზიაზმის ნაკლებობა და ცუდი ნიშნები შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმით, რომ სასკოლო პროგრამა ზედმეტად რთულია მისთვის და ის უბრალოდ ვერ ეწევა მას.

ყველა ბავშვი იბადება ინდივიდუალური აზროვნებითა და ათვისების უნარით. ადამიანის ტვინი სხვადასხვანაირად ამუშავებს ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება მას გარესამყაროსგან. შესაძლებელია იმას, რასაც ერთი ბავშვი რამოდენიმე წუთში გაათვითცნობიერებს, მეორე ბავშვმა მოანდომოს რამოდენიმე საათი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ან მეორე ცუდად აზროვნებს. უბრალოდ, მეორე შემთხვევაში, ადამიანს სჭირდება ცოტა მეტი დრო შესწავლისთვის.

შესწავლის მეთოდები

ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ვიზუალური მეხსიერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უკეთესად ამუშავებენ მხედველობით ინფორმაციას. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ მარტივად გადმოსცენ ის, რაც თავად დაინახეს. ბავშვები კარგად იმახსოვრებენ სასწავლო მასალას, რომელიც გაფორმებულია ლამაზი გრაფიკით, ნახატებით, დიაგრამებით, ხოლო მთავარი პუნქტები გამოყოფილია მხვილი შრიფტით.
სხვა ბავშვებს კი აქვთ სმენითი მეხსიერება. ამიტომ ისინი გაცილებით უკეთ ითვისებენ ინფორმაციას, რომელიც მოისმინეს. ხშირად იმისათვის, რომ დაიმახსოვრონ ინფორმაცია მათ სჭირდებათ მისი გამეორება ხმამაღლა ან უხმოდ. სასწავლო მასალის უკეთესად ათვისების მიზნით მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა განიხილონ ისინი ასეთ ბავშვებთან.
სწორედ ამიტომ, როდესაც ვამეცადინებთ ბავშვს სახლსა თუ სკოლაში, უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება ის და შესაბამისად მოვძებნოთ ინფორმაციის მიწოდების მეთოდები. თუ სკოლაში გამოიყენება მეთოდები, რომლებიც არ მიესადაგება ბავშვს, ამის გამო ის შეიძლება კატასტროფულად ჩამორჩეს სწავლის პროცესს. ამიტომ მშობლებს მოუწევთ სასკოლო მეცადინეობის შემდეგ, სახლში, დამოუკიდებლად ბავშვთან ერთად გაიმეორონ განვილილი მასალა, უკვე შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.

სკოლის გარემო

ზოგადად ბავშვის შეფასება დამოკიდებულია არამარტო მის გონებაზე, არამედ სკოლის გარემოცვაზეც, მის ურთიერთობაზე კლასელებთან და მასწავლებლებთან. თუკი ბავშვს არ უყვარს სკოლა, ეს შეიძლება მიანიშნებდეს რაიმე სტრესსა ან კონფლიქტზე. საჭიროა ვეცადოთ, რომ ბავშვი იყოს გულახდილი. თუკი ბავშვი ნამდვილად გრძნობს თავს არაკომფორტულად რომელიმე მასწავლებელთან ან თანატოლთან შეეცადეთ ერთად განიხილოთ ეს საკითხი სახლში. გაარკვიეთ წარმოქმნილი კონფლიქტის ძირითადი მიზეზები და, ასევე, მოძებნეთ მათი გადაჭრის გზები.

სიტუაცია ბავშვის გარშემო

როგორც ცნობილია ჩვენი ყურადღების კონცენტრაციის უნარი გამოიხატება სხვადასხვაგვარად ამა თუ იმ სიტუაციაში. კარგ გარემოში გონებრივი საქმიანობის შესაძლებლობა გაცილებით იზრდება.
ბევრი ბავშვის შრომისუნარიანობა მაღლდება წყნარ და მშვიდ გარემოში, ზოგმა ბავშვმა შეიძლება უპირატესობა განსხვავებულ გარემოს მიანიჭოს. ზოგიერთი ინფორმაციის ათვისებას ყველაზე უკეთ სუფთა ჰაერზე ყოფნისას ან მუსიკის მოსმენისას ახერხებს. გაარკვიეთ, როგორ გარემოში გრძნობს თქვენი ბავშვი ყველაზე კარგად თავს.

წახემსება

შეგიმჩნევიათ, რომ რაიმე სერიზოული საქმის კეთებისას გინდებათ ფინჯანი ყავა ან რაიმე გემრიელის ჭამა? დიახ, ეს ბევრს შველის კონცენტრაცია მოახდინოს შესასრულებელ სამუშაოზე. ზოგი ადამიანი კი პირიქით, მსუბუქმა წახემსებამ შეიძლება მოაცდინოს კიდეც… ჩაატარეთ ექსპერიმენტი, გაარკვიეთ მსუბუქად წახემსება მეცადინეობის დროს ხელს უწყობს თუ, პირიქით, ხელს უშლის თქვენს ბავშვს.
და რაც მთავარია, არ დაგავიწდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვიბადებით ჩვენი ჩვევებით, ხასიათით და არჩევანით. ამიტომ, თუკი თქვენი ბავშვი გამოირჩევა სხვებისგან და ის არ გახდა წარჩინებული მოსწავლე, არ ღირს უსაყვედუროთ. ამის მაგივრად დააკვირდით, შეეცადეთ გაარკვიოთ როგორ უფრო უადვილდება მას ამა თუ იმ ინფორმაციის გაგება. მიუდექით მის სწავლას შემოქმედებითად!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური