GE

როგორ ჩავრთოთ პასიური მშობელი სასკოლო ცხოვრებაში და რას გულისხმობს სწორი ჩართულობა

სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო ურთიერთობა ხელს უწყობს, მოსწავლის სწრაფ განვითარებასა და პოზიტიურ აკადემიკურ მოსწრებას. პედაგოგები ამის შესახებ ხშირად საუბრობებენ და მშობლებს მოუწოდებენ, არა მხოლოდ შვილის მეცადინეობის პროცესში იყვნენ ჩართულნი, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც აქტიურად ჩაერთონ.

EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია არსებობს თუ არა ეფექტური ხერხები, რომლითაც ყველაზე პასიურ მშობელსაც სასკოლო ცხოვრებაში ჩავრთავთ, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ გამოცდილ დამრიგებელს, ნათია ფელიშვილს.

– ქალბატონო ნათია, პირველ რიგში, განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რას გულისხმობს მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა?

– მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ნიშნავს შემდეგს:

  1. მშობლის მრავალმხრივ და ინტენსიურ მონაწილეობს საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში – ერთიანდება მშობელი და მასწავლებელი, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეუწყოს ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. ამ დროს, მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, თვითშეფასება, უვითარდება სოციალური უნარები;
  2. მშობელი ეხმარება მასწავლებელს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ, რაც აძლევს საშუალებას, რომ სწავლის პროცესი მოსწავლეს მოარგოს და ამით უკეთეს შედეგს მიაღწიოს. ეს ინფორმაცია შეიძლება, იყოს მაგალიტად როგორი დასწავლის უნარი აქვს მოსწავლეს, როდის უადვილდება სწავლა, როგორ ართმევს თავს დავალებებს, რამდენად დამოუკიდებელია;
  3. მშობლებს შეუძლიათ, დამრიგებელთან ერთად დაგეგმონ გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები, მუზეუმებსა და თეატრში სტუმრობა, ხელი შეუწყონ საკლასო პროექტის წარმატებით განხორციელებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  4. მშობელი ჩართულია სასკოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათ შესაძლებლობა აქვთ სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ და ამ გზით მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

– როდის ვამბობთ, რომ მშობელი პასიურია?

– ყველა ის საკითხი, რაც ზემოთ ვახსენე მნიშვნელოვანია, როცა ამას არ აკეთებს მშობელი, მაშინ ის პასიურია. პასიურობის მაგალითია ისიც, როდესაც მშობელი  დაკავებულია და ვერ ახერხებს მშობელთა კრებაზე მოსვლას. ასეთ შემთხვევაში დამრიგებელი საკუთარი ინიციატივით, სატელეფონო საუბრით ან მიმოწერით ახერხებს მასთან კომუნიკაციას.

პასიურობაა, როცა თვეების მანძილზე მშობელი არ კითხულობს შვილის განვითარების ამბავს, არ ეკონტაქტება დამრიგებელს. მაშინ მოსწავლესაც  უჩნდება გარკვეული პრობლემები, რაც შემდგომში შეიძლება, უფრო გართულდეს. ბავშვები იმდენად დიდ დროს ატარებენ სკოლაში, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება იქ, როგორ ქცევას ავლენს ბავშვი ოჯახისგან განსხვავებულ გარემოში.

პასიურობაა, როდესაც მშობელი არ იცნობს მასწავლებლებს, არ დადის მშობელთა კრებაზე, არ ესწრება სასკოლო ღონისძიებებს.

– რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დამრიგებლები, როცა მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას გეგმავენ?

– ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დამრიგებლის მოვალეობაა, კონტაქტი ჰქონდეს მოსწავლის მშობელთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პრობლემების და მოსწავლის დაბალი აკადემიური მოსწრების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ამიტომაც არიდებენ თავს სკოლასთან ურთიერთობას, მათ გამოსწორების გზები კი არ უნდა მოვახვიოთ თავს, არამედ ვეცადოთ, მათთან ერთად დავგეგმოთ.  მხოლოდ მოთხოვნები და ნეგატიური ამბები მათ აფრთხობთ და უფრო აშორებთ სკოლას. ვიყოთ გაწონასწორებულები, დაბალანსებულად აღვნიშნოთ მოსწავლის სულ მცირედი მიღწევაც  კი და ე.წ. “სენდვიჩის მეთოდით” მივაწოდოთ ინფორმაცია.

– ვინ უნდა იყოს ჩართული მშობლის სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის პროცესში, ეს მხოლოდ დამრიგებლის ფუნქციაა?

– პროცესში მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება სკოლაზე, ამდიდრებს მის კულტურას. სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებულია მშობელთან აქტიურ თანამშრომლობით. სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ოჯახი – ეს, ის გუნდია, რომელთა შეთანხმებული მოქმედებებიც ზრდის მოსწავლის არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ ეხმარება მის პიროვნულ ზრდას და აქტიურ მოქალაქედ ჩამოაყალიბების პროცესს. ამ პროცესში კი, დიდი როლი ეკისრება სასკოლო საზოგადოებას და დირექტორსაც.

– როგორ ჩავრთოთ მშობელი სასკოლო ცხოვრებაში?

– დავიწყოთ მშობელთა კრებით. დამრიგებელს შეუძლია, შესთავაზოს მშობლებს იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებასაც აპირებს სასწავლო წლის მანძილზე და სთხოვოს, აღნიშნონ თუ ვის რომელ საკითხში შეუძლია დახმარება. (მისცეს მათ საშუალება, თავად აირჩიონ და არ დააყენოს ფაქტის წინაშე, რასაც ხშირად უკუეფექტი შეიძლება მოჰყვეს);

მეორე ეს არის, რომ დამრიგებელმა მშობელს მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობის შესახებ ინფორმაცია გარკვეული სიხშირით გაუზიაროს. ინდივიდუალურად განიხილოს ცალკეული საკითხები;

კარგი მიდგომაა, რომ ჩართოს, დაიხმაროს მშობლები კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობსი პროცესში. გადააბაროს მათ პასუხისმგებლობები და ორგანიზება ეს მშობელს უჩენს მოტივაციას, წარმატებით  განახორციელონ დაკისრებული მოვალეობა და მეტად იყვნენ ჩართულნი შვილის სასკოლო ცხოვრებაში. ხშირად, მათ საუკეთესო იდეები აქვთ საკლასო სივრცის გაფორმების და ექსკურსიის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებისთვის;

და კიდევ ერთი, მშობლებმა შვილის წიგნიერების განვითარების მიზნით, იკითხონ წიგნები შვილთან ერთად, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებსაც უყვართ კითხვა და შვილებთან ერთად არიან ჩართულნი კითხვის აქტივობაში, ერთად არჩევენ წიგნს, ამდიდრებენ ბიბლიოთეკას.

ასევე იხილეთ:

როგორ ვესაუბროთ თინეიჯერს – სპეციალისტი მასწავლებლებს მიმართავს

როგორი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული მოსწავლეთა ზეპირი გამოკითხვა – ინსტრუქცია კოლეგებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური